სტატიები

“უნდა გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები” – ვინ რა განაცხადა კირბალში მომხდარზე 

6 ნოემბრის საღამოდან ოკუპაციისა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები კვლავ დაბრუნდა დღის წესრგიში. გუშინდელი დღის შემდეგ, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე აქტიურად საუბრობენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ისინი თანხმდებიან, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ქართული საგუშაგოების გაუქმება არასწორი ნაბიჯი იყო და მხოლოდ სოფლის შესასვლელებში არსებული საგუშაგოები, მოსახლეობის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. 

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმრისა და თანადგომის გამოსახატად დღეს ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. 

“უნდა გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები“, – ეს იყო საერთო მოსაზრება, რაც კირბალში ჩასულმა პოლიტიკოსებმა გააჟღერეს. 

“ხალხი არის შეშინებული და დამფრთხალი. აქ უნდა იყოს ქართული საგუშაგოები, ქართული ჯარი უნდა იდგეს, რომელსაც იმის უნარი ექნება შეაკაოს ოკუპანტი”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

სწორი პოლიტიკისა და დეოკუპაციის სტრატეგიის არარსებობას გაუსვა ხაზი თეონა აქუბარდიამ. მისი აზრით, სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის რომ მკვლელები დაისაჯონ. 

“პოლიტიკოსების მსჯელობის საგანი უნდა იყოს ამ პოლიტიკის შექმნა და არა ერთმანეთის მიმართ თითის გაშვერა, რასაც დღეს ვხედავთ. ყველა უნდა ვიყოთ ერთიანები, რომ გავუმკლავდეთ რუსულ ოკუპაციას, რომელიც არის განგრძობითი პროცესი და რომელზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ”, – განაცხადა აქუბარდიამ.

გინტურების ოჯახში სამძიმრის სათქმელად მივიდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, თუმცა მან ადგილი უკომენტაროდ დატოვა. მანამდე კი, ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს იმ ქმედებებს, რასაც საუკუნეების განმავლობაში აკეთებდა. 

“არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება, ჩვენ ტერიტორიაზე. ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი” პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების მანძილზე, ვუყურებთ უცვლელად რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, რომ ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

სამძიმრის სათქმელად იმყოფებოდნენ ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

“ქართული ოცნების” წევრი გორის საკრებულოში, კობა ბერიანიძე ფიქრობს, რომ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების დაცვა, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომის გარეშე შეუძლებელია. 

“მოგეხსენებათ, რომ სოფელი კირბალი შუაზეა გაყოფილი და ნახევარს რუსი ოკუპანტი აკონტროლებს და გვინდა არ გვინდა ეს პრობლემა ყოველთვის დგას. როგორ უნდა დავიცვათ საოკუპაციო ხაზი? დაცულია იმ შემთხვევაში, რომ ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების გვერდით დგომა უნდა იყოს გააქტიურებული და ყველა ჩართული უნდა იყოს, რომ ასეთი ფაქტი აღარ განმეორდეს”, – განაცხადა ბერიანიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ნოემბერს კირბლის მიმდებარედ, სალოცავში ასულ ადგილობრივებს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. ოკუპანტების ტყვიამ ადგილობრივი თამაზ გინტური იმსხვერპლა. მას რამდენიმე ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა. რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ ლევან დოთიაშვილს, ის ოკუპანტებმა გაიტაცეს და სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. 

ამავე თემაზე: “სოფელში ხალხი დაძაბული და შეშინებულია” – ვითარება კირბალში

კირბლის მიმდებრედ რუსმა ოკუპანტებმა გატაცების მცდელობისას, ადგილობრივი მოკლეს 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.