ადამიანები ისტორიები

ბავშვობაში შეგროვებული გამხმარი ყვავილების მეორე სიცოცხლე – ნათია კიკნაძის ამბავი

ბეჭდები, ჭიქის დასადგამები, პანოები, სახილეები, ლანგრები, სანათები, – ეს ის ნივთებია, რომელსაც ნათია კიკნაძე გამხმარი ყვავილების საშუალებით ქმნის. 

ნათია “მოზაიკასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ბავშვობიდან კითხვაზეა შეყვარებული, რისი წყალობითაც გამხმარი მცენარეების დიდი კოლექცია დაუგროვდა.

“ბავშვობიდან მიყვარდა ხელსაქმე, ქარგვა, ქსოვა, ბისერებით სამკაულების დამზადება და კითხვა, ძალიან დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს და სულ ვკითხულობდი შესაფერის ლიტერატურას. დედა ყოველთვის ხელს მიწყობდა, რომ მე მქონოდა დრო ხელსაქმისთვის, კითხვისთვის, მუსიკითვის. ჩემი წიგნები მუდამ სავსე იყო ყვავილებით, რამდენადაც ლამაზი ყვავილის დანახვა გულს სიხარულით მივსებდა, იმდენად სევდას მგვრიდა, რადგან მეცოდებოდნენ წვიმისთვის, ქარისთვის, ან ტალახიანი ფეხისთვის. ამიტომ ფრთხილად ვიღებდი მათ და წიგნებში ვსვამდი, ასე ივსებოდა ჩემი წაკითხული წიგნები ლამაზი ყვავილებით”, – იხსენებს ნათია.

ერთ წელზე მეტია, რაც ნათია ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. ყველაფერი კი სოციალურ ქსელში ნანახი ვიდეოთი დაიწო.

“როცა ჩემს ცხოვრებაში იყო რთული პერიოდი, მაშინ ვიფიქრე, რომ საჭირო იყო რაიმე ახალის გაკეთება, რაც სრულიად გადამრთავდა, მომიცავდა შემოქმედებითად. ამ ძიებაში ვნახე სოციალურ ქსელში, რაღაც სითხე დაასხეს ყვავილებს და ყალიბიდან ნაკეთობა ამოიღეს, ვერ აგიღწერთ, რა დამემართა. ხელის თითებიდანაც კი ვიგრძენი, რომ ეს იყო ჩემი საქმე, ჩემი ყვავილების მეორე, მზის შუქზე გამოტანილი სიცოცხლე. და დავიწყე ძიება. საქართველოში ეს ახალი მიმდინარეობაა, ამიტომ საზღვარგარეთ ვეძებდი მასწავლებელს რომ მესწავლა, ვნახე ისეთი ადამიანი, ვისი ნაკეთობებიც ჩემს გემოვნებას აკმაყოფილებდა, ვიყიდე კურსი და ვისწავლე. წელიწადი და სამი თვეა, რაც დავიწყე ეს საქმიანობა და ეს გახდა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავრი მამოტივირებელი ძალა”.

ნათიამ პირველი ნამუშევარი იები იყო. ამბობს, რომ მისმა შექმნილმა ნივთმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია.

“შევიძინე ყალიბები, მასალა და პირველი კომპოზიცია იებით გავაკეთე. ახლაც მახსოვს, გული როგორ მიცემდა პირველი ნამუშევარი რომ ყალიბიდან უნაკლოდ ამოვიღე და სიხარულით დავდე სთორიზე, როცა მივხვდი, რომ ეს უნდა მესწავლა, არც მიფიქრია გაყიდვაზე, უბრალოდ ვიცოდი, რომ უნდა გამეკეთებინა. მერე დავფიქრდი, რას დავარქმევდი ამ ჩემს ნამუშევრებს და ისევ დედა, დედა მეძახდა ბავშვობაში ნატუსის. ისე მიყვარს ეს სახელი, რომ მაშინვე გადავწყვიტე, შემექმნა ბრენდი, სახელად ნატუსი”.

ამბობს, რომ მუშაობის პროცესი რთული და დამღლელია.

“ტექნიკურად რთული სამუშაოა. დავიწყოთ იქედან, რომ მზადების პერიოდში რესპირატორი აუცილებელია, რეზინის ხელთათმანები, იზოლირებული ოთახი. ერთი ნივთის დამზადებას დაახლოებით 10 დღიდან ერთ თვემდე დრო სჭირდება, გააჩნია, რა სიდიდის ნივთი მზადდება. ამ ბოლოს შევისწავლე კიდევ ეპოქსიდზე მოხატვა სპეციალური საღებავებით და ულამაზესი სახილე დავამზადე მაგ ტექნოლოგიით. ჯერჯერობით არ მაქვს სახელოსნო, სადაც შევძლებ სერიოზულ განვითარებას, მუშაობას, ხალხის დასაქმებას, თუმცა იმედი მაქვს მომავლის”.

ნათიას სამომავლოდ სურს, რომ საკუთარი სახელოსნო ჰქონდეს, სადაც ჩაატარებს მასტერკლასებს, შეძლებს ხალხის მასპინძლობას და ცოდნის გაზიარებას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.