ბლოგები

როგორ გახდა გორის N9 სკოლა მოთხოვნადი და წარმატებული?

ავტორი: ეკატერინე ხუციშვილი, სკოლის დირექტორი

ვფიქრობ, საერთო მიზნისკენ სწრაფვა, გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება და გაზიარება, წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ხოლო თავად წარმატება – პროცესია და არა საბოლოო შედეგი.

თანამედროვე სკოლის დირექტორი არის სტრატეგი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას გუნდის პროფესიულ მიღწევებზე და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს წარმატებამდე, ცდილობს, გახადოს სკოლა კონკურენტუნარიანი, არასოდეს კმაყოფილდებოდეს მიღწეულით და მუდმივად ზრუნავდეს წინსვლასა და განვითარებაზე.

ყველაზე გაბედულ და მამაც კაპიტანსაც კი არ ძალუძს მარტო, დამოუკიდებლად გემის მართვა. სკოლის წარმატებისთვის საჭიროა მჭიდროდ შეკრული, პროფესიონალურად გაწვრთნილი, თანამოაზრე ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების კოორდინირებული მუშაობა, გაერთიანება იმ საერთო იდეის გარშემო, რომ სკოლა ჩვენი საერთო სახლია.

მადლიერი ვარ ჩემი გუნდის, რომლის თითოეული წევრი სკოლაში მოდის მოწოდებით, სუფთა, გულწრფელი სულით და ბავშვებისადმი დიდი სიყვარულით, ცხოვრობს მათი ინტერესებითა და პრობლემებით, ასწავლის და მათგანაც ბევრს სწავლობს.

2014 წელს, ჩემი ხელმძღვანელობის საწყის ეტაპზე სკოლაში ირიცხებოდა 515 მოსწავლე და დასაქმებული იყო 46 მასწავლებელი. ამჟამად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეთა კონტინგენტი 1200 მოსწავლემდე და, შესაბამისად, მასწავლებელთა რაოდენობაც.

განვითარების პრიორიტეტად მივიჩნევთ არაფორმალური განათლების ფარგლებში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას. სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში, კონკურსებში, ოლიმპიადებსა და ფესტივალებში, თავად გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს.

  • ჩვენ ვატარებთ eTwinning ევროპული სკოლის სტატუსს;
  • წელს გავხდით „ნიკო კეცხოველის პრემია 2023“-ის ფინალისტები;
  • საქართველოს მასშტაბით პირველები ჩავერთეთ Wakelet-ის სკოლების პროგრამაში.
  • მცირე გრანტების პროექტის, “მომავლის გასაღების” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში ამოქმედდება რადიოხაზი.
  • სკოლაში მოქმედ კლუბებში მოსწავლეებს შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი იდეები, კრიტიკულად იაზროვნონ, ითანამშრომლონ, იყვნენ შემოქმედებითები, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ შედეგებზე, შეძლონ საკუთარი თავის გამოვლენა და რეალიზება.

ჩვენი სკოლა ორიენტირებულია ვაჟა-ფშაველას პატრიოტული, თავისუფალი, ზოგადსაკაცობრიო და მაღალჰუმანისტური იდეალების მქონე პიროვნებების ჩამოყალიბებაზე.

თანამედროვე საზოგადოებას სჭირდება ახალგაზრდები, რომლებსაც შეუძლიათ შემოქმედებითად აზროვნება, მიღებული ცოდნის განხორციელება, დამოუკიდებლად მუშაობა საკუთარი თავის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა ისწავლონ ფიქრი, არ ეშინოდეთ შეცდომების დაშვების, შეძლონ საკუთარი, არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღება.

ამავე დროს, ჩვენი სკოლის წარმატებულობა არ გვაძლევს იმის საბაბს, რომ ვიყოთ მიღწეულით კმაყოფილნი და თავს სრულად რეალიზებულად ვგრძნობდეთ. პირიქით, ჩვენ კვლავ ვეძებთ ახალ გამოწვევებს და, აქედან გამომდინარე,  მიზნების მიღწევის სურვილიც გვამოძრავებს, რათა თითოეული მოსწავლისთვის სასკოლო ცხოვრება გავხადოთ სამყაროს შეცნობის დაუვიწყარ მოგონებად.

ვამაყობ ჩვენი სკოლით,  მიყვარს ჩემი გუნდი, სავსე ვარ შემოქმედებითი იდეებით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ყველა გულწრფელი ჩანაფიქრი ახდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.