ადამიანები ისტორიები

“ყველაზე ძვირფასი ჯილდო მოსწავლის სიყვარულია” – ნუნუ ჯამბაზიშვილის 40 წელი სკოლაში

“კარგ მასწავლებელს უნდა შეეძლოს, მოსწავლისთვის გასაგებ ენაზე ახსნას გაკვეთილი და ყველას თანაბრად გაუნაწილოს სითბო და სიყვარული”, – ამბობს 72 წლის პედაგოგი, რომელმაც ცხოვრების ნახევარი სკოლასა და ახალი თაობის აღზრდაში გაატარა.

დაახლოებით 40 წლის წინ, ნუნუ ჯამბაზიშვილმა სკოლის კარი პირველად შეაღო და პირველი კლასი ჩაიბარა. ამბობს, რომ ახლა მის მოსწავლეებს საკუთარი ოჯახები და შვილები ჰყავთ, ყველაზე მეტად კი დღემდე მათი უანგარო სიყვარული აბედნიერებს.

“ჩემი მოსწავლეების სიყვარულს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. ყველაზე დიდი საჩუქარი მოსწავლის პატარა ხელებით შექმნილი დახატული თუ გამოძერწილი ყვავილია, ფურცელზე ლამაზად გაფორმებული წარწერით “ნუნუ მასწავლებელო, მიყვარხართ”.

ნუნუ ახლა ცერონისის სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებელია. პედაგოგიური საქმიანობა კი კნოლევის სკოლიდან დაიწყო.

“მუშაობა კნოლევის არასრულ საშუალო სკოლაში დავიწყე. 3 წელი ვასწავლიდი. ამის შემდეგ ცერონისის საჯარო სკოლაში გადმოვედი. ჩემი, როგორც მასწავლებლის, უპირველესი და მთავარი მიზანია, ჩემი მოსწავლეები შევაიარაღო სათანადო ცოდნით და აღვზარდო ღირსეულ, განათლებულ მოქალაქეებად”, – გვიყვება ნუნუ.

ნუნუს დამსახურებული პედაგოგის ჯილდო აქვს მიღებული. ამბობს, რომ ეს სტატუსი მას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს საქმის და მოსწავლეების მიმართ.


“ბავშვებთან ურთიერთობისას ყველაზე მთავარია პედაგოგმა სითბო და სიყვარული არ დაიშურო. მოექცე მათ, როგორც თანატოლს. ჩემი პედაგოგიური საქმიანობის მთავარ მიღწევად მიმაჩნია, რომ ჩემი მოსწავლეების უმრავლესობამ საკუთარი თავი იპოვა და მიღებულ ცოდნას საკუთარ ქვეყანას ახმარს. დამსახურებული პედაგოგის ჯილდო ბევრ პასუხისმგებლობას მაკისრებს, რომ მეტი მონდომებით და ენერგიით ვიმუშაო”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.