ადამიანები ისტორიები

“Სოფლის დაცლასთან ერთად, მოხუცების ცხოვრება რთულდება” – იამზეს დარდები საოკუპაციო ხაზიდან

Ჩემთან ახლოს ცხოვრობს, ერთ პატარა და სარემონტო სახლში. ქმრის სიკვდილის შემდეგ, სულ მარტოა. 

რაც მეუღლე გარდამეცვალა, სულ მარტო ვარ. ისე, 50 წელია, რაც აქ ვცხოვრობ”, – მითხრა საუბრის დასაწყისში. 

იამზეს სახლი შესაკეთებელია. Სახურავი დაზიანებულია და იატაკიც დასაგებია. 

“მთელ დროს ძირითადად ამ ოთახში ვატარებ”, – ახსენა საუბარში და თვალი იმ ოთახს მოავლო, რომელიც მის სახლში ყველაზე უკეთ მოწყობილი სივრცეა. 

ძველი სავარძლების წინ კომოდია, რომელზეც ძველებური ტელევიზორი დგას. იქვეა შეშის ღუმელი და რკინის, ზამბარიანი საწოლიც. Მთელ ოთახს კი ჭერზე ჩამოკონწიალებული ერთადერთი ნათურა ანათებს. 

“სანამ ავად გავხდებოდი, ვმუშაობდი მაცივრებში. დაახლოებით 10 წელი ვიმუშავე იქ. Ჩემი ქმარი სანამ ცოცხალი იყო, ისიც მუშაობდა. ახლა კიდევ ესე ვარ, მუშაობა კი არა, სადმე გასვლაც აღარ შემიძლია“.

ახლა იამზეს შემოსავლის ძირითადი წყარო ასაკობრივი პენსია და სოციალური შემწეობაა. 

“ჩემი შვილი მეხმარებოდა ხოლმე, ისრაელშია წასული. ახლა იქაც ომი დაიწყო და ვეღარ მუშაობს. Მე ჩემი სიბერე ასე არ წარმომედგინა. არც ის მიფიქრია, რომ ასეთი გაჭირვება დადგებოდა ამ სოფელში.”

იამზე 24 წლის იყო, როცა ამ სოფელში საცხოვრებლად გადმოვიდა. ამბობს, რომ ასეთი გაჭირვება წარსულში არასოდეს უნახავს. 

“ისეთი გაჭირვებაა, ხალხი მიდის. მოსახლეობის რიცხვი მცირდება და მცირდება. რა ქნან, სადაც უკეთესი პირობები ეგულებათ, იქ მიდიან, მე ვერავის ვამტყუნებ მაგის გამო.”. 

Სოფლის დაცლასთან ერთად, მოხუცების ცხოვრებაც რთულდება – მათი, ვისაც მშობლიური მიწის მიტოვება და ცხოვრების თავიდან დაწყება არ შეუძლიათ. 

“მე ახლაც მეზობლების და ჩემი სიძის იმედი მაქვს. ისინი მაქცევენ ყურადღებას, თორემ პროდუქტებსაც ვერ მოვიმარაგებდი. ხოდა, რამდენი მოხუცია ჩემნნაირი, თუ სოფელი დაიცალა, იმათ რა ეშველებათ? ხშირად ვფიქრობ ამაზეც”. 

გუგუტიანთკარში მაღაზია და აფთიაქი არ არის და მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ფონზე, ახალი ობიექტების გახსნის იმედი ადგილობრივებს უკვე აღარ აქვთ. 

“არც აფთიაქია, არც მაღაზიაა. Ხალხიც მიდის – მეზობლები, ოჯახის წევრები მიდიან … ახალგაზრდები მიდიან და რაც უფრო მეტად იცლება Სოფელი, მით უფრო რთული ხდება აქ მშვიდად ცხოვრება”. 


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.