ადამიანები ისტორიები

თებრონე მასწავლებელი და ჩვენ – კლასგარეშე საუბარი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლაში

თებრონე მასწავლებელთან სასაუბროდ გაკვეთილების შემდეგ დავრჩით. Როცა მისი მაგიდის წინ მოვთავსდით და კითხვების დასასმელად მოვემზადეთ, მან გვითხრა, – მეც ყოველთვის მიყვარდა ჩემს მასწავლებლებთან საუბარი, განსაკუთრებით კი მათთან, ვინც ისტორიას მასწავლიდაო. 

თებრონე რაზმაძე-მეტრეველი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში დაიბადა, თუმცა დაოჯახების შემდეგ ფლავში ცხოვრობს. ჩვენს სკოლაში მუშაობა 1993 წელს დაიწყო, იქამდე კი ისტორიას ზნაურის სკოლის მოსწავლეებს ასწავლიდა. 

“60 წლის ვარ და აქედან 35 წელი სკოლაში მაქვს გატარებული. Სანამ აქ, თქვენთან დავიწყებდი მუშაობას, ზნაურის სკოლაში ვასწავლიდი”, – გვითხრა საუბარში. 

Ზნაური ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთ-ერთი ქართული სოფელია. Საოკუპაციო ხაზთან ახლოსაა ჩვენი სკოლაც – რუსი სამხედროების მიერ დამონტაჟებული, ე.წ. Საზღვრის აღმნიშვნელ ბანერი ჩვენგან 400-500 მეტრში დგას. 

“ყოველთვის ასე არ ყოფილა. იყო წლები, როცა იმ სოფლებში თავისუფლად გადავდიოდით და გადმოვდიოდით. იქ გყვავდა თანამშრომლები, მეგობრები და ისინიც მოდიოდნენ ჩვენთან”, – გვითხრა თებრონე მასწავლებელმა და დაამატა, – ეჰ როგორ მინდა, ამ მწარე რეალობის შეცვლა შემეძლოსო. 

Საუბარში გავიგეთ, რომ ჩვენს სოფელში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ერთნავიანი ეკლესია ადრე ქრისტიანული ხანისაა. თებრონე მასწავლებელმა გვითხრა, რომ მისი შეკეთებისთვის ადგილობრივებს თანხაც აუგროვებიათ. 

“ამას გიყვებით იმიტომ, რომ თქვენი სოფლის, თქვენი წარსულის მიმართ ინტერესი ყოველთვის გქონდეთ. Მოუფრთხილდეთ ჩვენს ძეგლებს და არ მიატოვოთ ისინი. წარსულის ცოდნა დაგეხმარებათ, რომ უკეთ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება და გაიაზროთ, რა მოჰყვება თქვენს თითოეულ ნაბიჯს მომავალში”. 

თებრონე მასწავლებელი ისტორიის სწავლის მნიშვნელობაზე, საგაკვეთილო პროცესშიც, ხშირად გვესაუბრება. იმასაც ხშირად გვახსენებს, რომ ჩვენი სოფლის მიტოვება არ შეიძლება. 

“გარშემო რამდენი დაუმუშავებელი მიწაა, თქვენც ხომ ხედავთ? ეს იმიტომ, რომ ახალგაზრდები, ვისაც ძალა და ენერგია აქვს, სამუშაოდ სხვაგან მიდიან. ადრე ასე არ იყო. იმ დროის დაბრუნება მინდა, როცა აქტიური ხალხი სოფელში რჩებოდა და აქაურობაზე ზრუნავდა”.

ფლავში მოსახლეობის რიცხვი ყოველწლიურად მცირდება. Სოფელს განსაკუთრებით ახალგაზრდები ტოვებენ. 

“ვცდილობ, ჩემი ყოფილი თუ ახლანდელი მოსწავლეები განვაწყო იმისკენ, რომ ადგილზე გაისარჯონ და ისე აიწყონ კარიერა. Სადაც შევხვდები, მათაც სულ ასე გულახდილად ველაპარაკები, რომ არ წავიდნენ აქედან. მენანება ეს სოფელი დაცლისთვის”, – გვითხრა თებრონე მასწავლებელმა და დამშვიდობებამდე, საუბრის შეჯამებასავით დაამატა, – ახალგაზრდები იმსახურებთ, რომ უკეთესი ქვეყანა გქონდეთ და ეს ქვეყანაც იმსახურებს, რომ აქტიური და განათლებული მოქალაქეები ჰყავდესო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.