წაგებული დავები და კომპენსაციები – რა უჯდება გორის ბიუჯეტს ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა?

გორის მერიის საკადრო პოლიტიკა პირდაპირ აისახება ადგილობრივ ბიუჯეტზე. უკვე წლებია, საბიუჯეტო დანახარჯებს მხოლოდ ახალი კადრების სამსხურში აყვანა კი არა, თანამშრომლების  უსაფუძვლოდ გათავისუფლებაც ზრდის. გორის ბიუჯეტიდან კომპენსაციის გადახდა ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე რამდენიმე ყოფილი თანამშრომლისთვის მოუწია. 

ვინ სარგებლობს და ვინ ზიანდება გორის მერის საკადრო გადაწყვეტილებებით? რა შედეგები მოიტანა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიცირებულმა რეორგანიზაციამ და რას უნდა ველოდოთ უახლოს მომავალში? – სწორედ ამ კითხვებს პასუხობს “მოზაიკას” მორიგი ჟურნალისტური გამოძიება. 

გორის მერიამ სასამართლოს რეორგანიზაციისას მიღებული საკადრო გადაწყვეტილებების სისწორე ვერ დაუსაბუთა – ნაილი მელანაშვილის საქმე

გორის მერიამ რეორგანიზაციისას მიღებული საკადრო გადაწყვეტილებების სისწორე ვერ დაასაბუთა, რის გამოც სასამართლომ გორის მერის ბრძანებები ბათილად ცნო. საუბარია, გორის მერიის ყოფილ ორ თანამშრომელზე, რომლებმაც სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, საია-ს მიმართეს და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, სასამართლო დავა დაიწყეს. 

“აღსანიშნავია, რომ სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების ბრძანებები და სასამართლომ მუნიციპალიტეტს დაავალა შიდა მობილობის განხორციელება”, – გვითხრა, საიას გორის ოფისის უფროსმა.

ერთ-ერთი, ვინც სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრა, ნაილი მელანაშვილია. ის მერიაში 9 წელი მუშაობდა და საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის შესრულების განყოფილების მთავარი სპეციალისტი იყო. 

“ვაპირებ, მივმართო სასამართლოს და ვიბრძოლო ჩემი ღირსებისა და ღირებულებებისთვის”, – ამბობდა მელანაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებისთანავე. 

ახლა ნაილის სამსახურში აღდგენას მერიას სასამართლოც ავალდებულებს. მეტიც, ადგილობრივ ხელისუფლებას სასამართლომ ნაილის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამის პოზიციაზე კონკურსის გაგრძელებაც აუკრძალა. 

“მას შემდეგ, რაც სასამართლომ მერიას მელანაშვილის მიმართ მობილობის წესის შესრულება დაავალა, უწყებამ კონკურსი გამოაცხადა პოზიციაზე, რომელიც მელანაშვილის დაკავებული პოზიციის მსგავსი იყო და შესაბამისად, უწყება ვალდებული იყო აღნიშნულ პოზიციაზე მელანაშვილი დაესაქმებინა. ამიტომ, სასამართლომ მერიას აუკრძალა კონკურსის გაგრძელება ამ პოზიციაზე იქამდე, სანამ მელანაშვილის სამსახურში დაბრუნება არ მოხდება”, – გვითხრა ქეთევან ბებიაშვილმა.

სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავებულად ესმით გორის მერიაში. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, სასამართლომ მელანაშვილის სამსახურში აღდგენა კი არა, საკითხის ხელმეორედ განხილვა დაავალა. 

“სასამართლომ ის კი არ დაგვავალა, რომ აღადგინეთო, არამედ გვითხრა, საკითხი ხელმეორედ განიხილეთო”,- აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

აღსანიშნავია, რომ ნაილი მელანაშვილი სამსახურში აღდგენასთან ერთად, განაცდურის ანაზღაურებასაც ითხოვს. დღეს მდგომარეობით, მისი განაცდურის ოდენობა 6 000 ლარს აღწევს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. 

გორის მერია სასამართლოზე ვერც რეორგანიზაციის შემდეგ მიღებული საკადრო გადაწყვეტილების სისწორეს ასაბუთებს – დავით ჭალაძის საქმე

ბოლო ორი წლის განმავლობაში, გორის მერიამ 5 სასამართლო დავა წააგო. 

„ბოლო ორი წლის განმავლობაში დასრულებული სასამართლო დავებიდან 1 დავა დასრულდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ხოლო 4 დავა ნაწილობრივ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განმარტავს უწყება.

თუმცა როგორც საჯარო ინფორმაციიდან ვიგებთ, გორის მერია კიდევ 71 სასამართლო დავაშია ჩართული, მათგან ნაწილი კვლავ საკადრო გადაწყვეტილებებს ეხება და ერთ-ერთი დავით ჭილაძის საქმეა. 

გორის მერიის ზედამხედველობის სასმახურის თანამშრომელი დავით ჭალიძე გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2022 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. შესვენებაზე გასული, მერიაში უკან აღარ შეუშვეს და სამსახურიდან დაითხოვეს. აღსანიშნავია, რომ ჭალიძე სოციალურ ქსელში აქტიური იყო და იმ პერიოდში აზიარებდა კრიტიკული მედიის სიუჟეტებს, წერდა ფეისბუქ-პოსტებს, სადაც მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებდა. თავად, გათავისუფლების მიზეზს, სწორედ აღნიშნულ ფაქტებს უკავშირებს.

გათავისუფლების შემდეგ, მის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს. ადვოკატის განცხადებით, ჭალიძე გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

წინასასამართლო სხდომაზე, სადაც წარმოდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობაზე იყო მსჯელობა, დაცვის მხარემ გორის მერიას იმ მტკიცებულებების გადმოცემა მოსთხოვა, რომელიც დავით ჭალიძის წინააღმდეგ უწყებაში არსებულ ადმინისტრაციულ წარმოებას დაადასტურებდა.

“არავითარი მტკიცებულება გორის მერიას არ წარმოუდგენია, ადმინისტრაციული წარმოების მასალებიც კი არა აქვთ, რაც ადასტურებს, რომ შესწავლის გარეშე განხორციელდა მისი გათავისუფლება სამსახურიდან“, – განაცხადა ლექსო მერებაშვილმა.

ადვოკატი ამბობს, რომ მტკიცებულებების არ არსებობის გამო, დიდი ალბათობით, გორის რაიონული სასამართლო მათ სასარჩელო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. საქმის არსებითი განხილვა შემდეგ სხდომაზე დაიწყება. საქმეს მოსამართლე ნინო გერგაული განიხილავს.

ამ დროისთვის, დავით ჭილაძის განაცდურის ოდენობა 5 000 ლარს აჭარბებს და ეს თანხა ყოველდღიურად იზრდება. მისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისთვის განაცდურის ანაზღაურება გორის მერიას კვლავ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოუწევს. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ წელში, მხოლოდ გორის მერიას უწყებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების განაცდურის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან  18 279 ლარი აქვს დახარჯული. 

ყოფილი თანამშრომლები Სასამართლო დავებს უგებენ გორის მერიის ა(ა)იპ-ებსაც 

მერიის გარდა, სასამართლო დავებში ჩართულები არიან მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებიც. Საქმე ეხება ძირითადად, მერიის რეორგანიზაციამდე, ა(ა)იპ-ებში განხორციელებული ოპტიმიზაციის დროს გათავისუფლებული თანამშრომლების სასამართლო დავებს. 

თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან მალევე, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში საკადრო ცვლილებები დაიწყო. 2021 წლის ნოემბრის შემდეგ,  ხელმძღვანელობა შეიცვალა გორის მერიის მიერ დაფუძნებულ 4 ა(ა)იპ-ში. ხელმძღვანელი პირების გარდა, ცვლილებები სხვა თანამშრომლებსაც შეეხოთ – ჯამში მერიამ შრომითი ურთიერთობა ა(ა)იპ-ების 80-მდე თანამშრომელთან აღარ გააგრძელა. აღსანიშნავია ისიც, რომ საკადრო ცვლილებების მიზეზი 22 შემთხვევეაში – პოზიციების გაუქმება, 57 შემთხვევაში კი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა იყო.  

ამავე თემაზე: დაიწყო თუ ახლა იწყება გორის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია – ჟურნალისტური გამოძიება

Მათმა ნაწილმა სასამართლო დავა დაიწყო და ამ გზით, სამსახურში აღდგენაც მოახერხა. ერთ-ერთი ბოლო დავა ნინო გიგაურის საქმეს ეხებოდა. ის კულტურის სააგენტოში უფროს სპეციალისტად მუშაობდა. 

“2022 წელს გამათავისუფლეს სამსახურიდან. დავიწყე სასამართლო დავა. ვითხოვდი აღდგენას და თითქმის 1 წლის განაცდურის ანაზღაურებას. სააგენტო მზად არის, რომ იგივე პოზიციაზე აღმადგინოს სამსახურში და ამის სანაცვლოდ, მე უარი ვთქვი განაცდურის ანაზღაურებაზე”, – განაცხადა გიგაურმა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ, რომელიც მორიგებით დასრულდა. 

ანალოგიურად, ა(ა)იპ-ებსა და გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის მორიგებით დასრულდა კიდევ 6 სასამართლო დავა. Მათ სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ, უარი თქვენს განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე. 

“უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, მხარეთა მორიგებით დასრულდა 1 სასამართლო დავა კეთილმოწყობის სააგენტოსა და 6 სასამართლო დავა კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მონაწილეობით“, – აცხადებენ მერიაში.

ამ დროის განმავლობაში, იყო კიდევ ერთი დავა, რომლის დაკმაყოფილება ადგილობრივ ბიუჯეტს  20 000 ლარი დაუჯდა

საუბარია ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტოს წინააღმდეგ კახა ფანიაშვილის მიერ დაწყებულ სასამართლოზე დავაზე. 

მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციაში გადავიდა, გორიდან „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილი გახარიას შეუერთდა. ერთ-ერთი მათგანი საკრებულოს დეპუტატი მამუკა ფანიაშვილი იყო. მისი ძმა კახა ფანიაშვილი კი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში იყო დასაქმებული. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მამუკა ფანიაშვილი ოპოზიციაში გადავიდა, მის ძმას სააგენტოში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. კახა ფანიაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო. მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ იცავდა.

„კახა ფანიაშვილი 2021 წლის 04 აგვისტოს ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით  გაათავისუფლეს სამსახურიდან. მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის რეალური მოტივი მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება. სასამართლომ გაიზიარა ორგანიზაციის ადვოკატის არგუმენტები და 6 თვის ვადით დადებული ხელშეკრულება უვადოდ დადებულად ცნო, ვინაიდან არ არსებობდა  დასაქმებულთან  განსაზღვრული ვადით ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლომ არ დააკმაყოფილა გათავისუფლებულის მოთხოვნა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ნაწილში“, – განმარტავს „სამართლიანი არჩევნები“.

გორის რაიონულმა სასამართლომ კახა ფანიაშვილის სასარგებლოდ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლომ ბათილად ცნო გათავისუფლების შესახებ ბრძანებაც.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, წარსულში იყო შემთხვევა, როდესაც მერია იძულებული გახდა დიდი ოდენობის თანხები აენაზღაურებინა ყოფილი თანამშრომლებისთვის. მაგალითისთვის, გორის მერიის ,,კულტურის ცენტრის” ყოფილმა დირექტორმა ლექსო ვალიაურმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, კომპენსაციის სახით, 48 000 ლარი მიიღო. ამის შესახებ, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 23 მარტს მიიღო.

განაცდურის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენისთვის სასამართლოს გზით ა(ა)იპ-ების კიდევ რამდენიმე თანამშრომელი იბრძვის. ამ დროისთვის, ჯამში, გორის რაიონულ სასამართლოში, მერიის ა(ა)იპ-ების წინააღმდეგ 4 დავა მიმდინარეობს.

  • სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარეობს 2 დავა;
  • კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარეობს 2 დავა;

რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია -რას არქმევს მასიურ  საკადრო ცვლილებებს ხელისუფლება და რა ხდება რეალურად?

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია ოფიციალურად 2022 წლის 9 ივნისიდან დაიწყო. ოფიციალური ვერსიით, მიზანი მერიის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა იყო, თუმცა ამ პროცესის გამჭვირვალობაზე ადგილობრივ ხელისუფლებას არ უზრუნია. 

“არანაირი განხილვა და მსჯელობა არ მომხდარა რეორგანიზაციის დაწყებამდე, ეს არის დიდი ნაკლი იმ პროცესისა, რომელიც მერიაში საკადრო პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარეობს”, – ამბობს საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი, ქეთი ბებიაშვილი. 

Სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გარეშე დაწყებული რეორგანიზაცია, საბოლოოდ მერიიდან 13 ადამიანის გათავისუფლებით დასრულდა და სასამართლო დავებით გაგრძელდა. 

მაგალითად, გაუქმდა საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება და ზოგიერთ სამსახურში შტატების რაოდენობა შემცირდა, თუმცა არის ისეთი ისეთი განყოფილებებიც, სადაც დასაქმებულთა რაოდენობები გაიზარდა.

  • ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილებაში რეორგანიზაციამდე 11 სპეციალისტი მუშაობდა, რეორგანიზაციის შემდეგ, 13;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილებაში 8-ს ნაცვლად, ახლა 9 ადამიანი მუშაობს.

“ჩვენს წარმოებაში არსებულ საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან აშკარა და ცხადი ხდება, რომ მიზანი ამ რეორგანიზაციების არის არასასურველი კადრების გათავისუფლება და სასურველის დანიშვნა”, – ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, გორის მერიამ  32 ახალი ვაკანსია გამოაცხადა, საიდანაც 5 მიმდინარე კონკურსია.

ღია კონკურსების პარალელურად, მერია პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი თანამშრომლების დამატებასაც აგრძელებს. კანონის მიხედვით, საჯარო უწყებაში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა დასაქმებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 5%-ს უნდა შეადგენდეს, თუმცა გორის მერიამ აღნიშნულ ოდენობას 12-ით გადააჭარბა და ამჯერად, კიდევ ორი შტატგარეშე თანამშრომლის დამატებას გეგმავს. 

„მერიას, მისი ფუნქციების სრულყოფილად შესრულების მიზნით, ესაჭიროება დამატებით ორი პირის შრომითი ხელშეკრულებით აყვანა, მათ შორის:  ერთი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მრეცხავის პოზიციაზე, ხოლო ერთი პირის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არქიტექტურულ, კულტურულ და არქეოლოგიურ ობიექტებთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის კონსულტაციის გაწევის მიზნით“ , – აღნიშნულია მერიის მიერ საკრებულოსთვის გაგზავნილ წერილში. აღნიშნულ ინიციატივას, საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. 

საბოლოოდ, გორის მერიაში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 27-დან 29-მდე გაიზარდა – აქედან 5 თანამშრომელი გორის მერის თანაშემწეა, 3 – გორის მერის მრჩეველი, 1- გორის მერის მდივანი, 9 – მერიის მძღოლი და 2 – ავტოსატრანსპორტო საშუალებების მრეცხავი. 

ამავე თემაზე: 8 მძღოლი, 5 თანაშემწე, 1 მრეცხავი – რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავს გორის მერიას

მოვლენები თითქმის იდენტურად ვითარდება გორის მერიის ა(ა)იპ-ებშიც – ხელმძღვანელობის ცვლილების, თანამშრომლების სამსახურიდან გაშვების და სასამართლო დავების ფონზე, ა(ა)იპ-ების დაფინანსება არ შემცირებულა, რაც ოპტიმიზაციის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი იყო. 

მეტიც, 2023 წლის პირველი იანვრიდან გორის მერიის და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს ხელფასები 10%-ით მოემატათ, რამაც სახელფასო ფონდები ავტომატურად გაზარდა. 

დატოვეთ კომენტარი