ბლოგები

რა არის მდგრადი განვითარების მიზნები და რა როლი გვაქვს მოქალაქეებს მათ შესრულებაში?

ავტორი: ლიზა ყაზიშვილი, მასწავლებელი

მდგრადი განვითარების მიზნები ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრებმა 2015 წლის დეკემბერში, ნიუ იორკში გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. გაეროს წევრმა ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ და ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი დეკლარაციას, რომლითაც მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ვალდებულება აიღეს. 

მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისგან და 169 ინდიკატორისგან შედგება, რომლის შესრულების ვალდებულება  2030 წლამდეა.

რა არის მდგრადი განვითარების 17 მიზანი?

მიზანი 1: სიღარიბის აღმოფხვრა – სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა.

მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა – შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კვების გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

მიზანი 3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა – ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

მიზანი 4: ხარისხიანი განათლება – ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის.

მიზანი 5: გენდერული თანასწორობა გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება.

მიზანი 6: სუფთა წყალი და სანიტარია წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა.

მიზანი 7: ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია ხელმისაწვდომი, საიმედო, მდგრადი და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო უზრუნველყოფა.

მიზანი 8: ღირსეული სამუშაო პირობები და ეკონომიკური ზრდა სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული დასაქმება და ღირსეული სამუშაო პირობები ყველასთვის.

მიზანი 9: ინდუსტრია, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა.

მიზანი 10: შემცირებული უთანასწორობა უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის.

მიზანი 11: მდგრადი ქალაქები და თემები ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.

მიზანი 12: პასუხისმგებლიანი მოხმარება და წარმოება მდგრადი მოხმარება და წარმოება.

მიზანი 13: გარემოსდაცვითი ღონისძიებები კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლების წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება.

მიზანი 14: სიცოცხლე წყლის ქვეშ ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და გონივრული გამოყენება მდგრადი განვითარებისთვის.

მიზანი 15: სიცოცხლე ხმელეთზე დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

მიზანი 16: მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე.

მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად მდგრადი განვითარების განხორციელების საშუალებების განმტკიცება და მსოფლიო პარტნიორობის მნიშვნელობის ხელახალი გააზრება.

ვის აქვს მიზნების შესრულების პასუხისმგებლობა?

ვფიქრობ, მდგრადი განვითარების მიზნები ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ამიტომ ყველა მოქალაქე უნდა ჩაერთოს ამ საქმეში – აქ იმის თქმა, რომ მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ვალდებულება დიდი შეცდომაა. თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს, თუ რა პრობლემების  წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების შედეგად  და ეს ჩვენმა ქვეყანამ უახლოეს წარსულშიც ნახა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საჯარო სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. განსაკუთრებით გამოვყოფ CENN-ის პროექტს “ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“.  ამ პროექტში ჩართული ყველა მოსწავლე გარემოს მცველად ყალიბდება. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ბავშვები რომ პლასტმასს, რკინას, ქაღალდს ან სხვა ნარჩენებს აგროვებენ გადამუშავების მიზნით, ამას ხომ ვიღაც ყრის?

ფაქტია, რომ საკუთარი, ხშირად გაუაზრებელი ქმედებებით, გაუცნობიერებლად ვაყენებთ დედამიწას ზიანს.

  • ვყიდულობთ უამრავ უსარგებლო ნივთს, რის დასამზადებლადაც დიდი რესურსი იხარჯება.
  • აუცილებელია თუ არა, მაინც ავტომობილით გადავაადგილდებით, რისი გამონაბოლქვიც კატასტროფულად აბინძურებს გარემოს.
  • მოვიხმართ უამრავ პლასტმასს, თუნდაც წყლის ბოთლებს, რომელთა დაშლას 450 წელიწადი სჭირდება და რომელთა დიდი ნაწილი, დაშლისას, მიკრონაწილაკებად იქცევა  და ცოცხალ ორგანიზმებში ხვდება, რაც რა თქმა უნდა, ზრდის დაავადებების რისკს და უარყოფითად აისახება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე.
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში, მაინც უამრავ ქაღალდს  ვხარჯავთ, რის დასამზადებლადაც ხეები იჭრება.
  • ზომაზე მეტად მოვიხმართ ბუნებრივ აირს, რის მოსაპოვებლადაც ვფიტავთ დედამიწას და გამონაბოლქვით ვაბინძურებთ ჰაერს.

ეს ჩამონათვალი ცოტაა, თუმცა საკმაისი იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, გავიაზროთ და შევთანხმდეთ, რომ კლიმატის მდგრადობის უზრუნველყოფა ჩვენი, ყველას საზრუნავია.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:  https://georgia.un.org/ka/take-action http://forestry.ge/ge/about

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.