სტატიები

“გამოცდილების გარეშე დასაქმება რთულია” – რატომ სჭირდებათ ახალგაზრდებს ფასიანი სტაჟირების პროგრამები?

თითქმის ყოველთვის, დამსაქმებლები სამუშაო გამოცდილებას ითხოვენ, მათ შორის ახალგაზრდებისგანაც, – ახალგაზრდები სამსახურის ძიების პროცესში სხვადასხვა სირთულეებს აწყდებიან, ვითარების გაუმჯობესების ერთ-ერთ გზად კი, გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამების შემუშავებას და ტრანსპორიტებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ხედავს. 

შოთა მარანელი

17 წლის იყო, როცა სამსახურის ძიება დაიწყო და საბოლოოდ, ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში, კონსულტანტად დასაქმდა. თავიდან შეუთანხმდნენ, რომ სამუშაო რეჟიმი სტუდენტურ ცხოვრებაზე მორგებული იქნებოდა, თუმცა მუშაობიდან მალევე მიხვდა, რომ სამსახურის და სწავლის ერთმანეთთან შეთავსება შეუძლებელი იყო. 

“ამის შემდეგ, სტუდენტობისას კიდევ რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე. მეუბნებოდნენ, რომ სამსახური სტუდენტობაში ხელს შემიწყობდა, მაგრამ ეს დაპირება ყველგან ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა”, – იხსენებს შოთა მარანელი. 

შოთა ახლა 25 წლის არის. პროფესიით კარიერული კონსულტანტია, თუმცა ბოლო წლებია ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობს. “მოზაიკასთან” საუბარში ამბობს, რომ სამსახურის შოვნა, რომელიც ახალგაზრდებს პიროვნული და პროფესიული განვითარებასთან ერთად, შემოსავლის წყაროსაც გაუჩენს, ძალიან რთულია.

“გამოცდილების ნაკლებობაა ძალიან ხშირი საბაბი.  ხშირად, როცა ამა თუ იმ ადამიანის სამსახურში აყვანა არ სურთ ,კარგი მიზეზია მის გამოუცდელობაზე ხაზგასმა და ამ მიზეზით მისი სახლში გასტუმრება. იმ დროს, როცა ყველა განვითარებულ ქვეყანაში ახალგაზრდა, ენთუზიასტი და შემოქმედებითი კადრი სურთ დაასაქმონ ჩვენთან საპირისპირო სიტუაციაა”, – გვითხრა შოთამ. 

ხატია ხაბაშვილი

დამსაქმებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ახალგაზრდების ნაწილი მოხალისეობრივ სამუშაოებში ჩართვით ან უფასო სტაჟირების პროგრამების გავლით ცდილობს, თუმცა სირთულეებს აქაც ხვდებიან. 

“ახალგაზრდების ნაწილი ცდილობს, რომ მოხალისეობრივი გამოცდილება დააგროვოს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა დამსაქმებლები მოხალისეობრივ საქმიანობას არ მიიჩნევენ სამუშაო გამოცდილებად”, – აღნიშნავს ხატია ხაბაშვილი, რომელიც სხვა აქტიურ ახალგაზრდებთან ერთად, რეგიონში არაფორმალური განათლების გავრცელებას ცდილობს, 

ხატიას თქმით, ახალგაზრდებში დასაქმების პრობლემას ვერც უფასო სტაჟირების პროგრამები აგვარებს, რადგან უფასოდ მუშაობა მათთვის დამატებითი ფინანსური ხარჯია, რისი გაღებაც არ შეუძლიათ. 

“ძალიან კარგია, როდესაც ახალგაზრდას შეუძლია სწავლის პარალელურად სხვადასხვა დაწესებულებაში სტაჟირება გაიაროს და დააგროვოს პროფესიული გამოცდილება. თუმცა, მეორეს მხრივ, ძალიან რთულია იმუშაო ანაზღაურების გარეშე, თუნდაც მაშინ, როდესაც ცხოვრობ რაიონში და ყოველდღიურად გიწევს ტრანსპორტირება, გჭირდება კვების თანხა და ა.შ”, – აღნიშნავს ხატია. 

ახალგაზრდების თქმით, საბოლოოდ ბევრი სტუდენტი ირჩევს ისეთ სამსახურში დასაქმებას, რომელიც მის მიერ არჩეულ პროფესიასთან კავშირში არ არის, თუმცა ანაზღაურებადია. ამ დროს ისინი იღებენ ხელფასს, თუმცა სამწუხაროდ, ვერ აგროვებენ იმ საჭირო გამოცდილებას, რომელიც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მაინც გაუმარტივებთ საკუთარი პროფესიით დასაქმებას. სწორედ ამიტომ, სასურველი სამსახურის შოვნა მათთვის მომავალშიც პრობლემად რჩება. 

ყველა ამ პრობლემაზე გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომაც იმსჯელა და როგორც ბოლო სხდომის ოქმიდან ვიგებთ, სამი ისეთი რეკომენდაციაც შეიმუშავა, რომელთა მიზანი საბოლოოდ, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და რეგიონის მასშტაბით გადაადგილების გამარტივებაა. 

  • ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მერიამ შეიმუშაოს დამატებითი პროგრამა ანაზღაურებადი სტაჟირების მიმართულებით, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ ახალგაზრდებს სტაჟირება გაიარონ მერიის სამსახურებსა თუ აიპებში. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის პოპულარიზებას, ასევე ახალგაზდების დაინტერესებას ადგილობრივი თვითმართველობის მიმართ.
  • მერიამ აქტიურად იზრუნოს სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტის უზრუნველყოფის საკითხზე.
  • სამგზავრო ავტობუსებზე მოსწავლეებზე და სტუდენტებზე შეღავათიების დაწესება

საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მერს უკვე წარედგინა. საბჭოს წევრებს და ახალგაზრდებს იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებას მათი ინტერესების სასარგებლოდ მიიღებს. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი