სტატიები

“Სულ მარტო დავრჩი ამ ავარიულ სახლში” – 84 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

ავტორი: ანა ჯიოშვილი

ორსაუკუნოვანი სახლი თავზე მენგრევა, სახურავიდან წყალი ჩამოდის და კედლები სულ სველია” – მითხრა 84 წლის ნანა არჩუაძემ, თან გამაფრთხილა აივნის ქვეშ ნუ დადგები, ქვები ცვივაო. 

“ახლახანს ქვა ჩამოვარდა და მხარზე დამეცა, გადავრჩი, თავში რომ მომხვედროდა შეიძლება მოვეკალი. აუცილებელია რამე სერიოზული დამემართოს და მაშინ შეფუცხუნდეს ყველა?”

Ნანა არჩუაძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფლავში, ავარიულ სახლში მარტო ცხოვრობს. ორსართულიან სახლს სახურავი თითქმის არ აქვს, რის გამოც, წვიმის წყალმა მეორე სართული მთლიანად დააზიანა. 

“1991 წელში მიწისძვრის დროს სახლის კედლები დაიბზარა, მაგრამ საცხოვრებლად საშიში არ იყო, შემდეგ სახურავი დაზიანდა და უყურადღებობით მძიმე შედეგამდე მივედი. ჩემი სახსრებით როგორ შევაკეთო, მხოლოდ პენსია მაქვს”.

Ნანას ორი წლის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს. ამის შემდეგ, თვიდან თვემდე თავის გატანას პენსიით ცდილობს, რომლის ნაწილსაც ბანკის კრედიტის დაფარვას ახმარს. 

“თვალის ოპერაცია გავიკეთე, რომელიც დამიფინანსდა, რამდენიმე თვეში მეორე თვალიდან მხედველობა დავკარგე, განმეორებით აღარავინ დამაფინანსებდა და იძულებული გავხდი ბანკიდან თანხა გამომეტანა. ახლა ისეთი ძვირიანი წამლები მჭირდება, პენსიის ნაწილი ამაში მეხარჯება”.

Ნანამ ხელისუფლებას დახმარება არაერთხელ სთხოვა. Რამდენჯერმე გორის მერიაშიც იყო და კოტეჯის მიღების იმედიც ჰქონდა. 

“ბოლოს მერმა მიმიღო, მომისმინა, მითხრა, რომ კოტეჯს მომცემდა, მაგრამ არც კოტეჯი ჩანს და არც რაიმე პასუხი. ვარ მოლოდინში ბედის ანაბარა. რაღა უნდა გავაკეთო, არ ვიცი. 84 წლის ქალი ვარ, ეს სახლიც მიყვარს, აქაურობაც. მენანება, ესე რომ ნადგურდება. აქ ცხოვრება უკვე მეშინია, მართლა მეშინია. მეორე სართულზე აღარც ავდივარ, რამე არ დამეცეს. Საძირკველიც სულ ნესტიანია, არხი ჩამოდის ეზოში, მაგ არხის კალაპოტი მოშლილია და მთელი ზაფხული წყალი სახლის საძირკველში ჟონავს”.

Ნანა შიშობს, რომ მალე საცხოვრებლის გარეშე დარჩება და დარჩენილი წლების გატარება თავშესაფრის ძიებაში მოუწევს.


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.