სტატიები

შრომის უსაფრთხოების წესების დამრღვევი კომპანია აშენებს ბაღებს და არემონტებს სკოლებს

შპს “სქაიჰაუსი” ის კომპანიაა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საჯარო სკოლის შენობას არემონტებს. მასთან ხელშეკრულება გააფორმა მუნიციპალური განვითარების ფონდმაც, კასპის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღის ასაშენებლად, რომელშიც 6 733 000 ლარს გადაუხდის. 

აღნიშნულ კომპანიას ამჟამად, 7 მიმდინარე პროექტი აქვს, საიდანაც რამდენიმე უკვე დასრულებული უნდა ჰქონდეს, თუმცა ვადის არაერთგზის გახანგრძლივების მიუხედავად, სამუშაოები ჯერაც არ დაუმთავრებია. 

ამავე თემაზე: “მუშები წავიდნენ, კომპანია ხელფასს არ უხდის” – რა ელის მეჯვრისხევში სკოლის შენობას

“მოზაიკამ” აღნიშნული კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეაგროვა. აღმოჩნდა, რომ  შპს “სქაინიუსი” ხშირად ითხოვს დამკვეთისგან სამუშაოების ვადის გახანგრძლივებას, მაგალითად:

  • მეჯვრისხევში სკოლის რეაბილიტაციის პროექტი გასულ წელს უნდა ჩაებარებინა, მაგრამ დღემდე დაუსრულებელია.
  • ანალოგიურად მოხდა ქუთაისში ავტოპარკის მშენებლობის შემთხვევაშიც, კომპანიამ ქუთაისის მერიას სამუშაოების ვადის გახანგრძლივება 6-ჯერ სთხოვა;
  • თბილისში 147-ე სკოლის რეაბილიტაციისას კი, ვადის გახანგრძლივება 2-ჯერ ითხოვა, სამუშაოები 30 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ობიექტი დამკვეთისთვის ჯერ ჩაბარებული არ არის. 

2023 წლის 1 იანვარს კომპანია დაჯარიმდა 1 000 ლარით შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ჯარიმა კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, რის გამოც დამატებით დაეკისრა საურავი 2 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ. 

ინფორმაციისთვის, კომპანიას ოფიციალური მონაცემებით, დაარსების დღიდან მონაწილეობა აქვს მიღებული 30 ტენდერში, საიდანაც მოგებული აქვს 12. მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება  40 000 000 ლარს აღწევს. 

დატოვეთ კომენტარი