ბლოგები

რატომ გვჭირდება ფიზიკის სწავლა და რა არის საჭირო მისი სწავლებისთვის?

ავტორი: ჟუჟუნა ვანიშვილი, გორის N12 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი

მე ვასწავლი საგანს, რომლითაც სკოლაში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა ინტერესდება და ამას იმით ხსნიან, რომ მისი სწავლა და გაგება რთულია. არადა, 21-ე საუკუნეში ამ საგანს უკავშირდება ადამიანების ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის დამოუკიდებლობაც.

ფიზიკა მიეკუთვნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნებს, რომლის განვითარებაც ჯერ კიდევ, ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნეს უკავშირდება. ფიზიკის განვითარება კი განაპირობებს ადამიანების მიღწევებს სხვადასხვა სფეროში: მეცნიერება, მედიცინა, კულტურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ქვეყნის სამხედრო მიმართულებით განვითარება და ა.შ. ამიტომ აუცილებელია ამ საგნის საფუძვლიანი შესწავლა სკოლაში, რათა უკეთ განვსაზღვროთ პრიორიტეტები ცხოვრებაში.

იმისათვის, რომ საგანი საინტერესო გავხადოთ,  მასწავლებლის მხრიდან საჭიროა საგნის სიყვარული, მოთმინება, თავდადება და უანგარო შრომა.

თუმცა მოსწავლეთა დაინტერესებისა და მოტივაციის ამაღლებისათვის საჭიროა  ყველა სკოლა აღიჭურვოს ფიზიკის ისეთი ლაბორატორიით, რომელიც  გარკვეულ წილად უპასუხებს თანამედროვე სტანდარტებს, სადაც განხორციელდება მათთვის საინტერესო პროექტები და სწავლა კეთებითა და  დაკვირვებებით.

სკოლაში გვყავს მოსწავლეთა ისეთი კატეგორია, რომელთაც არ აინტერესებს ფიზიკის კანონები, არ სწავლობს მის ფორმულებს, მაგრამ საუკეთესოდ ფლობენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, სწორედ ასეთი მოსწავლეების დაინტერესებისა და ჩართულობისათვის არის STEM-ი, რომლის გამოყენებით სწავლობენ სხვადასხვა პლატფორმებზე ნავიგაციასა  და  ფიზიკის მიმართულებით საჭირო თეორიულ ნაწილს. 

საინტერესოა კომპლექსურ დავალებებზე მუშაობაც, როცა მოსწავლეები თვითონ ატარებენ ცდებს, იკვლევენ, გამოაქვთ დასკვნები, ზოგჯერ ცდებიან კიდეც, მაგრამ ეჩვევიან ფიქრს. საბოლოო პროდუქტი კი ის რესურსია, რომელსაც მოსწავლეები თავად ქმნიან და ვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში. სწორედ ეს არის კეთებით სწავლების დადებითი მხარე.

ჩემი აზრით, სასურველია მასწავლებელთა წახალისებაც. სწორედ ასეთი წამახალისებელი ვიზიტი მქონდა შვეიცარიის ბირთვული კვლევის ლაბორატორიაში, CERN-ი, სადაც გავიარე ხუთდღიანი ტრენინგი ქართველ და უცხოელ ფიზიკოსებთან ერთად.  ვფიქრობ, რომ განვითარების, ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობები მნიშვნელოვანია ამ საგნის მასწავლებლებისთვის, რათა განახლებული რესურსებით და ენერგიით უფრო ეფექტურად შეძლონ საკუთარ მოსწავლეებთან მუშაობა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები