ადამიანები ისტორიები

“დოლის პური” – როგორ დაიწყო ხაშურელმა ქალმა პურის უძველესი რეცეპტით ცხობა

64 წლის ნანა ლომსაძე ხაშურში უძველესი ტრადიციით და რეცეპტით დამზადებულ დოლის პურს ყიდის. საწყის ეტაპზე, მისი მიზანი ბიზნესის წამოწყება არ ყოფილა და პურის ცხობას მხოლოდ ოჯახისთვის ფიქრობდა.

საქმის მიმართ ისეთი ინტერესი გაჩნდა, ნანამ გადაწვიტა ცხობის ტექნიკას პროფესიულად დაუფლებოდა და ამისთვის სპეციალური კურსიც გაიარა. ის “აწარმოე საქართველოს” კონკურსის გამაჯვებულიც გახდა, რომლის დახმარებითაც საცხობი მოაწყო და მას შემდეგ, პურს არამხოლოდ ოჯახისთვის, არამედ სარეალიზაციოდაც აცხობს.

“ჩემი დღე იწყება დილის შვიდ საათზე საოჯახო საქმით და გრძელდება პურის საცხობში.  რამდენიმე წლის უკან  ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენს რაიონში მოქმედ ფერმერს მოჰყავდა ძველი ქართული ჯიშის სხვადასხვა სახეობის  ხორბალი, იქვე იფქვებოდა ცეხვილი ფქვილი და ხდებოდა მისი რეალიზაცია. ამ ფქვილების შეძენის შემდეგ, დავიწყე ოჯახის წევრებისთვის პურის გამოცხობა და ისე მოვიხიბლეთ მისი გემოვნური თვისებებით, რომ გადავწყვიტე, პროფესიულ დონეზე შემესწავლა ეს საქმე.  “აწარმოე საქართველოს” კონკურსის დახმარებით კი, ჩემი ინტერესის, არტიზანული მეთოდით პურის ცხობის პრაქტიკაში განხორციელების საშუალება მომეცა”, – გვიყვება ნანა.

ნანა ამბობს, რომ ცხობის პროცესი ხანგრძლივი, რთული და შრომატევადია.

“თითქმის 48 საათიანი პროცესია. საფუარის ფერმეტაციას უნდა 12 საათი, მისი მომზადება ხდება მაჭრის და სიმინდის ფქვილისგან , რომელიც წინა დღეს იწყება, შემდეგ ხდება ცომის მოზელა, 2-3-ჯერ გადაზელა, შემდეგ ფორმირება და გვიან უკვე ცხობა.  დოლის პურის მარცვლისგან მიღებულ ფქვილს ახასიათებს ცხობის მაღალი უნარიანობა. ცომი ზელაში კარგად ფუვდება, მატულობს, ცხვება გემრიელი, სურნელოვანი პური, რაც განასხვავებს მას ჩვეულებრივი პურისგან. წითელი დოლის პური ქიმიური საფუარის გარეშე, ბიოლოგიურად სუფთა და შესაბამისად, მაღალი საკვები ღირებულებით გამორჩეული პროდუქტია”, – აღნიშნავს ნანა.

ნანას მთავარი მიზანი ძველი ქართული ჯიშებისა და მისგან ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პროდუქტის პოპულარიზაციაა. მისი სურვილია, რომ ქართული ხორბლის ენდემურმა ჯიშებმა თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავონ კვების სფეროში.

“ჯერჯერობით საცხობი საცდელ რეჟიმში მუშაობს და მცირე რაოდენობის პროდუქციას ვაწარმოებ, რომლის ცხობასაც მარტო ვახერხებ. პურის რეალიზაცია ხდება ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ სავაჭრო ობიექტში, მიმდინარეობს მოლაპარაკება ქსელურ მაღაზიებთან. ამ ეტაპზე ჩემს საცხობში წარმოებული პური არ არის დიეტური, თუმცა სამომავლოდ იგეგმება დიეტური პურის წარმოება შესაბამისი ტექნოლოგიის გამოყენებით”, – ამბობს ნანა.

ნანამ თანამოაზრეებთან ერთად ხაშურში მეწარმე ქალთა გაერთიანება დააფუძნა. ამბობს, რომ ორგანიზაციის მიზანი სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალების ჩართულობაა.

“საქმიანობის დაწყების შემდეგ შეხვედრები მომიწია რაიონში სხვადასხვა სფეროში მოქმედ მეწარმე ქალებთან. გამოიკვეთა საერთო ინტერესები და მიმდინარე წლის აპრილის თვეში დავაფუძნეთ ა(ა)იპ “ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანება“, ორგანიზაცია გეგმავს ქალთა მონაწილეობის გააქტიურებას მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, მათ ინფორმირებულობას და დაინტერესებას სხვადასხვა საკითხებით”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.