სტატიები

80 ოჯახის პრობლემა, რომელიც ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოაგვარა

გორში ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში 80 ოჯახი ცხოვრობს. მათი. საცხოვრებელი პირობები არაერთხელ შეფასდა, როგორც სიცოცხლისთვის საშიში და ღირსების შემლახველი, თუმცა ამ დრომდე, ხელისუფლებას მათთვის არც ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გამოუნახავს და არც ამჟამინდელ საცხოვრისში ვითარების გაუმჯობესების გეგმა შეუმუშავებია.

_______________

ოჯახები, რომლებიც ავარიულ შენობაში ცხოვრობენ, წლებია, ყურადღებას და დახმარებას ითხოვენ. საკუთარ პრობლემებზე საუბრობენ ყველასთან – ჟურნალისტებთან, სამოქალაქო სექტორთან, სახალხო დამცველთან, ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან. მეტიც, პრობლემის შესახსენებლად ისინი გორის მერიაშიც მისულან.

ასე მოიქცნენ 4 თვის წინაც. მაშინ მათ გორის მერის მოადგილე ნიკოლოზ ღვინიაშვილი შეხვდა და მერიის შენობიდან ადამიანები იმ იმედით გამოუშვა, რომ მათი საკითხი ერთ თვეში გადაწყდებოდა.

ღვინიაშვილს შევხვდით, დაგვაიმედა, რომ ერთ თვეში ჩამოვა ექსპერტიზის პასუხი და მერე გადაწყდება. პირველი პასუხის მიხედვით, ბინა არის ავარიული და იქ ცხოვრება არ შეიძლება. ახლა მეორე დასკვნას ველოდებით და ვნახოთ, რა იქნება. ერთი თვეც დაველოდოთო. სადაც ამდენი მოვითმინეთ, ეს ერთი თვეც დაველოდებით”, – გვითხრეს მაშინდელი შეხვედრიდან გამოსულმა ადამიანებმა.

მას შემდეგ 4 თვე გავიდა, ეს ოჯახები კი კვლავ იმ შენობაში ცხოვრობენ, სადაც Საკანალიზაციო სისტემა და სველი წერტილებიც არაა. ამ შენობიდან ადამიანების დაუყოვნებლივ გაყვანა მერიას “სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც” მოსთხოვა და აცნობა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დავას დაიწყებდა.

“შენობის მდგომარეობა, რომლის დაზიანებაც შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია – ირღვევა შენობის უკანა კედელი, საცხოვრისი დანესტიანებულია, ხოლო დეფორმირებული ჭერი და კედლები ინგრევა. ამის გამო უსახლკარო პირები საცხოვრისის ჩამოქცევის მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ”, – აღნიშნული იყო ორგანიზაციის განცხადებაში.

მუდმივ შიშზე შენობაში მცხოვრები ადამიანებიც საუბრობენ. ახლო წარსულში იყო შემთხვევა, როდესაც მიწისძვრის შემდეგ, ამ ადამიანებმა მთელი ღამე ქუჩაში გაათიეს და შენობაში დაბრუნების ეშინოდათ.

მათ მდგომარეობის სიმწვავეზე უკვე წლებია საუბრობს სახალხო დამცველის აპარატიც. ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჟარიამ, ამ ადამიანების საცხოვრებელ პირობებს “ღირსების შემლახველი” უწოდა. ახლანდელი სახალხლო დამცველი კი ამბობს, რომ “უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე დღეს გორის სოციალურ საცხოვრისშია, არსად არ უნახავს”.

ამ თემაზე ლევან იოსელიანმა კომენტარი დღესაც გააკეთა და თქვა, რომ ამ ადამიანების დახმარება მისი აპარატისთვის პრიორიტეტული საკითხია.

“იქ პირობები არის ნამდვილად მძიმე, იქ ადამიანების ამ მდგომარეობაში ყოფნა ნამდვილად არ შეიძლება, ამიტომ ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ჩემთვის და ჩემი აპარატისტვის ამ სოციალური საცხოვრისში არსებული მდგომარეობა”, – აღნიშნა იოსელიანმა.

სახალხლო დამცველის თქმით, მას ამ საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, თუმცა გორის მერიის გეგმა საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია.

ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ცნობილია, საკრებულოს დადგენილებაა, სადაც ვკითხულობთ, რომ ყოფილი ნარკოლოგიურის შენობისთვის მერიამ 226 113 ლარი გამოყო, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რას მოხმარდება ეს თანხა. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არც გორის საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს.

“რეაბილიტაციაც შესაძლებელია, თუმცა შესაძლოა ახალი შენობის აშენება უფრო იაფი დაჯდეს, ვიდრე არსებულის შეკეთება. ამიტომ ჯერ დასათვლელია ზუსტი ხარჯები და შემდეგ მიიღებს მერია გადაწყვეტილებას”, – ამბობს დავით რაზმაძე.

მისი განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე მერიას შენობის რეაბილიტაციის ზუსტი ხარჯები დათვლილი არ აქვს, 80 ოჯახი კი ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს უკვე წლებია ითხოვს და მოთხოვნის დაკმაყოფილებას ყოველდღე ელოდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.