ადამიანები ისტორიები

ხცისში მცხოვრები ქალი, რომელსაც 20 ძაღლი და 7 კატა ჰყავს შეფარებული

“ყეფა შეიძლება აწუხებთ, მაგრამ კარგი მეზობლები მყავს, იტანენ”, – გვითხრა ხაშურში მცხოვრებმა 63 წლის მზია კალმახელიძემ, რომელსაც სახლში უპატრონო ძაღლები და კატები ჰყავს შეფარებული.

მზიას შემოსავალი სოფლის მეურნეობა და საკუთარი პენსიაა. ამბობს რომ შინაურ ცხოველებს ბევრი საჭიროება აქვთ, რაც თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ მათი სახლიდან გაშვება არ შეუძლია

“20 ძაღლი და 7 კატა მყავს სახლში შეფარებული. დაახლოებით 15 წლის წინ მოვიყვანე ქუჩიდან ძაღლები, ამდენნი არ იყვნენ, მაგრამ მერე მოემატა, ზოგი კიდევ შევიფარე, ზოგი თვითონ გამრავლდნენ, გახდნენ ასე ამდენნი და რა ვქნა, ვერცერთი ვეღარ გავუშვი, ყველა მიყვარს და მეცოდება. სხვებსაც რომ ვხედავ ქუჩაში, მინდა ყველა წამოვიყვანო”, – ამბობს მზია.

მზია შინაურ ცხოველებს საკუთარი ძალებით და კეთილი ადამიანების დახმარებით უვლის.

“მეორე დღის პურს ვაჭმევ, 50 თეთრს ვაძლევ, თუ არის საშუალება, ძვლებს ვყიდულობ, ადრე უფრო იაფი იყო,  ახლა ძალიან გააძვირეს. მარტო ვცხოვრობ, მაქვს პენსია, ხან დაქალები მეხმარებიან, მიგზავნიან რაღაცებს, რომ გამოვკვებო. მეზობლებს თუ მორჩენილი საჭმელები აქვთ, მეძახიან რომ წამოვიღო”, – გვიყვება მზია.

მზიას ცხოველებზე ზრუნვას საკუთარ მთავარ ამოცანას მიიჩნევს. ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში, საზოგადოების დახმარებას სიამოვნებით მიიღებს.

“აცრა, ჭიის, რწყილის წამლები უნდა, ვყიდულობ, ჭირდებათ და იძულებული ვარ. თავშესაფარი არ არის, რომ წავიყვანო. ახლახანს მოსწავლეებმა ერთი ტომარა საკვები მოიტანეს, ისე გაიხარეს. ძირითადად ამათ საკვებზე მინდა დახმარება, მე სხვა არაფერი არ მჭირდება”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.