ადამიანები ისტორიები

მეფაიტონე ბაჩო სურამიდან

“შუბლზე მოეფერეთ, ესიამოვნება, შაქარი და ტკბილეული უყვართ”, – გამოგვძახა ჩრდილს შეფარებულმა შუახნის მამაკაცმა, როდესაც ფაიტონში შებმულ ცხენებს მივუახლოვდით, – “კანფეტები უმდა აჭამო, უყვართ ძალიან”.

მეფაიტონე ბაჩო – ყველა ამ სახელით იცნობს ბაჩო კანთელაშვილს. ის 15 წელია ქალაქის ქუჩებში ამ ტრანსპორტით დადის და მსურველებს ფაიტონით სურამის დათვალიერებაშიც ეხმარება.

“15 წელია მეფაიტონე ვარ. ჩემი მეგობრები იყვნენ ამ საქმეში და მეც დამაინტერესდა, ვიყიდე ცხენები, მეგობრის დახმარებით ავაწყე ფაიტონი და მას მერე სხვა საქმეს არ გავკარებივარ. ჩემი ქალაქისთვის მე მეფაიტონე ბაჩო ვარ”, – გვითხრა საუბრის დასაწყისშივე.

55 წლის ბაჩო კანთელაშვილი სურამის ცენტში, პარკის შესასვლელთან დგას. მაღალი ნაძვის ძირას ჰყავს დაყენებული ცხენები და ეტლიდან ქალაქური სიმღერების ხმა ისმის. ამბობს, რომ მუსიკა გაისეირნების მსურველებს განსაკუთრებით უყვართ და ახალისებთ.

“მხოლოდ ქალაქურ მუსიკას ვრთავ, რადგან ეს უხდება ფაიტონს. ძირითადად საღამოობით არის ხალხი. დამსვენებელს ძალიან უყვარს ფაიტონით სეირნობა. სურამის ცენტრიდან გავდივარ, ორ კილომეტრს გავივლი და უკან ვბრუნდები, თუ უფრო მეტის გავლა უნდათ, მეუბნებიან და გზას ვაგრძელებ”, – ამბობს ბაჩო.

ბაჩო შუადღით სახლში მიდის, რადგან ცხენები იღლებიან, ამიტომ მათი გამოკვება და დასვენება აუცილებელია.

“წლებია ეს ცხოველები ჩემთან არიან და უკვე ვგრძნობ, რომ იღლებიან, შუადღით შესვენებას ვაკეთებ, სახლში მიმყავს და ვასვენებ. ოჯახის წევრებივით არიან, სახელებიც კი ჰქვიათ, ნიშა და გულა. ამ საქმის გარდა, არანაირი საქმე არ მაბედნიერებს. დავდივარ ბოლოზარებზე, ბანკეტებზე, ქორწილებზე. ახლახანს ბანკეტზე ვიყავი, 40 წლის შემდეგ შეიკრიბნენ და მე მოვემსახურე”, – გვიყვება ბაჩო.

ბაჩო ზაფხულის სეზონზე სურამში მუშაობს, ზამთარში კი ბაკურიანში მიდის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.