სტატიები

ქალები და სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა – რა და რატომ უნდა შეიცვალოს?

მერვე წელია, გორში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეთა საპროექტო განაცხადებების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა. პროგრამის დაფინანსება დაახლოებით 3 მილიონი ლარია.

მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა განხორციელება არ სცილდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, არ აღემატება კონკრეტული ტერიტორიული ერთეულისთვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხას და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას. მათ შორის: ინფრასტრუქტურული, ახალგაზრდული, საგანმანათლებლო,  კულტურული,  სოციალური,  სპორტული“, – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების წესში. 

| “პროგრამაში ქალთა მონაწილეობის საკითხი წესში არ არის დარეგულირებული”.

საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში იქმნება წარმომადგენლობითი საბჭოები, რომლებიც მოქალაქეთა საპროექტო განაცხადებებს, დაფინანსების მოპოვების მიზნით, სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს წარუდგენენ. 

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამაში წარდგენილი განაცხადების შერჩევისას ადგილზე, თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ყალიბდება/იქმნება „წარმომადგენლობით საბჭო“, საბჭო იღებს პასუხისმგებლობას შეარჩიოს საპროექტო ინიციატივები და წარუდგინოს შერჩეული ინიციატივები სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭო უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან, მაგრამ არაფერია ნათქვამი წესში, როგორი უნდა იყოს გენდერული ბალანსი წევრებს შორის“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი და საჯარო მმართველობის ექსპერტი მარტა ბიბილაშვილი. 

მისი თქმით, წარმომადგენლობით საბჭოში ქალთა მონაწილეობა ხელს შეუწყობდა გამოყოფილი თანხის გენდერულ ბიუჯეტირებას. 

“წარმომადგენლობით საბჭოში ქალთა მონაწილეობა უზრუნველყოფდა ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომელიც მიმართული იქნებოდა ჯანდაცვის, განათლების და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების ჭრილშიც კი.”

| “ბიუჯეტის დაგეგმვა-განაწილების პროცესში მნიშვნელოვანია გენდერული ბიუჯეტირების მითოლოგიის გამოყენება”

გენდერული ბიუჯეტირების, როგორც მეთოდოლოგიის, მიზანია, რომ ბიუჯეტი დაიგეგმოს და დაიხარჯოს გენდერული ანალიზის საფუძველზე.

ეს პროცესი გულისხმობს ბიუჯეტის გენდერულ შეფასებას საბიუჯეტო პროცესის ყველა დონეზე, რათა ხელი შეეწყოს გენდერულ თანასწორობის მიღწევას“, – ამბობს მარიამ თოფჩიშვილი, “ახალგაზრდა ფემინისტების” დამფუძნებელი. 

თოფჩიშვილის თქმით, ქალების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის – გადანაწილების პროცესში, გენდერული ბიუჯეტირების, ერთ-ერთი მახასიათებელია და მნიშვნელოვანია, რომ ეს უზრუნველყოფილი იყოს ისეთ პროგრამაშიც, როგორიც სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამაა.

გენდერული ბიუჯეტირება არ ნიშნავს ქალებისთვის ცალკე ბიუჯეტის გამოყოფას. ამ მეთოლოგიის მიზანი ისა, რომ ყველა პროგრამა დაიგეგმოს ისე, რომ მათში გათვალისწინებული იყვნენ ქალებიც, მათი საჭიროებები და მათი წვდომის შესაძლებლობა ამ საბიუჯეტო სახსრებზე“, – აღნიშნავს თოფჩიშვილი. 

| საჭიროა, რომ “სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა” უზრუნველყოფდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობას”

პროგრამის ფარგლებში შექმნილ საბჭოებში ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფას საჭიროდ მიიჩნევს “სამოქალაქო საზოგადოების ინტიტუტის” გორის ოფისის ხელმძღვანელი დაკო მურადაშვილი, რომელიც ამავდროულად გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრიც არის. 

მისი თქმით, საბჭოებში ქალების ყოფნა ერთ-ერთი მექანიზმია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად.  

მიუხედავად იმისა,რომ პროგრამა პირდაპირ ემსახურება მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ცალკე ქალთა ჩართულობის მიმართულებით აქცენტები არ კეთდება. სასურველი იქნება პროგრამის ფორმირებისას ეს ფაქტორი თუ იქნება გათვალისწინებული“, – აღნიშნავს მურადაშვილი. 

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების წესი უნდა დაიხვეწოს. კერძოდ კი, უნდა დაემატოს ჩანაწერი, რომელიც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დაგეგმვის პროცესში ქალთა ჩართულობის გარანტიას შექმნის. 


მასალა მომზადდა პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” ახორციელებს “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.