სტატიები

“ნასვამი ხალხი გადადის იქით” – გინტურის მკვლელობაზე საუბარს გორის საკრებულოში ხმაური მოჰყვა

ადამიანი თავის თავს რასაც გაუკეთებს, იმაზე ცუდს ვერავინ უზამს, – თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას, გორის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნათქვამ ამ სიტყვებს დღევანდელ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ხსოვნის საპატივსაცემოდ სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო, რის შემდეგაც ენმ-ის წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

“მე გულწრფელად გირჩევთ, თქვენივე რეპუტაციის გამო, საზოგადოებას გაუკეთოთ განმარტება და მოიხადოთ ბოდიში თქვენი გაუაზრებელი განცხადების გამო”, – მიმართა ანო ბალიაშვილმა საკრებულოს თავმდჯომარეს.

საუბარია განცხადებაზე, რომელიც დავით რაზმაძემ ადგილობრივ მედიასთან “TV მონიტორინგთან” გააკეთა და რომლითაც, საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ზომების ნაკლებობის ნაცვლად, ყურადღება მოქალაქეთა დაუდევრობაზე გაამახვილა.

“მაგალითად, ნიქოზის მხარეს, რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი. არ შეიძლება! რამდენი ადამიანი უნდა აკონტროლო?! ერთი საგუშაგო არის ნიქოზთან. იქ რომ ყველამ მოინდომოს ასე. ადამიანი თავის თავს რასაც გაუკეთებს, ვერავინ უზამს იმაზე ცუდს”, – განაცხადა რაზმაძემ რამდენიმე დღის წინ.

ოპოზიცია საკრებულოს თავმდჯომარეს, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ამ განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას თხოვდა, თუმცა დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ მას საბოდიშო არაფერი აქვს და იგივე შინაარსის ტექსტი კიდევ ერთხელ გაიმეორა.

წუთიერი დუმილით თამაზ გინტურის ხსოვნას გორის საკრებულოს წევრებმა პატივი მიაგეს.

ამის შემდეგ, ენმ-ს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს კითხვით მიმართეს, არის თუ არა კირბალი და ლომისის სალოცავი საქართველო და რატომ არ უნდა ასულიყო გინტური საკუთარი სოფლის ეკლესიაში, რაზეც რაზმაძემ კოლეგებს კითხვითვე უპასუხა:

“მოსახლეობა უნდა მოერიდოს და დაუჯეროს სამართალდამცავებს. მაგით რა გინდათ თქვათ, უნდა დაიხოცონ ქართვლები და გაწყდნენ?!”.

საბოლოოდ, საკრებულოს სხდომა ენმ-ის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, არ მიიღებენ რიგითი საკითხების განხილვაში მონაწილეობას, როცა ქვეყნის ფუნდამენტური საკითხი, როგორიც არის ოკუპაცია და ოკუპანტბის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა, არის კითხვის ნიშნის ქვეშ.

ენმ-ის პროტესტს სამართლიანად მიიჩნევს ფრაქცია “გორი საქართველოსთვისაც”.

“სიუჟეტი არ მინახავს, მოვისმინე საკითხის მიმართ მსჯელობა და აბსოლუტურად ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც გააპროტესტა. აი, ამ მომხდარის კნინობითი ფორმით წარმოდგენით, ყოველგვარი მცდელობა თითქოს ქართული მხარე რაიმე ფორმით დამნაშავეა, ეს არის ძალიან ცუდი საქციელი, ეს არის ხელშეწყობა რაღაცა ფორმით ოკუპაციის პროცესის”, – განაცხადა ფრაქციის წევრმა, მამუკა ფანიაშვილმა.

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, გივი გინტურის ძმაა. ოჯახს სამძიმარი ოპოზიციამ მკვლელობის ღამესვე გამოუცხადა. მეორე დღეს სოფელში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. მათ შორის იყო გორის საკრებულოს თავმდჯომარე დავით რაზმაძეც.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გუნტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიასთან მოხდა. ლევან დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს, თამაზ გინტურს კი ხვალ, 11 ნოემბერს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.