სტატიები

გორის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური დაცვისთვის თანხა შემცირებულია

გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი თანხები შემცირებულია. თუ კი, 2023 წლის ბიუჯეტის გეგმით, 4 346 400 ლარი უნდა დახარჯულიყო, 2024 წლისთვის ეს თანხა 4 095 900 ლარით შემცირდა.

ბიუჯეტის განხილვას საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციასა და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ გორის 2024 წლის ბიუჯეტი საკუთარ ინტერესებს მოარგო და მოქალაქეთა სხვადასხვა სოციალური საჭიროებები არ გაითვალისწინა.

“არ გაითვალისწინეს ოპოზიციის არცერთი შენიშვნა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, გვქონდა ინიციატივა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა კვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ასევე შეღავათებზე ახალგაზრდებისთვის მუნიციპალურ ტრანსპორტზე, სოციალურ საცხოვრისში ე.წ ნარკოლოგიურის შენობაში მაცხოვრებელთა პირობების გაუმჯობესებაზე და ა.შ. თუმცა “ქართულმა ოცნებამ” გაურკვეველი მიზეზების გამო 1 თეთრიც ვერ გამოყო”, – განაცხადა ქორჩილავამ.

“ქართული ოცნების” მისამართით გაჟღერებული კრიტიკა ყველაზე მეტად “ხალხის ძალის” წევრ მიხეილ გოგინაშვილს აღიზიანებდა. ის მოსწავლეთა კვების საკითხზე მსჯელობისას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კვლავ “სისხლიან 9 წელზე” ესაუბრებოდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ მოსწავლეთა კვების საკითხზე მოგვიანებით გააკეთა განმარტება. მისი თქმით, რადგან სკოლები თვითმმართველობას არ ექვემდებარება, მერიისთვის შეუძლებელია ამაზე თანხების გამოყოფა.

“ეს იქნება კანონის დარღვევა, რომელ ქალაქშიც შემოიღეს მოსწავლეთა კვება [გულისხმობს წალენჯიხას] მათაც კანონი დაარღვიეს, რადგან მუნიციპალიტეტს არ შეუძლია სკოლებისთვის თანხების გამოყოფა, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებები სამინისტროს ექვემდებარება”, – განაცხადა რაზმაძემ.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთა სოციალურად დაცვისთვის გამოყოფილია 1 511 000 ლარი, რაც მიმდინარე წელთან შედარებით, 230 000 ლარით ნაკლებია. მსგავსად,  შემცირებულია ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი თანხები, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში – 532 000 ლარია გათვალისწინებული, 2023 წლის ბიუჯეტში კი ეს თანხა 566 000 ლარს შეადგენდა.

გორის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი კენჭისყრაზე საკრებულოში 22 დეკემბერს გავა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.