ადამიანები ისტორიები

მივხვდი, რომ შვილს ძლიერი და შემდგარი დედა სჭირდებოდა – მარიამ ობოლაძის ამბავი

ოცნებად მქონდა მასწავლებელი ვყოფილიყავი, ამიტომ 25 წლის ასაკში ჩავაბარე სულხან ცინცაძის სამუსიკო სკოლაში და მივიღე მუსიკალური განათლება ვოკალის განხრით, – ამბობს მარიამ ობოლაძე, რომელმაც ხაშურში მუსიკალური სტუდია შექმნა და ადგილობრივ ახალგაზრდებს მუსიკას ასწავლის.

29 წლის პედაგოგი ბავშვობიდან მღერის. მარიამი როგორც საესტრადო, ისე კლასიკურ ნაწარმოებებს ასრულებს.

“მუსიკა ცეკვა და სცენა ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან ვმღერი და ვცეკვავ. ხაშურში ვიყავი ერთ-ერთი ანსამბლის წამყვანის სოლისტი. ისე მიყვარდა ხელოვნება, ოცნებად მქონდა, რომ მასწავლებელი გავმხდარიყავი. პირველად მუსიკალურ სასწავლებელში 19 წლის ჩავირიცხე თბილისში, თუმცა ვერ გავაგრძელე სწავლა და მომიწია თავის დანებება. პატარა ასაკიდან სცენაზე ვდგავარ. დაოჯახების და ბავშვის გაჩენის შემდეგ მქონდა რამდენიემე წლიანი პროფესიული პაუზა. 25 წლის ვიყავი როდესაც სულხან ცინცაძის სამუსიკო კოლეჯში ჩავაბარე. ჩემი მიზანი იყო მესწავლა, რადგან ვთვლი, რომ სწავლა გვიანი არასდროსაა, ჩემი საქმე უნდა მქონოდა, რადგან ჩემს ბიჭს წარმატებული და შემდგარი დედა უნდა ჰყოლოდა”, – ამბობს მარიამი.

მარიამმა ოცნება აიხდინა და საკუთარ ქალაქში სოლო კონცერტი გამართა. გვიყვება, რომ სწორედ ამ საღამოს შედმეგ გაუჩნდა იდეა მუსიკალური სტუდიის დაარსების.

“ვოკალური განხრთ მივიღე განათლება, ოპერის ჟანრში ვმღერი. იანვარში მქონდა ხაშურში ჩემი სოლო კონცერტი, რომელმაც ფანტასტიურად ჩაიარა. ჩემს კონცერტს ესწრებოდნენ ახალგაზრდები, მოზარდები. ჩემი გაოცება სწორედ ამან გამოიწვია, საოპერო ჟანრი ცოტა სპეციფიურია, თავისი მსმენელი ჰყავს და ეს ბავშვები ისე მისმენდნენ, ისე სიამოვნებდათ, გადავწყვიტე, სტუდია გამეკეთებინა და მე მათი პედაგოგი ვყოფილიყავი. მართალია, ამ ეტაპზე საესტრადო რეპერტუარს სწავლობენ, მაგრამ ვაპირებ ოპერაც შევაპარო, რადგან ამ ჟანრს თავისებური მომზადება სჭირდება”, – აღნიშნავს მარიამი.

მარიამმა სტუდია დაახლოებით ერთი წლის წინ დააფუძნა, თუმცა ამ მოკლე პერიოდში მოახერხა და საბერძნეთში მუსიკის მსოფლიო საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ლაურეატის წოდებით და გრან-პრით დაბრუნდა.

“25-მდე ბავშვი მყავს, სადაც სწავლობენ სიმღერას. სტუდიაში ბავშვები ქასთინგით მიიღებიან, ყველას არ ვიღებ. თუ ბავშვს სმენა და ხმა არ აქვ, უარს ვეუბნები, რადგან ჩემთვის თანხები არაფერს ნიშნავს, მთავარი ხარისხია. თუ ბავშვს შევატყობ, რომ კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ ოჯახს საშუალება არ აქვს ატაროს, ვეუბნები, რომ მათი არაფერი მინდა, მთავარია, ბავშვი ატარონ და ნიჭი არ დაუკარგონ. რაც შემიძლია, ვუკეთებ და ვეხმარები მუსიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, შეღავათები მაქვს სოციალურად დაუცველებზე”, – გვიყვება მარიამი.


ოქტომბრის ბოლოს მარიამი სტუდიის ბავშვებთან ერთად საქველმოქმედო კონცერტისთვის ემზადება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.