ბლოგები

საკადრო პოლიტიკა კვლავ დასჯის და წახალისების მექანიზმია – რატომ ვერ ბედავს გორის ხელისუფლება ამის აღიარებას?

ავტორი: ლექსო ვალიაური

მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომლის პოლიტიკური ნიშნით დევნაც, გორის მერიას 48 000 ლარი დაუჯდა. ეს არის მხოლოდ იმ თანხის ოდენობა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, გორის ბიუჯეტიდან კომპენსაციის სახით გადამიხადეს, თუმცა სინამდვილეში, ამ ერთი უკანონო საკადრო გადაწყვეტილებით ადგილობრივ ბიუჯეტს კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენეს – ხუთი წლის განმავლობაში, აწარმოეს სასამართლო პროცესი, რომელშიც მოიწვიეს 15-მდე სხვადასხვა იურისტი და ზოგს ჰონორარი გადაუხადეს, ზოგი კი საბიუჯეტო დაწესებულებებში სხვადასხვა პოზიციებზე გააფორმეს, რა თქმა უნდა, მათაც ყოველთვიური ხელფასი ბიუჯეტიდან უხადეს. 

ჩემს ამბავს იმიტომ ვიხსენებ, რომ სამწუხაროდ, ის გორის ხელისუფლების უნებური შეცდომა კი არა, მახინჯი მმართველობის დამადასტურებელი ერთ-ერთი მაგალითია – მმართველობის, სადაც საკადრო პოლიტიკა დასჯის ან წახალისების იარაღად გამოიყენება. 

ჩემს შემდეგ, გორის მერიამ საკუთარი საკადრო გადაწყვეტილებებით არაერთხელ აზარალა ბიუჯეტი და სამწუხაროდ, ამ ზიანისთვის გადაწყვეტილების მიმღები პირების არც იურიდიული და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა – ანუ, არც ერთ მერს ან მუნიციპალური ა(ა)-ის ხელმძღვანელს საკუთარი არასწორი საკადრო გადაყწვეტილებების და ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის გამო, პასუხი არ უგია. 

არადა, როდესაც ჩემი სასამართლო პროცესები დასრულდა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაიდო, მაშინვე ვცადე, რომ ჩემი შემთხვევა ზიანის მომტანი არა ბიუჯეტისთვის, არამედ იმ თანამდებობის პირისთვის ყოფილიყო, ვინც ჩემი გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი – საუბარია, გორის მუნიციპალიტეტის მაშინდელ მერზე, ზურაბ ჯირკველიშვილზე. 

იურისტებთან განვლილი კონსულტაციების საფუძველზე, ყველა ტრიბუნიდან ვითხოვდი, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული კოპმენსაცია ჩემთვის პირადად ზურაბ ჯირკველიშვილს გადაეხადა. ამისთვის კი საჭირო იყო, რომ ახლა მერს, კოტე თავზარაშვილს უარი ეთქვა, ამ თანხის ბიუჯეტიდან გადახდაზე, მაგრამ ეს არ გააკეთა და ამ ქცევას ერთი მარტივი ახსნა და პასუხი აქვს: საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება მმართველი ძალის სასარგებლოდ და დაკვეთით, შესაბამისად, მსგავსი დაკვეთისგან დაცული არც ახალი მერი იყო და შესაბამისად, არ დაუშვა ისეთი პრეცენდენტი, რომლის მსხვერპლი შესაძლოა მომავალში თავადაც გამხდარიყო. 

მსგავს პრეცენდენტს არც ახალი მერი უშვებს და საბოლოოდ, ადგილობრივი ხელისუფლების უკანონო საკადრო გადაწყვეტილებების შედეგად, ბიუჯეტის ფული, მოქალაქეთა პრობლემების მოგვარების ნაცვლად, კომპენსაციების და სასამართლო დავების წარმოებას ხმარდება. 

და რაც კიდევ უფრო საშიშია ჩვენი ქალაქის დემოკრატიული განვითარებისთვის, საკადრო პოლიტიკა მუნიციპალიტეტის ინტერესების სასარგებლოდ კი არა, მმართველი პარტიის გაძლიერების ინსტრუმენტად რჩება. 

ამავე თემაზე: წაგებული დავები და კომპენსაციები – რა უჯდება გორის ბიუჯეტს ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა?

ჩვენ გაგვიჭირდება გავიხსენოთ გორში გამართული საპროტესტო აქცია, სადაც საბიუჯეტო დაწესებულების თანამშრომლები ღიად დაფიქსირდნენ. გაგვიჭირდება გავიხსენოთ საჯაროდ გამოთქმული მათი კრიტიკული პოზიციები, რაც თავისთავად აჩენს ეჭვს, რომ საბიუჯეტო დაწესებულებაში სამსახურის შენარჩუნებას ეს ხალხი პირადი პოზიციების, მოქალაქეობრივი ვალდებულებების უგულებელყოფით ახერხებს, რაც ისეთი პატარა ქალაქისთვის, როგორიც გორია, კიდევ უფრო საშიშია. 

სამწუხაროა, რომ ამ საფრთხეებზე სამოქალაქო სექტორი ცალკე ვსაუბრობთ და ვერც გორის მერი, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული ან ვერც საკრებულოს არჩეული დეპუტატები ვერ ბედავენ ამ მახინჯი რეალობის აღიარებას და კანონით მინიჭებული ვადის რეალური ცვლილებებისთვის გამოყენებას. რატომ შეიძლება არ უნდოდეს ამის გაკეთება? – ან პარტიის ეშინიათ ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება მათვისაც მისაღებია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.