ბლოგები

“არც გორში ცხოვრებაა უსაფრთხო” – ქაოსური მშენებლობები შოვის ტრაგედიის ფონზე

ავტორი: თამარ ედიშერაშვილი

ექიმმა შეიძლება მთელი პროფესიული ბიოგრაფიის მანძილზე, ერთი პაციენტის ცოდვა დაიდოს კისერზე და მისი კარიერა დიდი ეჭვის ქვეშ დგება, სწრაფად ვრცელდება ეს ამბები. რატომღაც, სხვა დამოკიდებულებაა სამშენებლო კომპანიების მიმართ, მითუმეტეს რომ მათმა უცოდინრობამ მასიური მსხვერპლი შეიძლება გამოიწვიოს. ამის მაგალითი ჩვენს ქვეყანაშიც და მეზობელ ქვეყნებშიც არაერთი გვინახავს, მაგრამ რაღაც მაზოხისტური მისწრაფებით, კვლავ იყიდება საეჭვო კორპუსებში ბინები.

ჩემი პირველი პროფესია მშენებლობის ეკონომიკა და ორგანიზაციაა. ასევე, ხუთი წელი სამშნებლო ტრესტში ვიმუშავე და ვიცი, როგორი კომპლექურია მშენებლობის დარგი. დაწყებული გეოდეზიური ანალიზიდან, დამთავრებული სეისმურობის, ნალექის თუ ქარის სიჩქარის გათვალისწინებით.

ჩვენ ჩვენს ქალაქშივე ვხედავთ მფრინავ სახურავებს, დაბზარულ კორპუსებს, სტანდარტების გაუთვალისწინებლად დასახლებებში „ჩატენილ“ კორპუსებს და ა.შ. მიუხედავად საგარანტიო ვადის სიმბოლური ხასიათისა, ხშირად პროექტის მიმდინარეობის დროს, ინგრევა უკვე გაკეთებული ობიექტი, მაგრამ დასჯილი არავინ გვინახავს (მაგალითად ქალაქის საავადმყოფოს ჩამოქცეულ კორპუსში უამრავი საბიუჯეტო თანხა გაიფლანგა), იგივე კომპანიები კი შემდგომ ტენდერებში უპრობლემოდ მონაწილეობენ.

აღარაფერს ვამბობ ქალაქის განვითარების პერსპექტივის გაუთვალისწინებლობაზე, არქიტექტურული იერ-სახის დამახინჯებაზე (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე კორპუსები), ეკოლოგიაზე და ბოლოს და ბოლოს ხანძრის შემთხვევაში ევაკუაციის შესაძლებლობაზე.

მაგალითად, თეატრის შენობაში რემონტის შემდეგ ჩემთვის სურპრიზი იყო განაპირა კედლებთან არსებული კიბეების ადგილზე ჩადგმული სკამები. ნუთუ არავინ იკითხა, თავის დროზე რატომ იყო ამდენი კიბე? რაიმე უბედურების დროს ადვილად და სწრაფად რომ დაცლილიყო დარბაზი და ხალხს პანიკით ერთმანეთი არ გადაეთელათ. ეს გაითავლისწინა მშენებლმა. ახლა დარჩენილი კიბეებიც ისეთია, ევაკუაციი დროს კი არა, მშვიდობიან დროს ყურადღებით თუ არ ხარ, ფეხს მოიტეხ.

მშენებლობა და რემონტები მაკიაჟს ვერ იტანენ, ყველა დეტალს სასიცოცხლოდ აუცილებელი მნიშვნელობა აქვს, რადგან უბედურება როდის მოხდება, არავინ იცის, რისკების დაზღვევა კი მთავრობის ფუნქციაა, რომელიც პროფესიონალი და კეთილსინდისიერი კადრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. არაპროფესიონალიზმზე კი მეტყველებს გენერალური განვითარების გეგმის უგულვებლყოფა, მის გარეშე „იოლად“ გასვლა და სინამდვილეში სწრაფი ტემპით ქვეყნის გადანაწილების ხელშეწყობა დიდი გარიგებებით.

აღარ არსებობს ხელშეუხებელი რეკრეაციული ზონები, ყველაფერს ფული წყვეტს და ჩაბეტონდა ქალაქები ამ გლობალურ დათბობის მოსალოდნელ საფრთხეებში, ჰაერის  ტემპერატურის გაუსაძლის ზრდაში… ეს მაშინ, როცა ნიუ-იორკმა შეძლო ცენტრალური პარკის შენარჩუნება და არავის მოუვა აზრად იქ კორპუსების ჩადგმა.

მინდა დავიჯერო, რომ შოვის ტრაგედია  საზოგადეობას  მაინც გაუჩენს გადარჩენის ინსტიქტს, რომ თავისი შვილების ბედი მხოლოდ საზღვარგრეთ გახიზვნაზე არ ააგონ, თორემ ვისაც აქამდე სინდისი არ აწუხებდა, არც ამის შემდეგ შეაწუხებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.