ადამიანები ისტორიები

პროფესიით ეკონომისტი ვარ, მაგრამ სულით ხელოვანი – ნონა ფხიკიძის ნამუშევრები

“დედა მყავდა ძალიან ხელმარჯვე, კერვა, ქარგვა გადასარევად იცოდა, მეც იმისგან ვისწავლე, თუ რამე ვიცი. სპეციალური კურსი არ გამივლია, თვითნასწავლი ვარ“, – გვიყვება ნონა ფხიკიძე, რომელიც პატარა ასაკიდან ქარგავს, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, ეს ხელსაქმე მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში მუშაობისას დახვეწა.

“ბავშვობიდან ვქარგავ,  მოყვარული ვარ, არავის უსწავლებია. დედას ვუყურებდი ხოლმე და იქიდან შევითვისე, თუმცა ბავშვთა სახლში რომ ვმუშაობდი, იქ ხელმძღვანელი  ვინც იყო, გადასარევად ქარგავდა, რომლისგანაც ბევრი რაღაც ვისწავლე, მან უფრო ნათლად დამანახა ჩემი შესაძლებლობები და მას მერე უფრო აქტიურად დავიწყე ნამუშევრების შექმნა”, – ამბობს ნონა.

ნონა პირველ გამოფენას იხსენებს, რომელიც ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად მოაწყო. ამბობს, რომ მათმა კუთხემ უდიდესი მოწონება დაიმსახურა, რის შემდეგაც მეტი მოტივაციით დაიწყო ნამუშევრების შექმნა.

“პირველად ქარვასლაში მქონდა გამოფენა. მახსოვს, ნანული შევარდნაძეც იყო ამ გამოფენაზე, მე ჩემს აღსაზრდელებთან ერთად ვიყავი და იქ დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა კუთხემ. შემდეგ, როგორც იცით, სურამში დიდი წყალდიდობა მოხდა და სრულიად გამინადგურდა ნამუშევრები. ასე რომ, იმ წლების ნაწვალები აღარაფერი აღარ მაქვს, თორემ ახლა უდიდესი კოლექცია უნდა მქონდეს. მას მერე აღარ დამიქარგავს, გული ძალიან  მქონდა ნატკენი“.

ნონამ ნამუშევრების შეგროვება ბოლო წლებია, რაც დაიწყო. ბევრი ნაქარგი არ აქვს, მაგრამ თითოეული მათგანი ეძვირფასება.

“რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ სასტუმროში დავიწყე მუშაობა, დამსვენებლებს და მათ ბავშვებს, ვისაც სურვილი აქვთ, ვასწავლი ძერწვას, ქარგვას და სხვადასხვა ხელსაქმეს, რაც მე მეხერხება. მე ასევე  ვარ დღესასწაულების დიზაინერი და პატარ-პატარა ტექნიკებს ვუზიარებ ჩემს პატარებს. აი, ეს წლებია, რაც ისევ დავიწყე ნამუშევრების შექმნა და სულ თითზე ჩამოსათვლელი, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი ნამუშევრები მაქვს”.

ნონა საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას სხვა ქალებსაც უზიარებს. ფიქრობს, რომ ეს მათ საკუთარი  საქმის წაომყებაში დაეხმარებათ.

“ქალებს, რომელსაც არ აქვთ პროფესია და არიან ჩემი ხელობით დაინტერესებული, ვასწავლი, რომ ჰქონდეთ საკუთარი საქმე. განსაკუთრებული ინტერესია ისეთი ქალებისგან, ვინც ნაადრევ ასაკში გათხოვდა და სწავლა ვერ შეძლო. მე მიხარია, მათ მოტივაციას და მონდომებას რომ ვხედავ, რატომაც არა, ჰქონდეთ საკუთარი შრომით შემოსავალი და თუ მე ამაში წვლილს შევიტან ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.