ადამიანები ისტორიები

“ვაგრძელებ პაპის დაწყებულ საქმეს” – ახალგაზრდა, რომელიც ხის დაწნულ ნივთებს ამზადებს

27 წელია ვქმნი დაწნულ ნივთებს. 10 წლის ვიყავი, როცა საყოფაცხოვრებო ნივთების გაკეთება დავიწყე, – ამბობს კასპში მცხოვრები მეწარმე ლევან ქოსაშვილი, რომელიც გამოფენებში აქტიურად მონაწილეობს. ლევანს დამთვალიერებლებისთვის თითოეული ნივთის ისტორიის მოყოლა არასდროს ბეზრდება.

“10 წლის ასაკში უკვე შეკვეთებს ვიღებდი და თბილისში ჩამქონდა მატარებლით. ეს არის ჩვენი ოჯახური საქმე. პაპა წნავდა, შემდეგ ბიძამ უფრო დახვეწა და გაამრავალფეროვნა. შეიძლება ითქვას, ხელი ჩამჭიდა და გვერდით დამიყენა, რადგან ინტერესი მქონდა. დაახლოებით 2 წელი ვიმუშავე მასთან ერთად, შემდეგ უკვე მე გავაგრძელე დამოუკიდებლად”, – ამბობს ლევანი.

ლევანის სამუშაო დღე დაახლოებით 12 საათს გრძელდება. ამბობს, რომ ეს რთული და შრომატევადი პროცესია.

“კალამუსია ის მცენარე, რომლითაც ვამზადებ ნივთებს. ეს არის ადგილობრივი მასალა, რომელიც მოდის მდინარის პირას. იჭრება, იხარშება 8 -10 საათი, შემდეგ კანი ეცლება, 2 დღე შრება და მერე უკვე ჩალბობის პროცესია, რის შემდეგაც ვწნავთ. 12 საათი მაინც ზიხარ და მუშაობ ნივთის შექმნაზე, ეს საქმე თუ არ გიყვარს, გამორიცხულია შეძლო”, – აღნიშნავს ლევანი.

“არტ კალამუსის” დახლთან ბევრ საინტერესო ნივთს მოვკარით თვალი – სპილოს თავი, ზარდახშა, ჩაიდანი, კალათები. ლევანი ყველა მათგანს ხელით ამზადებს და ისინი ეკოლოგიურად სუფთაა.

“ვამზადებთ საყოფაცხოვრებო ნივთებს, სუვენირებს, ძაღლის და კატის სახლებს, ჩანთებს, საქანელებს. ეს ყველაფერი არის ხელნაკეთი და ეკოლოგიურად სუფთა. მთავარია იდეა და მე ყველაფრის განხორციელება შემიძლია”, – გვიყვება ლევანი.

ლევანი ახლო მომავალში სასწავლო სახელოსნოს მოწყობას გეგმავს, სადაც მსურველებს დაწვნას შეასწავლის. ამბობს, რომ ინტერესი დიდია, ამიტომ შესასწავლად ონლაინ გაკვეთილებსაც ჩაატარებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.