ბლოგები

რატომ ვირჩევ სამომავლო პროფესიად საჯარო მმართველობას?

ავტორი: მარიამ მახარაშვილი

რამდენიმე თვეში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მიუხედავად იმისა, რომ წარჩინებული მოსწავლე ვარ და სასკოლო ცხოვრების ყველა ეტაპზე კარგად ვსწავლობდი, მაინც თავისებურად განვიცდი. მინდა ყველა იმ ადამიანის მოლოდინები გავამართლო, ვინც ამ წლების განმავლობაში მგულშემატკივრობდა და ხელს მიწყობდა წარმატებაში. ახლა მიზნად მაქვს დასახული უმაღლეს სასწავლებელში სასურველ ფაკულტეტზე ჩავირიცხო და დაფინანსებაც მოვიპოვო.

მინდა საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე ჩავაბარო. ამ მიმართულებით მივიღო განათლება და ყველა ის უნარი, რაც საჯარო სფეროს წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს.

რას მოიცავს საჯარო მმართველობის პროფესია?

საჯარო მმართველობა  მოიცავს საზოგადოებასთან კონტაქტს.  მისი მიზანია ისეთი პროფესიონალი სახელმწიფო მოხელეების აღზრდა, რომლებსაც ექნებათ მულტიდისციპლინური, სისტემური და სიღრმისეული ცოდნა საჯარო მმართველობის სფეროში და პრაქტიკული უნარები ქვეყნის მართვის პროცესის შესახებ.

საჯარო მმართველობა, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, არის სახელმწიფოს საქმიანობა, რომელიც არ არის მართლმსაჯულება. ასევე მისი მიზანია, მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე პროფესიონალი საჯარო მოხელეების აღზრდა და ამით ქვეყანაში სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის სისტემის გარდაქმნის ხელშეწყობა.

რა როლი აქვს სკოლას მოსწავლის (ჩემი) პროფესიის არჩევაში?

სკოლა საწყისია იმ დიდი ცოდნის, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. საწყისი ნაბიჯები კი ყოველთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის ცხოვრებაში და მის განვითარებაში.

ვფიქრობ, ჩემი პროფესიის არჩევაში სკოლამაც მოახდინა გავლენა. როგორც სხვა ძალიან ბევრი მოსწავლე, მეც ბავშვობიდან ვფიქრობდი, თუ რა  პროფესიის უნდა გავმხდარიყავი. ვფიქრობდი ბევრ მიმართულებაზე, ეს ძალიან ლოგიკურია, რადგან ყველა კლასში დამატებული ახალი საგანი იმდენად მომწონდა, ესაა ჩემი მომავალი პროფესია-მეთქი, ვამბობდი ხოლმე.

როცა სამოქალაქო განათლების შესწავლა დავიწყე და პარალელურად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაორგანიზებული ბევრი ტრენინგი გავიარე არაფორმალური განათლების კუთხით, დავრწმუნდი, რომ  ჩემი რესურსი და შესაძლებლობები  სწორედ საჯარო მმართველობის მიმართულებით იქნება ყველაზე ეფექტური.

ყველა მოსწავლეს ვურჩევ, სკოლაში კარგად ისწავლოს ყველა საგანი. გამოსცადოს საკუთარი თავი მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებაში და ასე უფრო მარტივად შეარჩევს სამომავლო პროფესიას. ასე უკეთ მიხვდება, თუ რა გამოსდის ყველაზე უკეთ.

დატოვეთ კომენტარი