ბლოგები

ხელისუფლება მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს – რა შედეგები მოაქვს სისტემურ და კლანურ მმართველობას?

ავტორი: ნუგზარ მაჭავარიანი

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე თავს ანგარიშვალდებულად არ გრძნობს. ვწუხვართ, რომ არც ბიუჯეტის დაგეგმვის და არც მისი შესრულების განხილვის პროცესში ადგილობრივების ჩართულობაზე არ ზრუნავს. ვჩივით, რომ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ჩვენი აზრის გაუთვალისწინებლად იღებენ. რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა საგანგაშო და მიუღებელია, მაგრამ არა – ხელისუფლებისთვის, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას, კლანური და სისტემური მმართველობით ცდილობს.

რა ხდება ჩვენს მუნიციპალიტეტში?

ფორმალურად, მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს შემადგენლობა არჩევითია. არჩევნების ჩატარების ხარვეზები რომ გვერდზე გადავდოთ და ჩავთვალოთ, რომ მერიც და საკრებულოს წევრებიც თანამდებობებზე დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გზით მოხვდნენ, რეალობა მაინც სავალალო იქნება – რადგან ისინი თავს ანგარიშვალდებულებად არა საკუთარი მოქალაქეების, არამედ პარტიის ან იმ ადამიანთა ჯგუფის წინაშე გრძნობენ, რომლებმაც ისინი შეარჩიეს, არჩევნები “მოაგებინეს” და თანამდებობებზე “დასვეს”.

მუნიციპალიტეტის ამ მიდგომით მართვის მოდელს არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიისთან. სისტემური მმართველობის პირობებში მუნიციპალიტეტის გამჭვირვალედ და სწორად მართვა შეუძლებელია. სისტემური მმართველობა უბრალოდ საძირკველს უნგრევს დემოკრატიას. ამ ქალაქში, ისევე როგორც ყველა პოსტსაბჭოთა ქალაქში, რომ კლანური და სისტემური მმართველობაა ეს სიახლე არაა.

ძალაუფლება და გავლენები ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ხელშია მოქცეული და დანარჩენი საზოგადოება უბრალოდ დინებას მიჰყვება. კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ ამ რეალობის სიმძიმეს მოქალაქეები ნაკლებად იაზრებენ. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი კი, ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართ მოქალაქეთა არასწორი, არაჯანსაღი და გაუთვიცნობიერებელი დამოკიდებულებაა.

ჩვენ ვიმეორებთ, რომ ეს არის ხალხის ფული, მაგრამ მოსახლეობა ამას ვერ გრძნობს. განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში რომ შრომობ, ხელფასს გაძლევენ მთლიანად, მერე კი თავად იხდი საშემოსავლოს. აი, ხელფასს რომ მთლიანად აიღებ და თავად შეიტან სალაროში იმ საშემოსავლოს, ბიუჯეტი შევავსოო, აი, მაშინ უკვე დარწმუნებული იქნები, რო შენი ფულია, და პასუხისმგებლობა-მოტივაციაც იზრდება! მაგრამ როცა სამსახურში პირდაპირ გიკავებენ ამ თანხას, ვეღარ გრძნობ ბიუჯეტის შევსებაში შენ თანამონაწილეობას.

ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტში არსებული ყველა პრობლემა სისტემური მმართველობის შედეგია. დღევანდელ სისტემას კი არ სჭირდება, რომ ბიუჯეტის მიმართ მოქალაქეებს სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდეთ.

ამიტომაც არის, რომ ადგილობრივები არ ინტერესდებიან გორის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესით, მასიურად არ სთხოვენ ხელისუფლებას მუშაობის ანგარიშის წარდგენას, არ ადევნებენ თვალს ბიუჯეტის ხარჯვის პროცესს და მის კორუფციულ ხარჯვაზეც დუმან, რადგან არ აქვთ განცდა, რომ ეს მათი ფულია.

მოქალაქეთა ნაკლები ინტერესი და პასიურობა კი საბოლოოდ კიდევ უფრო აძლიერებს სისტემას და სივრცეს აღარ ტოვებს სასიკეთო ცვლილებებისთვის. სისტემური მმართველობის დასრულების ერთადერთი გზა მოქალაქეთა გააქტიურებაა – გააზრება, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ნებისმიერი შეცდომა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ბიუჯეტის გაფლანგვა თუ სახელმწიფო ქონების პირადი მიზნებისთვის გამოყენება, ჩვენს მოტყუებას და ჩვენი ფულის მითვისებას ნიშნავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.