ადამიანები ისტორიები

გორიდან ევროპის საგამოფენო სივრცეებში – დავით მურაჩაშვილის წარმატების ისტორია

დავით მურაჩაშვილმა ოთხ წელიწადში 879 ნახატი დახატა. ჩემი ნახატები მოგვითხრობენ ადგილებზე, სადაც შუქები და ჩრდილები სახლობენ – ამბობს მხატვარი, რომელიც წარმოშობით გორიდანაა.

“როცა ხატვას ვიწყებ, ფუნჯი თითქოს თავისით დარბის ტილოზე და ასე იბადება ნახატები”, – ასე აღწერს დავითი ხატვის პროცესს.

ამბობს, რომ ასეთი, თავისთავადი პროცესის შედეგია ის 30 ნახატიც, რომელიც სამ დღეში, მილანში დაგეგმილი პირველი გამოფენისთვის შექმნა. 

“გამოფენას “სამყარო ხელისგულზე” ერქვა და ნახატები დღედაღამ შეუსვენებლად მუშაობის შედეგია”.

ამას მოჰყვა გამოფენები თურქეთსა და ავსტრიაში. 2023 წლის 20 ივლისს კი, მხატვარი გამოფენის მოწყობას პარიზში გეგმავს.

ხატვის, მოგზაურობის და გამოფენების გარდა, დავითისთვის საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებაც მნიშვნელოვანია. ის რამდენიმე “ბავშვთა სახლის” აღსაზრდელებს ხატვას უფასოდ ასწავლის. 

ცნობილია ისიც, რომ უახლოეს მომავალში თბილისში მისი “ხატვისა და ხელოვნების ცენტრის” გახსნა იგეგმება.

ხატვის პარალელურად, დავითი მღერის კიდეც – მისი პირველი მუსიკალური ნაბიჯები “მართვესა” და ანზორ ერქომაიშვილის სახელს უკავშირდება. ერთხანს “ერისიონის” მომღერალიც გახლდათ, სადაც თავის ტყუპისცალ ძმასთან ერთად გამოდიოდა.

“ვენის ვარსკვლავებში” მან პირველი ადგილის და უმაღლესი სპეციალური ჯილდოს მოპოვების შემდეგ, ამბობს, რომ მუსიკალურ კარიერასაც აახლებს და ხატვასთან ერთად, ფართო ასპარეზის დათმობას სიმღერისთვისაც აპირებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.