ადამიანები ისტორიები

“სოფლის დატოვებას მხოლოდ სწავლის მიზნით ვემხრობი” – ყოფილი მასწავლებელი ქვეშიდან

ქეთევანი 1958 წლიდან ქვეშში ცხოვრობს. ამ სოფელში გადმოსვლის შემდეგ, მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად ორმა ამბავმა შეცვალა – მეუღლის გარდაცვალებამ და სკოლიდან წამოსვლამ. ამის შემდეგ მთელ დღეებს საკუთარ სახლში ატარებს, სადაც მარტო ცხოვრობს. 

“არასდროს მიფიქრია აქედან წასვლა, რადგან ჩემ ქმარს უყვარდა აქაურობა, მე კიდევ მას იმხელა პატივს ვცემდი… არც ახლა მინდა სადმე წასვლა, შაბათ-კვირა ჩემი ძმიშვილიც მოდის ხოლმე, ოჯახთან ერთად და სადმე წასვლას, აქ და ასე ყოფნა მირჩევნია”, – მითხრა, აივანზე სინათლე აანთო და სასაუბროდ მოემზადა. 

ქეთევანი ახლა 93 წლისაა. ასაკის მიუხედავად, საკუთარი კარ-მიდამოს მოვლას მაინც ახერხებს. კრეფს ხილსაც და როგორც ჩანს, ვაშლიც დაჩირვასაც ცდილობს – აივანზე ვაშლის პატარ-პატარა ნაჭრები აქვს გამოსაშრობად გაშლილი. 

“45-წელი მაქვს ნამუშევარი სკოლაში, ეს შრომის წიგნაკში არ წერია, მაგრამ ასეა. ფიზიკური აღზრდის და ასევე დაწყებითების მასწავლებელი ვიყავი”, – ასე იწყებს სკოლაში გატარებულ წლებზე საუბარს. 

ქეთევანი ახრისის და ქვეშის სკოლაში მუშაობდა. გული წყდება, რომ მონაცემები ახრისში მუშაობის შესახებ შრომის წიგნაკში არ უწერია. 

“10-წელი იქნება, რაც სკოლიდან წამოვედი, ასაკის გამო. მენატრება ის წლები, რომლებსაც სკოლაში ჩემს საყვარელ ბავშვებთან ვატარებდი”, – მითხრა და იმ ალბომის გამოსატანად წავიდა, სადაც ახალგაზრდობის ფოტოებს ინახავს. 

სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოებიდან ერთ-ერთი 1986-1987 წლის 8 მარტით თარიღდება.

“ამ დღეს პირველ კლასელ მოსწავლეებს ქაღალდის კაბები დავუმზადე”, – მითხრა, ფოტოს ხელი გადაუსვა და მისთვის სურათის გადაღების უფლებაც დამრთო. 

სასიამოვნო მოგონებებზე საუბარს იმ დღის გახსენება მოყვა, ყოფილი მოსწავლე რომ ესტუმრა. 

“მასწავლებლების დღეს ვნახე. ერთ-ერთი ჩემი ყოფილი მოსწავლე, რომელიც დღეს პედაგოგია და ჩემთან მოვიდა სტუმრად, თავის მოსწავლეებთან ერთად”, – მითხრა და და დააყოლა, კარგი დღე იყოო.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დიდ ნაწილს ახლა სახლში ატარებს, ამბობს, რომ ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიყვარული არ განელებია.

“ყველა ახალგაზრდისთვის უღრუბლო ცა მინდა. ამბობენ ხოლმე, სოფლიდან მიდიანო, მაგრამ თუ კი სასწავლებლად მიდიან, მე ამას ვემხრობი. ასეც უნდა იყოს, უნდა წავიდნენ, ისწავლონ”, – მითხრა და რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ, დაზუსტებასავით დაამატა, –  “სწავლისთვის კი, სხვა მიზნით სოფლის დატოვებას არ ვემხრობი.

ქეთევანს შვილი არ ჰყოლია, მაგრამ სოფელში დღემდე ახსოვთ მისი სიტყვები, – მასწავლებლისთვის ყველა მოსწავლე შვილიაო და შვილივით უნდა უყვარდესო. 


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.