ადამიანები ისტორიები

“მინდა მოვესწრო გარემონტებულ სკოლას” – სკოლის დირექტორის მიზნები საოკუპაციო ხაზიდან

ვარ იქ, სადაც  ბედნიერად ვარ, ამაყად ვარ”

8 წელია, რაც მერეთის საჯარო სკოლის დირექტორია. იქამდე მასწავლებელი იყო, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან და როგორც ამბობს, ამ დროის განმავლობაში, არასოდეს უნანია, რომ საკუთარი ცხოვრება ბავშვებთან ურთიერთობას დაუკავშირა. 

მეხუთე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ერთ-ერთ სკოლაში ჰქონდათ დროებითი ვაკანსია. იმედი არ მქონდა, მაგრამ მაინც მივედი და გასაუბრების მერე ამიყვანეს. დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ, ერთ-ერთმა პედაგოგმა მითხრა, რომ ჩემგან კარგი მასწავლებელი დადგებოდა და უკვე მეხუთე კურსიდან დამტოვეს და დამაწყებინეს მუშაობა”,გვითხრა თეა ხაბალაევმა. 

მისი პროფესიული საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი წლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთს უკავშირდება – ადგილს, სადაც ახალგაზრდებს უფრო მეტი ყურადღება, გამხნევება და მხარდაჭერა სჭირდებათ. 

ქალაქისგან განსხვავებით, აქ არაა ბევრი ღონისძიებები და პროექტები. არაა სამუშაო ადგილები. სოფელში არაფერია ახალგაზრდებისთვის ისეთი, რომ დრო გაიყვანონ. ასევე უნდა იყოს რამე წრეები ბავშვებისთვის, მარტო ცეკვაა და ეგეც ძალიან გვიხარია. გვიხარია ისიც, რომ შაბათ-კვირას ნიკო ლომოურის სახლმუზეუმში ახალგაზრდებისთვის რაღაც ღონისძიებები ტარდება, მაგრამ უფრო მეტია საჭირო”. 

თეა ფიქრობს, რომ მყიფე მშვიდობის და ოკუპაციის თანმდევი სევდის ფონზე, თუ ახალგაზრდებს ადგილზე განვითარების და თავის დამკვიდრების საშუალება არ მიეცემათ, სოფელი ნელ-ნელა დაიცლება. ამბობს, რომ ახალგაზრდების გადინება უკვე არის მერეთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. 

საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება არის ძალიან რთული და პასუხისმგებლიანი, რადგან ძნელია უყურებდე მთებს, რომელიც არის შენი სამშობლო და არ შეგიძლია გადასვლა, თუმცა მთავარია, მოსახლეობამ თავი იგრძნოს უსაფრთხოდ. ასევე დიდი პრობლემაა ახალგაზრდების გადინება სოფლიდან, რადგან აქ ისინი საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახერხებენ.”

სკოლა მერეთელი ახალგაზრდებისთვის თავშეყრის პრაქტიკულად ერთადერთი სივრცეა. ამიტომ სკოლის დირექტორი მუდმივად ცდილობს, ის მაქსიმალურად მყუდრო, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოდ აქციოს –  აწყობს ჩამოსაჯდომ სივრცეებს ეზოში და მცენარეებით ალამაზებს სკოლის დერეფნებს. 

მინდა მოვესწრო გარემონტებულ სკოლას. ასევე იწყება სკოლების ავტორიზაცია და მსურს რომ ჩვენმა სკოლამაც გაიაროს ავტორიზაცია.”

თეას აზრით, ისეთ სოფელში, როგორიც მერეთია, სკოლას განსაკუთრებული ფუნქცია და დატვირთვა აქვს, რაც თითოეულ მასწავლებელს უნდა ახსოვდეს და ბავშვებთან ურთიერთობისას, არასოდეს დაავიწყდეს, რომ:

ძალიან უნდა უყვარდეს ბავშვები. უნდა ეცადოს, რომ ისინი ჩამოაყალობოს პიროვნებებად და საკუთარი საგანი ცხოვრებასთან დაუკავშიროს. ხშირად უნდა დგებოდეს ბავშვის პოზიციაში და დაინახოს სამყარო ბავშვის თვალით. ასევე ითვალისწინებდეს ბავშვის აზრს, რადგან ახალგაზრდამ შეიძლება ისეთი რამ გითხრას, რომ ეს აღმოჩენაც იყოს შენთვის”.

თეა სასკოლო ცხოვრების მიტოვებას არც დირექტორობის ვადის ამოწურვის შემდეგ აპირებს. 

“როდესაც საქმეს სიყვარულით აკეთებ, ეს სიყვარული ისევ უკან გიბრუნდება. Ჩემთვის ბავშვებთან ურთიერთობაა ის, რასაც ვიცი, რომ ყოველთვის სიყვარულით გავაკეთებ და იგივეს მივიღებ მათგან. Ამიტომ ვამბობ, რომ ესაა ის საქმე, სადაც ბედნიერად ვარ, სადაც ვარ ამაყად…”


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.