სტატიები

“რუსული კანონი წაგვართმევს შესაძლებლობას, რომ დავიცვათ და გავაძლიეროთ ქალები და გოგონები”

ქალების დაცვა და გაძლიერება უცხო ძალის ინტერესების გატარება არ არის – ამბობენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც წლებია გორის მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობებისთვის და გაძლიერებისთვის მუშაობენ.  მათი თქმით, რუსული კანონი მხარდაჭერის გარეშე დატოვებს ქალებს და გოგონებს, რადგან მათ უფლებებს და ინტერესებს სწორედ არასამთავრობო სექტორი იცავს ხოლმე. 

| “ჩვენ გარშემო მცხოვრებ გოგონებს და ქალებს რომ ვეხმარები, მაგით უცხო ქვეყნის ინტერესებს ვატარებ?”

“რატომ ვატარებ უცხო ქვეყნის ინტერესს, როცა ყველაფერს ვაკეთებ საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის და გოგონებისთვის, მათ მოსაფრთხილებლად და დასაცავად. კანონი მიმართულია, რომ არასამთავრობო სექტორი მოაქციოს სტიგმაში, დამღა დაგვადონ. ჯერ არ არის მიღებული და უკვე არის ტროლ-ბოტების შემოტევა, თუ მიიღეს დაიწყება პირდაპირ ნადირობა”, – ამბობს ორგანიზაცია “ქალი და განვითარება” ხელმძღვანელი ფატი ბუხრიკიძე.

“ქალი და განვითარება”, უკვე წლებია, რაც გორის მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებებს იცვევს და მათ სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” პროექტი ქალებს და გოგონებს აუცილებელი უფასო სერვისების გარეშე დატოვებს. 

“ჩვენმა ორგანიზაციამ შეძლო გადაერჩინა რამდენიმე ათეული ძალადობის მსხვერპლი ისეთი ქალი, ვინც სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. უფლებათა დაცვის და ფსიქოლოგიური თანადგომის სერვისების და შესაძლებლობების ასამაღლებელი ვორქშოფების პარალერულად, ჩვენ ვაწარმოებთ კვლევებს ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე და ორგანიზებას ვუკეთებთ ადვოკატირების კამპანიებს, რათა ქალებმა შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა და ქვეყანაში არსებული ყველა რესურსის გამოყენება საკუთარი უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თანასწორობის, სამართლიანობის, მშვიდობისა და განვითარებსთვის”.

| “ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაძლიერებთ ჩვენს ქალებს და გოგონებს. ეს კანონი გვართმევს ამის შესაძლებლობას”

“იმ ადამიანებისთვის, ვინც სხვა ადამიანების დახმარებას ცდილობენ, არასოდეს იქნება მისაღები, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ერქვას. ამას არავინ შეეგუება”, – ამბობს თეა თედლიაშვილი, სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი.

თეას ქალთა საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და საკუთარი საქმიანობით, ძალადობის მსხვერპლ არაერთ ქალს დახმარებია. ამბობს, რომ ეს კანონი გააქრობს მსხვერპლი ქალების დაცვის და გაძლიერების შესაძლებლობას. 

“ვმუშაობ დევნილ ქალებთან, ვუტარებ ტრენინგებს და ვეხმარები მათთვის პრობლემური საკითხების ადვოკატირებაში. ასევე ვმუშაობ ძალადობის მსხვერპლ ქალებთან და ვუწევ სამართლებრივ დახმარებას. ეს კანონი ამ ყველაფერს უცხო ძალის ინტერესების გატარებას არქმევს, რაც შეურაცხმყოფელი და აკნინებს ამ მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს”.

|”ეს არის შემზღუდველი, შეურაცხმყოფელი კანონი, რომელიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან მოდის წინააღმდეგობაში”

“ეს არის შემზღუდველი, შეურაცხმყოფელი კანონი, რომელიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან მოდის წინააღმდეგობაში. ასევე, “რუსული კანონი” საფრთხის ქვეშ აყენებს იმ ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ხშირად ერთადერთ არაფორმალურ სივრცეს და დამხმარე მექანიზმს წარმოადგენს ადგილობრივი თემისთვის”, – ამბობს “ახალგაზრდა ფემინისტთა” ხელმძღვანელი მარიამ თოფჩიშვილი.

თოფჩიშვილის ორგანიზაცია 5 წლის წინ დაარსდა. ამ დროის განმავლობაში, “ახალგაზრდა ფემინისტების” დახმარებით,  200-ზე მეტმა ქალმა გაიარა ფსიქოლოგის კონსულტაცია უფასოდ და 120-ზე მეტმა ქალმა გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები ისეთი მიმართულებით, როგორიაა სამკერვალო წარმოება, გრაფიკული დიზაინი, ციფრული უსაფრთხოება და სოციალური მედიის მენეჯმენტი. 

გასულ წელს 150-ზე მეტ ახალგაზრდას შევხვდით, ვუმასპინძლეთ ფორუმებს და კონფერენციებს, სადაც ქალებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი თემის პრობლემები გაეჟღერებინათ. გასულ წელს განვახორციელეთ ასევე 4 სათემო ინიციატივა, რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები და დევნილი ქალების მიერ იყო ინიცირებული. ასევე 30-ზე მეტმა ქალმა ისარგებლა უფასო სამედიცინო სერვისებით, მიიღო სამართლებრივი კონსულტაცია შრომით უფლებებზე და სხვა”.

| “ჩვენ ხალხის ნდობა მოვიპოვეთ და ამ კანონით, სწორედ ამ ნდობის გაქრობა უნდათ”

“ბევრი წელი დამჭირდა, რომ ახალგაზრდებს თავის პრობლემებზე დაეწყოთ საუბარი და მე დახმარება აღმომეჩინა, ამიტომ ამ კანონთან დუმილი არ გამოვა, ეს დანაშაულია ამ ხალხის და ქვეყნის წინაშე“, – ამბობს ახალგაზრული მუშაკი რუსკა ბუზიაშვილი. 

Რუსკა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ახალგაზრდა გოგონების გააქტიურებას და მხარდაჭერას ცდილობს.

“ყველაზე მნიშვნელოვან თემას ჩემთვის წარმოადგენს ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ოჯახში ძალადობა. კარგად ვიცი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები რამხელა ფინანსებს დებენ ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების ადაპტაციის პროცესში. ვიცი, რამხელა ფსიქოლოგიურ, ფინანსურ თუ ფიზიკურ რესურსს დებენ იმაში, რომ ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა შეძლონ საზოგადოებაში საკუთარი თავის დამკვიდრება. ამ კანონის მიღება ყველა ამ სერვისს და რესურსს გააქრობს ქვეყანაში”. 

ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები უერთდებიან იმ პროტესტს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ, ხელისუფლებას უარი ათქმევინონ რუსული კანონის მიღებაზე. 


მასალა მომზადდა პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” ახორციელებს “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი