ბლოგები

რა უნდა იცოდნენ და როგორ უნდა ისარგებლონ დასაქმებულებმა შვებულების უფლებით?

ავტორი: მარიამ მარტიაშვილი, იურისტი

შრომის თავისუფლება და შრომითი უფლებები  უზენაესი კანონით, საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული და გარანტირებული. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება და უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე.

დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივი ბერკეტს “საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი’’  წარმოადგენს. ამ კოდექსის VI თავით კი განსაზღვრულია დასაქმებულის ერთ-ერთი ძირითადი უფლება – შვებულება.

ყოველწლიური შვებულება დასაქმებულისათვის ერთ-ერთ მთავარ უფლებას წარმოადგენს. აღნიშნული უფლება გათვალისწინებულია საერთაშორისო და ქართული კანონმდებლობით და დასაქმებულებს აძლევს საშუალებას წელიწადში ისარგებლონ, როგორც ანაზღაურებადი, ასევე ანაზღაურების გარეშე შვებულებით.

შვებულება წარმოადგენს შრომითი უფლების შეჩერების საფუძველს, რაც იმას ნიშნავს, რომ შვებულების პერიოდში მხარეთა შორის ჩერდება შრომითი ურთიერთობა. კერძოდ, დასაქმებული არ ასრულებს დამსაქმებლის სასარგებლოდ რაიმე სახის სამუშაოს.

შვებულება იყოფა რამდენიმე სახედ, კერძოდ: 

  • ანაზღაურებადი შვებულება;
  • ანაზღაურების გარეშე შვებულება
  • შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო

შვებულების მოთხოვნის უფლება დასაქმებულს წარმოეშვება მუშაობის 11 თვის შემდეგ, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია დასაქმებულს შვებულება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. 

ანაზღაურებადი შვებულებით დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.  ანაზღაურების გარეშე შვებულებით, წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით. მძიმე, მავნე ან საშიშ პირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება, წელიწადში 10 კალენდარული დღე.

შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

პირობები, რომელთა გათვალისწინებაც ხდება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებასთან დაკავშირებით

დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით.

დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე.

ანაზღაურებადი შვებულების გადატანის გამონაკლისი შემთხვევები

თუ დასაქმებულისთვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება სამუშაო პროცესის ნორმალურად წარმართვაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა. არასრულწლოვანის ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა აკრძალულია. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გადატანა.

შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო

დასაქმებულს, რომელმაც იშვილა 1 წლამდე ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო

დასაქმებულს თავისი თხოვნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ბავშვის მოვლის გამო დამატებითი, ანაზღაურებისგარეშე შვებულება 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი. ბავშვის მოვლის გამო, დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს იმ დასაქმებულს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.

რაც უფრო მეტად იქნება ინფორმირებული დასაქმებული საკუთარი შრომითი უფლებების შესახებ მეტად იქნება დაცული ბალანსი დასაქმებულის უფლებებსა და დამსაქმებლის ინტერესს შორის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.