ბლოგები

როგორ აუმჯობესებს საერთაშორისო პროექტები სასკოლო ცხოვრების ხარისხს?

ავტორი: ხათუნა ხარხელი

ორი წელია, რაც საჯარო სკოლის დირექტორი ვარ. ჩემმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ  საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სკოლაში არაფორმალური განათლების დანერგვისა და განვითარებისთვის, ასევე სასკოლო ცხოვრების გააქტიურებისთვის.

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება მოსწავლეებში  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება და სწორედ ამას უწყობს ხელს ის პროექტები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვთავაზობენ .

ჩვენი სკოლა ამ კუთხით ძალიან აქტიურია. ბოლოს პროექტი “ციფრული ჰაბი” განვახორციელეთ, რომელსაც უშუალოდ მე ვუხელმძღვანელე. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა გავწიეთ .

პროექტის შექმნა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებისა და მთლიანად სასკოლო საზოგადოების ჩართულობის ზრდას სკოლის საქმიანობაში, რაც შეუძლებელი იქნებოდა მოსწავლეთა მიერ წამოყენებული ინიციატივების მხარდაჭერის გარეშე.

კიდევ ერთხელ გვაჩვენა პროექტმა, რომ სივრცე,რომელიც მოსწავლეებს აძლევს  საშუალებას დამოუკიდებელად შეძლონ სხვადასხვა პროექტების თუ კლუბური საქმიანობის განხორციელება, მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების უფრო ეფექტურად დანერგვისთვის.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა არაერთი აქტივობა: 

  • თანატოლგანმანათლებლობის ფარგლებში, უამრავი შეხვედრა ჩატარდა, როგორც სკოლის შიგნით ისე სხვა სკოლის მოსწავლეებთან STEM  ცოდნის გასაზიარებლად.
  • მოსწავლეებმა გაუზიარეს ერთმანეთს მედიაწიგნიერების პრაქტიკული უნარ-ჩვევები. აქტიურად დაიწყეს ადამიანის უფლებების შესწავლა დოკუმენტური ფილმებით და გამართეს ერთობლივი ჩვენება სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად.  
  • სკოლის სპეცმასწავლებლის დახმარებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა ვორქშოპი “ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე”.
  • მოეწყო ჩაის  საღამო მშობლებთან ერთად.

ყველაფერი ეს კი შესაძლებელი გახდა  USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში  PH INTERNATIONAL- ის მცირე გრანტის მიღებით.

გარდა ძირითადი დამფინანსებლისა მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ბილიკმაც’“ გამოგვიცხადა. მათი დახმარებით კი კიდევ უფრო ეფექტური გახდა ჩვენი საქმიანობა პროექტის ფარგლებში.

ამიტომ ვფიქრობ და ყველა მასწავლებელს ვურჩევ, მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა, როგორც საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში, ასევე აქტიურად ითანამშრომლონ ადგილობრივ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან.

სასკოლო განათლებასთან ერთად, არაფორმალური განათლება და საგანმანათლებლო პროექტები კიდევ უფრო ამაღლებს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ხარისხს  და მოსწავლეებში ზრდის  სასკოლო  საგნების სწავლის მოტივაციასაც.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.