ადამიანები ისტორიები

თეატრი არის ადგილი, სადაც შეგიძლია სულიერი შიმშილი მოიკლა – ახალგაზრდა მსახიობი კასპიდან

ყველა ახალგაზრდას უნდა მიეცეს საშუალება, აისრულოს თავისი სურვილები და იმ გზას დაადგეს, რომელიც მისთვის საინტერესოა,  – ამბობს საყმაწვილო თეატრის მსახიობი ოთო გოდერძიშვილი, რომელიც მისივე სიტყვებით, ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე და საკუთარი თავი სხვა სფეროში ვერ წარმოედგინა.

ოთომ დიდიხნის ოცნება აიხდინა და დღეს კასპის მუნიციპალიტეტში არსებულ თეტრის “ფარდის მიღმა” ერთ-ერთი წარმატებული მსახიობიო. დასთან ერთად მონაწილეობს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გამართულ სპექტაკლებში.

“საყმაწვილო თეატრის შესახებ ახლობლისგან გავიგე, მაგრამ რატომღაც მომერიდა მისვლა და ხელმძღვანელთან გასაუბრება, თუმცა ის აზრი, რომ შეიძლებოდა მსახიობის ოსტატობას და სასცენო ხელოვნებას დავუფლებოდი, მოსვენებას არ მაძლევდა. ვფიქრობდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც ჩემს ოცნებას რეალობად ვაქცევდი, ამიტომ ჩემი სიმორცხვე დავძლიე და თეატრში მოვედი და ამით ბედნიერი ვარ. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია სულიერი შიმშილი მოიკლა”, – იხსენებს ოთო.

ოთო ფიქრობ, რომ მისთვის საყმაწვილო თეატრი არის გზა დიდ სცენაზე მოსახვედრად.

“სამხატვრო ხელმძღვანელის დახმარებით, ჩვენი დასი საკმაოდ სერიოზულ სპექტაკლებზე მუშაობს. გამოვარჩევდი ვაჟას ნაწარმოებებზე შექმნილ სპექტაკლს, რომლითაც საბერძნეთში გასტროლზეც ვიყავით. საკუთარი თავის განვითარებისთვის აქ ბევრი მუშაობა გვიწევს, გუშინ რა შეცდომაც დავუშვით, დღეს უნდა გამოვასწოროთ. ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევთ და ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ეს არის კარგი შანსი დიდ სცენაზე მოსახვედრად”, – აღნიშნავს ოთო.

ოთოს პროფესია უკვე არჩეული აქვს. ამბობს, რომ მსახიობი გახდება. მისი თქმით, ეს არის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს.

“სკოლაში განსაკუთრებით იმ საგნებით ვარ დაინტერესებული, რომელიც სამსახიობო ფაკულტეტზე ბარდება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას. საყმაწვილო თეატრმა კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ სცენაზე დგომა და მსახიობის საქმე ჩემია. ეს სივრცე ახალგაზრდებს საკუთარი თავის პოვნაში გვეხმარება. შეიძლება აქ ყველა მსახიობი არ გახდეს, მაგრამ აქედან გასული ახალგაზრდები სულ სხვანაირი კულტურის მატარებლები არიან. ვფიქრობ, ასეთი შანსი ყველა ახალგაზრდას უნდა მიეცეს, ჩვენ ქალაქს ძალიან გაუმართლა”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.