სტატიები

ფაქტების და ადამიანების გახსენებით, ისტორიას გავაცოცხლებთ – რაზე მუშაობენ გორელი სტუდენტები?

“დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით შევუდექი პროექტების წერას, საბოლოოდ კი, შრომამ შედეგი გამოიღო”, – გვითხრა ჯულიმ. ის ახლა იმ ორი პროექტის კოორდინატორია, რომელთა მიზანი ისტორიული ფაქტების და წარსულის მიმართ ახალგაზრდების დაინტერესების გაზრდაა. 

“ახალგაზრდები წინაპართა ნაკვალევზე“ და „გააცოცხლე რეგიონის ისტორია“ – ასე ჰქვია პროექტებს, რომლის ფარგლებში სტუდენტები ისტორიულ მოვლენებებს გააცოცხლებენ, გრაფიკულ ვიზუალიზაციებს შექმნიან და საინტერესო ისტორიულ ფაქტებსა თუ გმირებზე სიუჟეტებს მოამზადებენ. 

“პროექტის მონაწილეები შეისწავლიან გრაფიკული დიზაინის ელემენტებს და შეძლებენ საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვანი მოვლენები საკუთარი ინტერპრეტაციით გამოსახონ და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ელფერი შემატონ მათ. ასევე ვფიქრობთ, რომ პროექტის „გააცოცხლე რეგიონის ისტორია“ ფარგლებში მომზადებული სიუჟეტებით, ჩვენს რეგიონში მცხოვრებ ძალიან ბევრ საინტერესო და ისტორიული მნიშვნელობის ადამიანს გავაცნობთ საზოგადოებას”. 

ორივე პროექტი უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი “დიმიტრი ყიფიანის საინიციატივო საზოგადოების” სახელით ხორციელდება. როგორც ჯულიმ გვითხრა, მისი პროექტების გარდა, სტუდენტურ გაერთიანებას კიდევ 11 პროექტის განხორციელება აქვს დაწყებული. 

“საინიციატივო საზოგადოების ჩამოყალიბების სურვილი წამოვიდა თვითონ სტუდენტებისგან, რადგან გვქონდა უამრავი იდეა, რომლის განხორციელებაც გვინდოდა, როგორც ჩვენს პიროვნული და კარიერულ განვითარებისთვის, ისე შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურებისთვისაც. ჩამოვაყალიბეთ საზოგადოება, დავიწყეთ მუშაობა და ახლა 13 პროექტს ვახორციელებთ”. 

როგორც ჯული ამბობს, ყველა პროექტი განსხვავებულია, თუმცა მთლიანობაში, ისინი 4 ძირითად მიზანს ემსახურებიან:

  • შიდა ქართლის რეგიონში ახალგაზრდული პრობლემების შესწავლას და გადაჭრას;
  • სტუდენტებში ეროვნული და ევროპული ღირებულებების დანერგვას და წახალისებას;
  • ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას სამართალში, ტურიზმში, ლიტერატურასა და ისტორიაში.
  • ახალგაზრდების გააქტიურებას და მათი პიროვნული ზრდის ხელშეწყობას. 

“დიმიტრი ყიფიანის საინიციატივო საზოგადოება” გორის უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარე წლის სექტემბერში შეიქმნა. სტუდენტური გაერთიანების წევრები, ურთიერთშეთანხმებით ამუშავებენ იდეებს, წერენ პროექტებს და უნივერსიტეტისგან დაფინანსების მიღებას ცდილობენ. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი