ადამიანები ისტორიები

„ბედნიერებაა, როცა შენი საქმით სხვას ეხმარები“ – 69 წლის ექთანი ტირძნისიდან

2008 წლის აგვისტოში, როცა  გორის დასვენების პარკი „ახალბაღი“ დევნილებისთვის დროებით საცხოვრებლად იქცა  და  მთელს ტერიტორიაზე კარვები გაიშალა,. ზაირა დარბუაშვილმა სოფლიდან გორში სიარული დაიწყო – ყოველდღე ჩამოდიოდა, რათა  ომის შედეგად დაშავებულებისთვის პირველადი დახმარება აღმოეჩინა. 

საომარი მოქმედების დროს ხალხი ცხოვრობდა ახალბაღის ტერიტორიაზე. დევნილები კარვებში ცხოვრობდნენ და იქ მიწევდა მორიგეობა. იმ დროს ტრანსპორტი ძალიან ჭირდა, რადგან ჩვენს ტერიტორიას რუსები აკონტროლებდნენ, ჭირდა სოფლიდან ჩამოსვლა“, – იხსენებს ზაირა.

დღეს ზაირა  69 წლის არის და ისევ სხვებზე ზრუნვას აგრძელებს – უკვე 35 წელია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის ამბულატორიაში მუშაობს ექთნის პოზიციაზე.

ამბულატორიაში მისი სამუშაო საათები 6 საათზე მთავრდება, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ თანასოფლელებს  დახმარება 6 საათის შემდეგაც გაუწიოს.

„მეზობელი მყავდა ექთანი  და ვხედავდი, თუ როგორ ეხმარებოდა ავადმყოფ ადამიანებს, მათ შორის დედაჩემსაც. ბავშვი ვიყავი და სულ ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი გამოვსულიყავი ექთანი, რადგან მეც დავხმარებოდი ადამიანებს.ავისრულე ჩემი სურვილი და დავამთავრე ქალაქ გორის სამედიცინო სასწავლებელი“.

 ზაირამ საექთნო საქმე სასწავლებლის დასრულებისთანავე დაიწყო. 1988 წლის 24 თებერვლიდან კი ამბულატორიაში მუშაობს. პირველ სამუშაო დღეს ხშირად იხსენებს და ამობს, რომ ეს ნამდვილად ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი იყო. 

რთულ პერიოდებზე საუბარს 90-იანი წლებით იწყებს. მას თვეების განმავლობაში უწევდა ხელფასის გარეშე, ენთუზიაზმით მუშაობა, თუმცა მიუხედავად ამისა, ერთი დღითაც კი არ შეუწყვეტია ხალხის დახმარება.

მოგეხსენებათ ექთნის ხელფასი ნამდვილად არ იყო მაღალანაზღაურებადი. მუშაობა დავიწყე 65 მანეთზე. შემდეგ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ  დამატებით გამევლო საოჯახო მედიცინის გადამზადების კურსები.. გამოვიარეთ უშუქობის და უკიდურესი გაჭირვების პერიოდი, უხელფასობა, სამუშაო პირობები ფაქტობრივად არ გვქონდა, თუმცა მაინც ვაგრძელებდით მთელი ენთუზიაზმით მუშაობას.”

არაერთი გაჭირვების და სირთულის მიუხედავად, ზაირასთვის მაინც ყველაზე დიდი გამოწვევა, 2008 წლის აგვისტოს ომი იყო. როგორც თავად ამბობს, ომის კვალი ყველა ადამიანს დაეტყო და ბევრს სამედიცინო დახმარებასთან ერთად, ხშირად მორალური მხარდაჭერაც სჭირდება. 

მე დღეს ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ჩემს ასაკში მაქვს სამსახური, ენერგია, ხალხის დახმარების მოტივაცია, ამიტომ არ მიჭირს დაკისრებული მოვალეობის შესრულება“.

ომის, გაჭირვების თუ უხელფასობის მიუხედავად, ზაირას პროფესიის არჩევა არასდროს უნანია. ამბობს, რომ  ბედნიერია, რადგან  სხვებზე ზრუნვა 69 წლის ასაკშიც შეუძლია.

„იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა შენი საქმით სხვას ეხმარები.”


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.