ადამიანები ისტორიები

“არ გვაქვს უფლება ეზოს ჩაყუჩების“ – 5 შვილის დედა საოკუპაციო ხაზიდან

Სოფელში ცხოვრობს და სხვაგან წასვლა არასოდეს უფიქრია. Მისთვის სამშობლო საკუთარი სოფლიდან იწყება, სადაც დაიბადა, დაოჯახდა და 5 შვილი გაზარდა. 

“არასოდეს არ მდომებია სოფლიდან წასვლა. აქ დავიბადე, გავიზარდე და ოჯახიც აქ შევქმენი”. 

Მაკა ფაკაური საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფლავისმანში ცხოვრობს. Მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი პროფესიით სოფელში სამსახური ვერ იშოვა, იქაურობის დატოვება მაინც ვერ შეძლო. 

“ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა მასწავლებლობის, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი ვარ, მაგრამ არასოდეს მიმუშავია, რადგან სკოლას ყოველთვის ჰყავდა საგნის მასწავლებლები, მე კიდევ სამსახურის გამო სოფლის დატოვება არ შემეძლო”.

სოფლიდან წასვლა გაუჭირდა 2008 წლის აგვისტოშიც, როცა ფლავისმანში დარჩენა ყველასათვის საშიში იყო.

“ჩვენც მოგვიწია სოფლის დატოვება, მაგრამ რა წამს უაკნ დაბრუნების საშუალება მოგვეცა, მაშინვე დავბრუნდით. ეს სიყვარულიც არის და ერთგულებაც იმ ყველაფრის, რასაც ჯერ ჩემი მშობლები ქმნიდნენ და ახლა მე ვქმნი, ჩემ ოჯახთან ერთად”. 

Მაკა ორსართულიან სახლში ცხოვრობს, რომელიც განსაკუთრებით უყვარს. Მისთვის აქ ყველაფერი ძვირფასია – ნივთები, ხედები ფანჯრებიდან, ჰაერი და მიწაც. 

მიყვარს აქაური ბუნება და ყველაფრის მიუხედავად, აქ მაინც ყოველთვის ყველაზე მშვიდად ვარ.  მიყვარს იმ ტყეების ყურება, სოფლის თავზე რომაა და სადაც ოჯახის წევრებთან ერთად, ზაფხულის დღეებს ვატარებდი ხოლმე”,გვითხრა და იმ ტყეებს გახედა, რომლებიც ფლავისმანს დაჰყურებს და რომლებსაც, უკვე წლებია, აქაურები ვეღარ სტუმრობენ. 

Მაკას სჯერა, რომ ოკუპაცია დროებითია და ერთ დღეს, მისი შვილები ისევე შეძლებენ იმ ტყეებში სეირნობას, როგორც თავად შეეძლო ბავშვობაში. 

“მართლა სამწუხარო და დამთგრუნველი იმის ყურება, რაც ჯერჯერობით ჩვენ აღარ გვეკუთვნის. საუცხოო სილამაზის ტყეებია სოფლის თავზე. ჩემ შვილებს სულ ვუყვები ჩემი ბავშვობის ისტორიებს, რადგან მინდა, რომ მათაც უყვარდეთ და ეძვირფასებოდეთ ის ყველაფერი, რაც აქაა და რაც ჩვენია”. 

Მაკას 5 შვილი ჰყავს. უფროსი ბიჭი ახლა უკვე სტუდენტია. 

პირველ და მეხუთე შვილს შორის ოცი წელია სხვაობა და მათ ურთიერთობას რომ ვუყურებ, ეგეც მყოფნის, რომ ბედნიერი ვიყო. უფროსი შვილი უკვე სტუდენტია და შესაბამისად წასულია სოფლიდან. რთული კია მის გარეშე ყოფნა, მაგრამ ამავე დროს აუცილებელიცაა, რადგან ქვეყანას, სოფელს განათლებული ახალგაზრდები გვჭირდება”.

მაკას მიზანია, რომ განათლება ხუთივე შვილს მისცეს, თუმცა იმაზეც დარდობს, რომ ამის მერე, სოფელში ცხოვრება  შესაძლოა მათთვის სასურველი აღარ იყოს. 

ახალგაზრდების ყველაზე დიდი პრობლემაა უმუშევრობა, სულ ვფიქრობ ამაზე და მგონია, რომ თუ მოხერხდება მცირე საწარმოების გაკეთება, ეს  ახალგაზრდებს სურვილს და ინტერესს გაუჩენს, რომ ცხოვრება სოფელში გააგრძელონ. თუ ახალგაზრდებს არ მოვანდომებთ აქ დარჩენას, ამ სოფლის ბოლო დაბერება და დაცლა იქნება”.

უმუშევრობა მთელი სოფლის მთავარი პრობლემაა. Როგორც მაკამ გვითხრა, მის მსგავსად, გარშემო უამრავი ქალია, ვინც მთელ ცხოვრებას საოჯახო და სამეურნეო საქმეებში ატარებს.

“სოფელში ქალების უმეტესი ნაწილი დაუსაქმებელია. ძირითადად სოფლის მეურნეობაში არიან, რაც უდიდეს ენერგიას და შრომას მოითხოვს.”

უმუშევრობის და თანმდევი ეკონომიკური პრობლემების გამო, ადამიანების ნაწილი სოფლიდან, ნაწილი კი ქვეყნიდან მიდის.  Მაკას აზრით, თუ ამ სოფლების დაცლა არ გვინდა, მათი მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ. Მისივე სიტყვებით, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ:

“მცოცავი ოკუპაციის პირობებში, ფლავისმანის მსგავს სოფლებში არ გვაქვს უფლება ეზოს ჩაყუჩების“.


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.