ადამიანები ისტორიები

დაკარგული საფლავების სევდა და შვილების მომავალზე დარდი – სიბერე საოკუპაციო ხაზთან

სანამ საუბარს დავიწყებთ, გვინდა ფოტო გადაგიღოთ, შეიძლება?

რითი, ამითი?

კი, ტელეფონით

აბა, მე ფოტოსთვის კიდევ ვვარგივარ?!

თამარ მეტრეველი დაბალი, გამხდარი ქალია. თაფლისფერი თვალები აქვს და როგორც გვითხრა, ერთ დროს თმაც ამავე ფერის ჰქონია. ახლა კი, შავი თავშლიდან მხოლოდ ჭაღარებიღა მოუჩანს. 

“ოთხმოცდაათი წლისა ვარ, დავბერდი …”

72 წელია, რაც თამარი ფლავში ცხოვრობს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ამ სოფლის სიახლოვეს საოკუპაციო ხაზმა გაიარა. 

“მე იმ ხაზთან არც მივდივარ, არ შემიძლია მაგის ყურება… რასაც ვგრძნობ და რაც მტკივა, იმის გადმოცემას უბრალოდ ლექსებით ვცდილობ. დავჯდები ხოლმე და ვწერ”, – გვითხრა, წამიერად ჩაფიქრდა და ჩაიჩურჩულასავით, – “ვერაგულად შემოიჭრნენ, დაგვირბიეს ერი, სულ ტანკებით გადათელეს, ქართლი მშვენიერი”. 

თამარის მშობლიური სოფელი ქვემობილია, რომელიც ახალგორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 

“Ქვემობოლში, გლეხი კაცის ოჯახში დავიბადე. ჩვენთან ყველა შრომობდა და მაგიტომაც არაფერი გვაკლდა. ყველაფერი გვქონდა. ხუთი დედმამიშვილი ვიყავით და დიდი მხიარულებაც იყო ხოლმე. ისე კი მთიული ქალი ვარ და მაგ მთიულური სიჯიუტით ვერ ვეგუები იმას, რაც ახლა ხდება, ზოგიერთი რუსეთის ყმასავით რომ იქცევა და იმ ყველაფერს ეგუება, რაც ჩვენ თავს ხდება”, – გვითხრა თამარმა, იქვე, სავარძლის თავზე მიმაგრებული თაროდან ფოტოალბომი ჩამოიღო და გადაშლამდე, ისევ საკუთარი ლექსი წაიღიღინა, – “რა დამავიწყებს ქვემობოლს, სადაც ფეხშიშველს მივლია, მამას რომ შევშველებოდი, მინდვრები შემომივლია”.

სხვადასხვა დროს გადაღებულ ფოტოებზე მისი ოჯახის წევრებიც ჩანდნენ. მათ შორის ისინიც, რომლებიც ახლა ცოცხლები აღარ არიან. როგორც ჩანს, თამარს სწორედ მათი ჩვენება უნდოდა. 

“აი, ესენი ჩემი დედმამიშვილები არიან. ახალგორში არიან დაკრძალულები. მე კიდევ მათ საფლავზე ვერ მივდივარ. ეს გაიოზია, ჩემი ქმარი და ვერც მის საფლავზე მივდივარ. მეშინია, მოვა რუსი, დამიჭერს და სად ვიპოვი მერე სამართალს? არ ვიცი, ამას როგორ ვეგუებით ხალხი”, – თქვა და ფოტოალბომის ფურცვლა განაგრძო. 

მისი ახალგაზრდობის დროინდელი ფოტოები შავ-თეთრია. ერთ-ერთ მათგანზე თამარს თეთრსაყელოიანი კაბა აცვია. როგორც გვითხრა, ამ ფოტოზე ახალი დაოჯახებულია. 

“დაოჯახების შემდეგ, ამ სოფელში ვცხოვრობ. თავიდან კოლექტივში ვმუშაობდი, მაგრამ ეგ ჩემი მიზანი და ოცნება არასოდეს ყოფილა. მე სულ იმას ვფიქრობდი, რომ სამედიცინოზე ვისწავლიდი და ახალგორში სახელოვანი ექიმი ვიქნებოდი”. 

თამარმა უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო. ამბობს, რომ მის ამ მისწრაფებას ოჯახი დიდად მხარს არ უჭერდა და საბოლოოდ, გარშემომყოფების განწყობებმა გავლენა მასზეც იქონია. 

“კურსზე ყველაზე კარგად მე ვსწავლობდი, ორივე ხელი აწეული მქონდა ხოლმე, მაგრამ მეუბნებოდნენ, ომი დაიწყება და შენც იქ წაგიყვანენო. იმდენჯერ მითხრეს ეს, რომ საბუთები გამოვიტანე”. 

სწავლის გაგრძელება თამარმა ვერც დაოჯახების შემდეგ შეძლო. ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ოჯახის მსახურებაში გაატარა, მაგრამ საკუთარმა გამოცდილებამ ასწავლა, რომ შვილები უმაღლესი განათლების გარეშე არ უნდა დაეტოვებინა. 

“სამი შვილი გავზარდე, სამივეს უმაღლესი განათლება მივაღებინე. Სწორი ვქენი და ყველა დედამ იგივე უნდა გააკეთოს, მნიშვნელობა არ აქვს, შვილი გოგო იქნება თუ ბიჭი”. 

თამარს ეშინია, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება კიდევ უფრო გაჭირდება. ამბობს, რომ ამას განსაკუთრებით მოხუცები გრძნობენ – ისინი, ვისაც არც მშვიდი სიბერე ერგო და შვილებზე დარდიც მოსვენებას არ აძლევს. 

ქალი დავბერდი, ესეთი ცუდი დრო არ მინახია. Რომ ვუყურებ, რა ხდება ქვეყანაში, ყველაფერი ძვირდება, ყველას ბანკის ვალები აქვს… არ ვიცი, ძალიან უჭირს ხალხს ცხოვრება და მეც სულ ვნერვიულობ, ჩემი შვილების მომავალი როგორი იქნება, რას შეძლებენ, რას ვერ შეძლებენ. Მუდამ ამაზე რომ ფიქრობ, Მშვიდი სიბერე რანაირად უნდა გქონდეს?! ამ პენსიით ან ვის როგორ უნდა დაეხმარო, საკუთარ თავზეც რომ არ გყოფნის?!”. 

სამშობლოზე, დაკარგულ საფლავებსა და შვილების მომავალზე დარდით, თამარი სიბერეს ორ-სართულიან სახლში, მარტო ატარებს. ასაკის მატებასთან ერთად, სახლიდან უფრო და უფრო იშვიათად გამოდის, თუმცა როგორც გვითხრა, უსაქმოდ ყოფნა მაინც არ შეუძლია. 

“90 წლისა ვარ, არავისთვის არაფერი არ მითხოვია და დღემდე მე თვითონ ვაკეთებ ყველაფერს. ასაკში ლოცვა დავიწყე და ყველა დილას ლოცვით ვიწყებ. Მერე თითქოს იმედიც მეძლევა, რომ სულ ასე არ იქნება, რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება”.


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.