სტატიები

როგორ მუშაობს სკოლის თვითმმართველობა – პრობლემები და გამოწვევები გორელი მოსწავლეებისთვის

ავტორი: გიორგი დვალიშვილი

განვითარების და საკუთარი იდეების განხორცეიელების რა შესაძლებლობები არსებობს სასკოლო სივრცეში ახალგაზრდებისთვის – ამ კითხვაზე პასუხად მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლის თვითმმართველობას ასახელებს.

რა არის სკოლის თვითმმართველობა?

საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლის ერთ-ერთი მმართველი რგოლია, რომლის ფუნქციებშიც შედის:

  • რეკომენდაციების შემუშავება სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
  • უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით;
  • ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში და სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
  • წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით, ქმნის სასკოლო კლუბებს.

“საჭიროა სასკოლო თვითმმართველობების მეტად გააქტიურება” – რისი შეცვლა სურთ გორელ ახალგაზრდებს?

გორელი მოსწავლეების აზრით, სკოლის თვითმმართველობები ახლო წარსულთან შედარებით, მეტად გააქტიურებულია, თუმცა პრობლემები და გამოწვევები მაინც არსებობს. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ მოსწავლეების გარკვეული ნაწილი ვერ იაზრებს, თუ რა ბერკეტს და შესაძლებლობებს სთავაზობს მათ სკოლაში თვითმმართველობის არსებობა. გამოსავალი კი, მათი აზრით, არის ცნობიერების ამაღლება, რაზეც სკოლის დირექციამ უნდა იზრუნოს.

ლიზი მაზმიშვილი შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეა. ლიზის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეებისთვის საკუთარი იდეების განხორციელების კარგი საშუალება სკოლის თვითმმართველობაა, თუმცა მისი თქმით, ამ შესაძლებლობას ყველა მოსწავლე თანაბრად ვერ იყენებს.

“იდეის არსებობის შემთხვევაში, მოსწავლეებს შეგვიძლია მივმართოთ თვითმმართველობას, რის შემდეგაც, სკოლის დირექტორთან ერთად განიხილება. საკმაოდ აქტიური თვითმმართველობა გვყავს, თუმცა მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი ნაკლებად დაინტერესებულია. სკოლაში ასევე არის კლუბებიც, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტულიც”.

გიორგი ვაშაყმაძე გორის N9 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა და პარალელურად ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობაშიც არის ჩართული. ლიზის მსგავსად, სასკოლო სივრცეში მოსწავლეებისთვის განვითარების და საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობაზე საუბრისას, გიორგიც თვითმმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას.

“სკოლის სივრცეშიც არის შესაძლებლობა, თუმცა დაფინანსების პრობლემაა ხოლმე. თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს, მხარში გვიდგანან ყველანაირად, ოღონდ რაიმე იდეა გაუჩნდეთ მოსწავლეებს და მაქსიმალურად ცდილობენ განხორციელებას. მაგალითად, ის მე-7 კლასის მოსწავლეები, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ვუტარებდი ტრენინგებს, ახლა თავად არიან ჩართული არაფორმალურ განათლებაში და სხვებს უტარებენ ტრენინგებს, თუმცა ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო”.

ლიზა ქარელიშვილი, გორის N12 სკოლის ყოფილი მოსწავლე და უნივერსიტეტის 1-ელი კურსის სტუდენტია. ლიზი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდა ახალგაზრდებისთვის, თუმცა ახლო წარსულში ეს ასე არ იყო. უნივერსიტეტთან შედარებით, მისი აზრით, სკოლაში უფრო ნაკლებად მრავალფეროვანი აქტივობები ხორციელდება..

​”ბოლო პერიოდში უფრო მეტი შესაძლებლობები გაჩნდა ახალგაზრდებისთვის. თავადაც ვიყავი თვითმმართველობაში და მაქსიმალურად გვიწყობდა სკოლა ხელს. კარგი იქნება, ახალგაზრდებისთვის უფრო მრავალფეროვანი აქტივობები თუ იქნება სკოლებში შეტანილი, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ინტელექტუალური და იყოს მაგალითად, სპორტული და ხელოვნების მიმართულებებიც გააქტიურებული”.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ სკოლების თვითმმართველობები საკმაოდ აქტიურები არიან. ტერმაკოზაშვილი მოსწავლეებს მოუწოდებს, რომ იყვნენ მეი იფიქრონ იმაზე, რომ სკოლა არის მათი, მათთვის და უნდა იყოს აუცილებლად მათზე მორგებული. ამისთვის კი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თვლის რომ თავად მოსწავლეების აქტიურობაა საჭირო.

“სკოლა უნდა იყოს მათი მეორე სახლი და კი არ უნდა გარბოდნენ სახლში გაკვეთილების შემდეგ, უნდა უნდოდეთ რომ იქ გაჩერდნენ, შეიკრიბონ. სკოლამ აუცილებლად უნდა შეუქმნას სივრცე შეკრებისთვის. მათი ინტერესების მიხედვით უნდა ხდებოდეს კლუბების ჩამოყალიბებაც სკოლებში. ძალიან კარგი ტენდენციაა ამ კლუბების ჩამოყალიბება, მაგრამ ეს უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლეთა ინტერესების კვლევას და რაც მათ სურთ, ამას უნდა სთხოვდნენ ადმინისტრაციას, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართონ ხოლმე ინიციატივებით სკოლების ადმინისტრაციას”.

სასკოლო თვითმმართველობების გააქტიურების საჭიროებას ხედავენ ახალგაზრდული ორგანიზაციებიც. მაგალითად გორის ახალგაზრდული ცენტრის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ჯაბახიძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე, მოსწავლეებს თვითმმართველობაზე მეტ შესაძლებლობებს არასამთავრობო სექტორი სთავაზობს.

აქ ყველაფერი დამოკიდებულია ერთი მხრივ, მოსწავლეთა აქტიურობაზე და მეორე მხრივ, სკოლის დირექციაზე – რამდენად უწყობენ ხელს ახალგაზრდებს. სკოლას კანონმდებლობიდანაც აქვს გარკვეული შეზღუდვები, აქედან გამომდინარე, მაინც არასამთავრობო სექტორია ის ძირითადი მიმართულება, რომელიც ახალგაზრდებს მეტ შესაძლებლობას აძლევს“.

ზურა მაჭარაშვილი, რომელიც გორში ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ თვითმმართველობის მუშაობით, მოსწავლეები რეალურად უნდა იქცნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებად.

საჭიროა სწორად მოხდეს ახალგაზრდებისთვის თვითმართველობის მნიშვნელობის ახსნა, მათი გადამზადება გადაწყვეტილების მიმღებ პირებად და შემდგომში მათი და მათი იდეების მხარდაჭერა. უნდა აღვნიშნო, რომ არსებობენ გამონაკლისები და ზოგიერთ საჯარო სკოლაში ამ კუთხით მართლაც საამაყო სიტუაციაა. ვიმედოვნებ, მომავალში აღნიშნული სიტუაცია გამოსწორდება, რადგან სწორედ ამ ასაკიდან ხდება მომავალი ლიდერების ჩამოყალიბება და სწორედ ამიტომ სკოლის როლი ამ საკითხში უმნიშვნელოვანესია“.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.