სტატიები

როცა შვილი ნაძვის ხეს ელოდება – მარტოხელა დედის დარდი და იმედი საოკუპაციო ხაზიდან

ავტორი: ანა ჯიოშვილი

სახლი ერთსართულიანია,  Სულ ორი ოთახია, სადაც მაგიდებს და სკამებს ვერ ნახავთ. ამიტომ სტუმრის მისვლის დროს, მასპინძლები თავს უხერხულად გრძნობენ და საუბარს ბოდიშის მოხდით იწყებენ. 

ბოდიში, სკამები არ გვაქვს, იქნებ საწოლზე ჩამოჯდეთ”,  – მითხრა მარი ელიკაშვილმა, ახალგაზრდა ქალმა, რომელიც მცირეწლოვანი შვილისთვის და დედისთვის ერთადერთი იმედია. 

27 წლის მარტოხელა დედა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეში ცხოვრობს – Სახლში, სადაც წვიმის დროს წყალი ჩამოდის. Სადაც ავეჯის დიდი ნაწილი დაზიანებულია და სადაც, 4 წლის ბიჭი ნაძვის ხის დადგმას ელოდება, რომელიც დედას ჯერ არ უყიდია. 

“დამხმარე მე არავინ მყავს. სახლის სახურავის შეცვლა მინდა, წვიმის დროს როგორც გარეთ წვიმს, ისე სახლში. რა ვქნა, ვერ შევაგროვე თანხა, რომ სახლის ავეჯი ვიყიდო. ნაძვის ხეს ელოდება ჩემი ბიჭი და იმედია, მაგას მაინც გავწვდები”.

Მარის მიზერული ხელფასი აქვს – ამავე სოფლის სკოლაში დამლაგებლად მუშაობს.  Მცირეწლოვანი შვილის საჭიროებების და მოხუცი დედის ჯანმართელობის მდგომარეობის გამო, ოჯახის ყოველდღიურობას ვერც პენსია და ვერც სოციალური დახმარება ამსუბუქებს, რომელიც ჯამში თვიურად 500 ლარამდე აღწევს.  

“პენსია და სოციალური დახმარება კი გვაქვს, მაგრამ მაინც არაფერში გვყოფნის. ხან წამალი, ხან საჭმელი და ვეღარ ავუდივართ. სეზონურად სოფელში მუშად დავდიოდი ხილის საკრეფად. მერე ზამთრის პერიოდში სკოლაში გამოჩნდა დამლაგებლის ადგილი. არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. მე ისეთი გაჭირვება გამოვიარე, არ მინდა ჩემმა შვილმაც იგივე ნახოს, ამიტომ არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობ”.

Სირთულეების მიუხედავად, მარი მომავალს იმედიანად უყურებს. ეს განწყობა ოჯახშიც იგრძნობა – ბებია და შვილიშვილი ერთად თამაშობენ და სამსახურიდან დაბრუნებულ დედასაც ამხიარულებენ. 

რამდენიმ წლის წინ ყინულზე წავიქეცი, ვერ მივაქციეთ ყურადღება და გართულდა. Ახლა თუ ხელჯოხებს არ დავეყრდენი, ვერ დავდივარ, ისიც მხოლოდ ეზომდე თუ გავალ. როცა ბავშვი სახლშია, იმას ვპატრონობ, სხვა ვერაფერში ვეხმარები ჩემს შვილს“, – მითხრა მარის დედამ, ლიანა ელიკაშვილმა. 

დამღლელი სამუშაოს და ყოველდღიური ოჯახური საფიქრალები მარის არ აშინებს. ამბობს, რომ საკუთარი შრომისმოყვარეობის იმედი აქვს და სჯერა, რომ მომავალი წელი განვლილზე უკეთესი იქნება. 

“მე იმედს არ ვკარგავ, რომ ამ რთულ პერიოდს გადავივლით და მერე უკეთესი დღეები გვექნება. შრომა არ მეზარება და მგონია, რომ ნელ-ნელა ყველაფერს მოვახერხებ. Აი, ამ ახალ წელსაც მაგ განწყობით ვხვდები. შეიძლება საახალწლო მოსართავები არ გვაქვს, მაგრამ უკეთესი წლის რწმენა და იმედი ნამდვილად გვაქვს”. 

Მარის ჭრა-კერვის სწავლა უნდა. Სამომავლო გეგმებსაც ამ საქმეს უკავშირებს. უნდა, რომ სოფელში სამკერვალო გახსნას.

“ჭრა-კერვა მიყვარს, კარგად გამომდის. ბავშვობაში თოჯინებს ვუკერავდი ხოლმე სამოსს,  მაგრამ ამ მიმართულებით ცოდნა ვერ გავიღრმავე. ვოცნებობ გადამზადების კურსი გავიარო და პატარა სამკერვალო გავხსნა. ახლა თუ ვინმეს რამე უნდა, ქალაქში მიდის. მერე კი ჩემთან ივლიან. მე მზამზარეულს არავისგან ველოდები, მხოლოდ ის მინდა, ჩემი შრომით მოვიწყო ჩემი ცხოვრება”.

მარის სოფლის დატოვებას არ გეგმავს. ამბობს, რომ საკუთარი სოფელი უყვარს და შვილის გაზრდაც ქერეში უნდა. 

“ოცნებად მაქვს სახლის წინ ბაღი დავამუშაო და ნამყენი ჩავყარო, ჩემი შვილი რომ წამოიზრდება, გამზადებული ხეხილის ბაღი ექნება, რომელსაც მოვუვლით, გავყიდით და ჩვენი შემოსავალი ყოველთის გვექნება. მაგას რომ ვიზამ, გულიც დამიმშვიდდება. Ვიფიქრებ, რომ ჩემ შვილს რაღაც გავუკეთე, რაღაც დავუტოვე … “


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი