ადამიანები ისტორიები

ცხელი პური და ნაზუქი – ელისო სამხარაძე ცხობის 40-წლიანი ისტორიით

პურს ნაზუქიც გააყოლე, სულ ცხელ-ცხელია, ახლა ამოვყარე თონიდან, ფერზე კი ეტყობა როგორიცაა, მაგრამ გემოც  უნდა გასინჯოთ”, – ასე ხვდება პირველ სტუმარს სურამელი ელისო სამხარაძე და შოთის პურს აწვდის, – “ხურდის დაბრუნება ხომ არ გინდა? – თუ ასეა ჯერ არ მაქვს, წელს თონე პირველად გავხსენი და ჩემი პირველი კლიენტი ხარ”. 

ელისო სამხარაძეს და მის საცხობს სურამში თითქმის ყველა იცნობს, შეიძლება სახელი ვერ გითხრან, მაგრამ პარკის შესასვლელთან რომ კეთილი ქალი ნაზუქს აცხობს და ხშირად უსასყიდლოდაც არიგებს, ეს იციან. მორჩენილი ცომით პატარების გასახარებლად მომცრო ზომის კოკორებს და ნაზუქებსაც აცხობს და გამვლელ გამომვლელებს, რომლებიც მისი ობიექტით ინტერესდებიან, უმასპინძლდება.

ელისო 90- იანებში მედიცინის მუშაკი იყო და 8 ლარზე მუშაობდა. ამბობს, რომ შემცირებაში მოყვა და სამსახურიდან წამოსვლა მოუწია, მას შემდეგ თითქმის 40 წელია პურს და ნაზუქს აცხობს და ყიდის.

“მე-3 კლასიდან ვაცხობდი პურს, ოღონდ ჩუმად, მიშლიდნენ ხოლმე სახის კანი დაგეწვებაო, თუმცა მეზობლებს ვთხოვდი და ისინი მაკვრევინებდნენ. მიკვირს, რატომ მაინტერესებდა ეს პროცესი, მიყვარდა ცომთან ურთიერთობა, ერთი სული მქონდა დაეწყოთ  ცხობა. პირველად დეიდას მეზობელს ვთხოვე და ჩავაკარი პური, მერე იმ მეზობელმა უთხრა დეიდაჩემს, იცი რა კარგი პური გამოაცხო ელისომო? მახსოვს, დეიდა ძალიან გამიბრაზდა და ამიკრძალა კიდეც”, – იხსენებს ელისო.

გვიყვება, რომ  დამღლელი სამუშაო დღე აქვს, ვიდრე მეუღლე ცოცხალი ჰყავდა, ნაკლებს მუშაობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, შრომა გაორმაგდა.

“ეს არის ჩემი საქმე, სხვა საქმისთვის დრო აღარ მრჩება, სულ აქ ვარ. დღე ღამეში 5 სააათი მძინავს, ჩემი დღე შუაღამის სამ საათზე იწყება, ვდგები, პურისთვის და ნაზუქისთვის ცომს ვზელ, ცომს რამდენჯერმე უნდა ჩაზელვა, კარგი რომ გამოვიდეს. 7 საათზე უკვე თონეს ვახურებ და ვიწყებ ცხობას, ვიდრე ჩემი კლიენტები გაიღვიძებენ ცხელ-ცხელ ნაზუქს და პურს ვახვედრებ”, – ამბობს ელისო.

ელისოს ყველაზე მეტად სამომავლო გეგმებზე სუბარი უყვარს, გვიყვება, რომ შვილიშვილთან ერთად, კვების ობიექტის გახსნაზე ოცნებობს, სადაც თონეს ჩადგამს და იქაც ნაზუქს და პურს გამოაცხობს.

“ჩემმა შვილმა მზარეულის პროფესია აირჩია, რაც ძალიან მახარებს. მთავარია ჯანმრთელად ვიყო, მე მას დავპირდი, რომ გვექნება ჩვენი კვების ობიეტი, სადაც ჩემს თონეს ჩავდგავ და პურს და ნაზუქს გამოვაცხობ. ამ იდეის განსახორციელებლად ყველაფერს გავაკეთებ”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.