ადამიანები ისტორიები

მოსწავლე, რომელმაც ბიჭიკო დურგლიშვილის საქმე ჩაიბარა – ირაკლი ქაწაშვილის გეგმები

“მთელი ჩემი ცხოვრება იყო მუსიკა, სხვაგან არსად არ ვიხედებოდი”, – გვითხრა ირაკლი ქაწაშვილმა, რომელმაც ქართულ საკრავებზე დაკვრა კასპში ყველასათვის ცნობილი მასწავლებლისგან, ბიჭიკო დურგლიშვილისგან შეისწავლა – მისი გარდაცვალების შემდეგ, ირაკლის ერთი მთავარი მიზანი აქვს, – იყოს საყვარელი მასწავლებლის ღირსეული მემკვიდრე.

ამავე თემაზე: მუსიკოსი, რომელიც ხალხურ საკრავებზე უკრავს – ბიჭიკო დურგლიშვილის ისტორია

“საქართელოში ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსი იყო ჩემი პედაგოგი. თუ რამე ვიცი, მან მასწავლა. 12 წლის ვიყავი, მასთან რომ მივედი, მე სხვა პედაგოგი არ მყოლია“, – ამბობს ირაკლი და იმ პერიოდს იხსენებს, როცა დარში თუ ავდარში, მუსიკის გაკვეთილზე ყოველთვის ერთნაირად მიუხაროდა, – სადაც ვსწავლობდი, იქიდან ჩემს სახლამდე იყო დაახლოებით 3 კილომეტრი. არანაირი ამინდი არ მაბრკოლებდა ან არ წავსულიყავი, ან დამეგვიანა. წვიმაში, ქარში მივდიოდი და არ ვაცდენდი.

როცა 15 წლის გახდა, სალამურზე, ფანდურზე, ბანფანდურზე, დოლზე, აკოდეონსა და გიტარაზე დაკვრა უკვე იცოდა. ამიტომ მასწავლებელმა შესთავაზა, რომ საკუთარი ცოდნის გაზიარება სხვა ახალგაზრდებისთვის ეცადა. სწორედ აქედან დაიწყო ირაკლის პედაგოგიური საქმიანობა – 16 წლიდან დღემდე მან ქართულ საკრავებზე დაკვრა აღაიანში მცხოვრებ არაერთ თანასოფლელ ახალგაზრდას შეასწავლა.

მასწავლებლის, ბიჭიკო დურგლიშვილის გარდაცვალების შემდეგ კი, როცა ანსამბლი “თხოთი” ხელმძღვანელის გარეშე დარჩა, მისი ადგილი, პასუხისმგებლობები და მოვალეობები სწორედ ირაკლიმ ჩაიბარა.

“მე, როგორც მის მოსწავლეს და აღზრდილს, ჩამაბარეს ეს მეტად საპასუხისმგებლო საქმე და აგერ, უკვე აპრილიდან მოყოლებული ანსამბლს ვხელმძღვანელობ. არიან უკვე ჩამოყალიბებული ახალგაზრდები, რომლებმაც იციან თავისი საქმე. გეგმაში მაქვს რეპერტუარის დამატება, გაფართოება და რა თქმა უნდა, მინდა მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ფესტივალებზე”.

ირაკლის უხარია, რომ საკუთარი მისწრაფება ცხოვრების ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩინე და ამის გამო, ყველაზე მეტად საკუთარი ოჯახის მადლიერია – მშობლების, რომლებისგანაც მუსიკის ნიჭი დაჰყვა და რომლებმაც მასში ეს ნიჭი ბავშვობაშივე შეამჩნიეს.

“მუსიკალური ოჯახი მყავს, დედის მხრიდან, მამის მხრიდან, გენში მაქვს მუსიკა. მიხარია, რომ ამ ნიჭის განვითარება ბავშვობაშივე დავიწყე. მე-5 კლასში ვიყავი სალამურის სწავლა რომ მოვინდომე და მგონია, რომ სწორედ მაშინ გადაწყდა, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი მომავალი და რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.