ადამიანები ისტორიები

მასწავლებელი, რომლის თოჯინებსაც ლაურეატის წოდება აქვთ – მადი ბირკაძის კოლექცია

“ჩემი შექმნილი თოჯინები არ იყიდება, საკოლექციოა, ერთადერთი და განუმეორებელია”, – ამბობს ხაშურში მცხოვრები მადი ბირკაძე, რომელიც რამდენიმე წელია თოჯინებს ამზადებს.

მადიმ დაახლოებით 8 წლის წინ საცხოვრებელი სახლის ერთ პატარა ოთახში სამუშაო სივრცე მოიწყო, დედამთილის ძველებური საკერავი მანქანა მოიდგა და გადატვირთული დღეების განსამუხტად სათამაშოების გაკეთებას შეუდგა. 

“ეს საკერავი მანქანა, რომელსაც ახლა ხედავთ, მოგვიანებით ვიყიდე, მანამდე დედამთილის ძველ მანქანაზე ვმუშაობდი ხოლმე. ყოველთვის მიყვარდა კერვა, განსაკუთრებით პატარა ასაკში, როდესაც ჩემს თოჯინებს სამოსი გაუფუჭდებოდათ, ჩემს კაბებს ვჭრიდი და მათ ვუკერავდი. ზრდასრულ ასაკში იმდენი საქმე მქონდა, ამისთვის აღარ მეცალა და ეს ჩემი გატაცებაც დავივიწყე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დროებით”, – გვიყვება მადი.

მადი ამბობს რომ თოჯინების შექმნის პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია. ერთი თოჯინის დამზადებას თითქმის ორ თვეს ანდომებს.

“თოჯინები ნაწილ-ნაწილ იქმნება. ვაკეთებ ესკიზს, შესაბამისობაში უნდა იყოს მხრები, ხელები, თავი, რომ ცდომილება არ მომცეს. თავიდან სახეებს რომ ვქმნიდი, სულ კაცის სახე გამომდიოდა, ბევრს ვმუშაობდი და ვწვალობდი, შემედეგ უკვე ხელი გმოვიმუშავე და ახლა ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო ნაზი სახე და დახვეწილი ნაკვთები. ახლა კაცი და ქალი თოჯინების სახეები დახვეწილი და გამოკვეთილია”.

ამბობს, რომ თოჯინების კეთების პროცესი ამშვიდებს.

“სამსახური მაქვს, დიდი ოჯახი, მაგრამ საქმეებს, რომ მოვრჩები, მერე აქ ვჯდები და ვისვენებ, ეს არი ჩემთვის ყველაფერი. პირველად რომ დავიწყე კეთება, არ ვიცოდი, როგორები იქნებოდნენ, რას სახე ექნებოდათ. ვაკეთებ სხვადასხვა სახასიათო თოჯინებს, რომელებიც მოძრაობენ, უმოძრავებთ ხელი, ფეხი, თავი. ეს არის ჩემი განტვირთვა”.

მადი ბირკაძე პროფესიით ფილოლოგია, აქვს ასევე მუსიკალური განათლება და ცხრამუხის საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად მუშაობს. პედაგოგს სკოლისთვის შექმნილი აქვს თოჯინური თეატრი, სადაც ბავშვების მონაწილეობით სპექტაკლები იმართება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.