სტატიები

დაზიანდა სახურავი, პანდუსი, გახმა მცენარეები – “განახლებული რეგიონების” შედეგები ქარელში

ქარელში ერთი წლის წინ განახლებული ინფრასტრუქტურა კვლავ მოსაწესრიგებელია. ფასადები და საფეხმავლო ბილიკები სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში რეაბილიტირდა, თუმცა რამდენიმე თვეში დაზიანდა. 

მაგალითად, რეაბილიტაციიდან 3 თვეში საფეხმავლო ბილიკზე არასწორად დაგებული ფილები აყარეს და ახლიდან დააგეს. არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო, კი თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრები ნინო ელიაშვილს საცხოვრებელი და კომერციული ფართი დაეტბორა.

ამავე თემაზე:  “სახლები და ეზოები გვეტობრება” – ქარელში ქვაფენილი არასწორად დააგეს 

ასევე გახმა პროგრამის ფარგლებში დარგული მცენარეები. აღნიშნული საკითხი ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვასიკო ბაქარაძემ საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზეც გააჟღერა. 

“განახლებული რეგიონების ფარგლებში ქარელში ივლისის თვეში მარადმწვანე მცენარეები დაირგო. უყურადღებობის გამო, ამ მცენარეების ნაწილი უკვე გახმა, რადგან მათ სპეციფიური მოვლა სჭირდებათ”, – თქვა ვასიკო ბაქრაძემ.

დაზიანდა შშმ პირებისთვის მოწყობილი პანდუსებიც. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ერთ-ერთი პანდუსი მანქანამ დააზიანა. 

“მანქანამ დააზიანა, რომ გააკეთეს, მალევე ცუდათ გამოედო ფილას და აიყარა”, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრვიმა. 

უხარისხოდ შესრულებული აღმოჩნდა საცხოვრებელი კორპუსების გარეფასადებიც. მოსახლოება ჩიოდა, რომ წვიმის დროს, ბინებში წყალი შესდიოდათ. 

“რომ გააკეთეს ფასადები,წყალი ჩამოდიოდა, პრობლემის შესახებ ვუთხარი მერიის თანამშრომელს. მოვიდნენ და გააკეთეს”, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ნიკო მეხრიშვილმა. 

“ქარის დროს სიცივე შემოდის ფანჯრებიდან და წვიმის დროს – წყალი. მუშებმა რეაბილიტაციის დროს სახურავი დააზიანეს და წყალი იქიდანაც ჩამოდის. მოსახლეობამ მერიაში შევიტანეთ განაცხადი და მოგვხედავენ ალბათ”, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი. 

ინფრასტრუქტურის განახლებისთვის რეგიონალური განვითარების ფონდის დაკვეთით, სამუშაოები “საბა კონტრაქენმა” აწარმოა. კომპანიის წარმომადგენელი და სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებელი პირი ქარელში თამაზ თურმანიძეა. “მოზაიკა” თამაზ თურმანიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ისურვა. 

რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები დასრულდა, თუმცა გარკვეული სამუშაოები ჯერ ისევ გრძელდება.

“2022 წელს დაგეგმილი სამუშაოები დასრულდა, თუმცა პროგრამა გაგრძელდა, რომლის სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა და ჩვენ ის არ ჩაგვიბარებია, რადგან პროგრამას რამდენიმე პროექტი კიდევ დაემატა – ერთი კორპუსის გარეფასადის რეაბილიტაცია, გარეგანათების სისტემის მოწყობა, რომლის სამუშაოები ამ ეტაპზე მიმდინარეობს. პროგრამა წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, როცა დასრულდება და სამუშაოებს ჩავიბარებთ, იმას მივხედავ და მოვუვლი”,– გვითხრა ზაზა გულიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პროგრამა “განახლებული რეგიონები” ფარგლებში, ქარელის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია 2022 წლის ივნისში დაიწყო. ჭავჭავაძის, ნინოშვილისა და თამარ მეფის ქუჩებზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 საერთო საცხოვრებელს, 9 სახლს, ადმინისტრაციულ შენობასა და სკვერებს. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სანიაღვრე არხები. განახლებული რეგიონების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩატარდა 63 მუნიციპალიტეტში, რომლის საერთო ღირებულება 32 მილიონი ლარი იყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი