ბლოგები

როგორია სპეც. მასწავლებლის როლი სსსმ მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესში?

ავტორი: ეთო ადუაშვილი, სპეციალური მასწავლებელი

ინკლუზიური განათლება წლებია დამკვიდრდა ჩვენს სკოლებში, თუმცა ყველამ ჯერ კიდევ არ იცის, რას გულისხმობს ის.

ინკლუზიური განათლება არის საგანმანათლებლო მიდგომა და იდეა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის ხარისხიან განათლებას, მათ მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში, სოციალურ ინტეგრაციას, მიუხედავად იმისა, თუ რა უნარ-შესაძლებლობები გააჩნიათ მათ.

ვინ ერთვება ინკლუზიური განათლების პროგრამაში? როდის ან რატომ დგება ამის აუცილებლობა?

ინკლუზიური განათლების პროგრამაში ერთვებიან ის მოსწავლეები, რომელთაც სირთულეები აქვთ სწავლაში სხვადასხვა მიზეზების გამო და თანატოლებთან შედარებით, ვერ მისდევენ ეროვნულ სასწავლო გეგმას.

რა ხდება მას შემდეგ, რაც მოსწავლე ჩაერთვება ინკლუზიური განათლების პროგრამაში?

აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის შემდგომ, სკოლა უფლებამოსილი ხდება დამატებითი სპეციალისტები ჩართოს სწავლა-სწავლების პროცესში. ესენია: სპეციალური განათლების პედაგოგი, ფსიქოლოგი, ლოგოპეტი (თუ ამის საჭიროებაა), მაგრამ ძირითადად, ყველაზე მნიშვნელოვან როლს სპეციალური განათლების პედაგოგი თამაშობს.

სპეციალური განათლების პედაგოგი, უპირველეს ყოვლისა, აფასებს მოსწავლის აკადემიურ, კოგნიტურ, კომუნიკაციურ, სოციალურ, ფსიქოემოციურ, ქცევით, ფუნქციურ და მოტორულ უნარებს. აღნიშნულ უნარებში შეფასება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ,შემუშავდეს მოსწავლისთვის ყველაზე რელევანტური სწავლების სტრატეგიები (სწავლის სტილი). ასევე მნიშვნელოვანია მათი ინტერესის სფეროს დადგენა, რათა ეს შემდგომში გამოვიყენოთ და დავალებები მათ ინტერესს მოვარგოთ, რითაც გავუზრდით სწავლის მიმართ ინტერესს და მოტივაციას.

მას შემდეგ, რაც დავადგენთ მოსწავლისთვის ყველაზე შესაფერის სწავლების სტილს, ვცდილობთ მასალა ამ გზით მივაწოდოთ. მაგალითად, უფრო ნათელი რომ გავხადოთ, თუ მოსწავლე უფრო ადვილად იმახსოვრებს ვიზუალურად, მას სასწავლო მასალას ვაწოდებთ ილუსტრირებული წიგნებით, ნახატებით, ვიდეოებით; ხოლო თუ უფრო ადვილად იმახსოვრებს მოსმენით, მაშინ აუდიო რესურსს ვთავაზობთ. ასევე შეიძლება ტაქტილურად მივაწოდო სასწავლო მასალა, რათა უფრო ადვილად აღქმადი გახდეს მისთვის (ამგვარად მიწოდებული მასალა ადვილად აღიქმება მცირემხედველი მოსწავლის მიერაც). ეს მიდგომა გვეხმარება იმაში, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ისე, როგორც უადვილდებათ, როგორც მოსახერხებელია მათთვის. ასევე შესაძლეველია შესასწავლი მასალის რაოდენობაში შემცირება, გამარტივება, სხვა ალტერნატიული ტექსტის შეთავაზება  და  ა.შ. მოსწავლეებსაც თავის მხრივ, საშუალება აქვთ გაკვეთილი მოყოლის ნაცვლად, ნახატით წარმოადგინონ, ან 1 გვერდის ნაცვლად ნახევარი გვერდი დაწერონ. ასეთი მიდგომა ეხმარებათ მათ ყოველგვარი სტრესისა და შფოთვის გარეშე აითვისონ და შეისწავლონ ის, რაც მათ უნარ-შესაძლებლობებს შეესაბამება.

სპეციალური განათლების პედაგოგი ამეცადინებს მოსწავლეს ინდივიდუალურად რესურს ოთახში. ყოველდღიური მეცადინეობა და ვარჯიში როგორც აკადემიურ, ასევე კოგნიტურ უნარებში აჩქარებს მოსწავლის განვითარების პროცესს. სპეციალური მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლის სოციალური უნარების განვითარებას, რაც კლასთან ურთიერთობით მიიღწევა, ამიტომ სპეც.მასწავლებელი აქტიურად მუშაობს კლასშიც.

საგნის მასწავლებლის და სპეც.მასწავლებლის თანამშრომლობა გადამწყვეტია მოსწავლის განვითარების პროცესში, რადგან რაც უფრო მეტი რგოლი ერთვება და შეთანხმებულად მუშაობენ, მით უფრო მალე დგება შედეგი.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  ფაქტორია მოსწავლის ნდობისა და სიყვარულის მოპოვება. ამისთვის ცხადია ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ისინი, ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ გვჯერა, მათ ყველაფერი გამოუვათ, რომ ისინი ყველაფერს შეძლებენ და დამიჯერეთ, მოსწავლეც აუცილებლად შეგიყვარებთ, ის  მუდამ განათებული თვალებით შემოგიღებთ კარს.

მიუხედავად ასეთი ხელშეწყობისა სახელმწიფოსა და სკოლის მხრიდან, მაინც გამოწვევად რჩება მშობლების დამოკიდებულება ინკლუზიური განათლების პროგრამის მიმართ. მშობლები ნაკლებ ინფორმირებულები არიან ამ პროგრამის სარგებლიანობის შესახებ. ისინი ზოგჯერ გაურკვეველი, აუხსნელი მიზეზებით ამბობენ უარს შვილი ჩართონ ინკლ.განათლების პროგრამაში.

ამ ტექსტის მიზანი სწორედ ის არის, რომ მოვუწოდო მათ: ნუ დაკარგავთ დროს, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს თქვენი შვილის ცხოვრებაში. მოგვეცით საშუალება დავეხმაროთ მათ. ნუ დაუკარგავთ მათ მომავლის იმედს. მიეცით შანსი, რომ ისინი დამოუკიდებლები გახდნენ, თქვენ პასუხისმგებლები ხართ თქვენი შვილის მომავალზე.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.