ბლოგები

კრიზისული სიტუაციების მართვა, სამშობლოს სიყვარული და ლეგიონის კურსები 

ავტორი: სალო ავერინი, 16 წლის, აბიტურიენტი

ბავშვობიდან მიყვარს თავისუფლება და გატაცებებიც ასეთი მაქვს – თავისუფალი და მრავალფეროვანი.

ცხრა წელია, ვცეკვავ Hip-Hop-ს, ვხატავ და მინდა ტატუმასტერი გამოვიდე. თავისუფლებამ შემაყვარა ლაშქრობებიც და ჯარის მიმართ ინტერესიც გამიჩნდა. ყოველთვის მომწონდა, როცა ქალი ამ სფეროში მიდიოდა.

შემდეგ გავიგე გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის შესახებ ფეისბუქის საშუალებით. ეს არის მოხალისეობრივი ორგანიზაცია, სადაც გადიან სამხედრო – სალაშქრო სწავლებებს.

ლეგიონი შეიქმნა 2013 წელს და 2015 წლიდან თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან. კურსანტებს, კურსის გავლის განმავლობაში, ურიგდებათ სამხედრო ფორმა, კურსის გავლა შესაძლებელია 14 წლიდან, ჰოდა მეც ვცადე.

სასწავლო კურსი მოიცავს, დაახლოებით,  ათ საველე გასვლას, რაც ორი თვე გრძელდება და სურვილის შემთხვევაში, კურსგავლილ ახალგაზრდებს შეუძლიათ დარჩენა ლეგიონის სასურველ სექციაში – ეს არის სალაშქრო მიმართულება, სამთო, სამედიცინო, დრონების გამოყენება და ა.შ.

ამასთან ერთად, კურსანტებს უტარდებათ ლექციებიც. ეს ყველაფერი გვაძლევს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, როგორ მოვიქცეთ კრიზისულ სიტუაციებში. ამისი საჭიროება კი სულ არის ჩვენს ქვეყანაში.

ჩემი აზრით, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს კურსი, რადგან საბაზისო კურსზე ვსწავლობთ ფორსმაჟორულ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედებას. ამის გარდა, ამ ყველაფრის სწავლის პროცესში, კურსანტი უკეთ იაზრებს, რა არის სამშობლო და რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის როლი მასზე ზრუნვის პროცესში. 

დაწყებითი კურსი ყოველ კვირა დღეს მიმდინარეობს და ამას სწავლაში ხელი არ შეუშლია. ასე, რომ შესაძლებელია, ერთდროულად სკოლაში ან უნივერსიტეტში სწავლაც და ამ ლეგიონში საჭირო გამოცდილების მიღებაც. პირიქით, შეიძლება ამან მომავალი პროფესიაც განსაზღვროს.

მე ვაპირებ ტურიზმის მიმართულებით ჩაბარებას, რაც ლეგიონის სალაშქრო სექციის დამსახურებაც არის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.