ბლოგები

ვეტერინარია, როგორც სიცოცხლის სადარაჯოზე მდგარი პროცესია

ავტორი: ომარ ლომსაძე, ფართო პროფილის ვეტერინარი

ცხოველები ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. სახლში პატარა ზოოპარკი მქონდა ყველა იმ ძუძუმწოვრის შემადგენლობით, რომლის მიყვანაც სახლში შემეძლო. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა მათთან ურთიერთობა და მათგან მიღებული უანგარო სიყვარული. თუმცა როდესაც მათ ჯანმრთელობას პრობლემები ექმნებოდა, მე ვერ ვეხმარებოდი, ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ვეტერინარი.

ამჟამად ვმუშაობ პროექტზე, რომელიც შეეხება მობილურ ვეტკლინიკას ფერმერებისთვის.

ავსტრიის განვითარების და არაკომერციული ორგანიზაციის, “მერსი ქორფსის” დახმარებით, ჩვენს კლინიკას ემატება სერვისი ფერმერებისთვის. გვეყოლება მაღალი გამავლობის ავტომობილი, რისი საშუალებითაც ყველგან მივალთ, ადგილზე საჭირო მანიპულაციების ჩასატარებლად. ეს დაეხმარება ადგილობრივ ფერმერებს მოაგვარონ ბევრი პრობლემა, რომელიც უშუალოდ ვეტერინარულ სერვისს უკავშირდება. ეს დაგვეხმარება ცნობიერების დონის ამაღლებაში, კერძო ვეტერინარული სერვისების გაუმჯობესებასა და, რაც მთავარია, ადგილობრივი წარმოების რაოდენობისა და ხარისხის გაზრდაში.

პროფესია : ვეტერინარი

ეს პროფესია თავის თავზე იღებს კომპანიონი ცხოველების, სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების ჯანმრთელობას, რაც აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

გარდა ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვისა, ვეტერინარიას კიდევ უფრო დიდი როლი აკისრია – ეს არის სასურსათო უსაფრთხოება, რაშიც მოიაზრება როგორც ცხოველური წარმოშობის პროდუქტის საკვებად ვარგისიანობა, ასევე ამ პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზრდა, რაც განაპირობებს ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოებას.

ყველამ კარგად დავინახეთ ამ დარგის მნიშვნელობა კოვიდპანდემიის დროსაც, როდესაც ქვეყანა დადგა საფრთხის წინაშე, რომ თუ რომელიმე ექსპორტიორი ქვეყანა უარს განაცხადებდა პროდუქტის შემოტანაზე, საქართველოს სურსათის მხრივ სერიოზული დეფიციტი შეექმნებოდა. ამიტომ თუ გვინდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ, საჭიროა ვეტერინარია და მეცხოველეობა განვავითაროთ.

იმდენად გათავისებული უნდა გქონდეს ცხოველთან ურთიერთობა, რომ სანამ ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ კვლევებამდე მიხვალ, წინასწარ უნდა იგრძნო, თუ რა სტკივა და რა უჭირს. ამას კი სიყვარულის და კეთილი დამოკიდებულების გარეშე ვერ გაიგებ.

კლინიკისა და საველე პირობების გათვალისწინებით თუ რამე შემიძლია, მე და ჩემი გუნდი ვეხმარებით მაქსიმალურად, იქნება ეს გადაუდებელი ოპერაციები, ქიმიოთერაპია, ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია, მეპატრონის კონსულტაცია და რჩევების მიცემა ცხოველის მოვლასთან დაკავშირებით თუ სხვა.

დიდი მნიშვნელობა აქვს კასტრაცია-სტერილიზაციას. ეს არის ვეტერინარიაში ყველაზე ხშირად შესრულებული ოპერაციები, რომლებიც მიმართულია პოპულაციის მართვისკენ და აღმოფხვრის ცხოველთა უკონტროლო გამრავლებას.

ასევე, ნაკლები მიუსაფარი ცხოველის რისკია ჯანმრთელობის მხრივაც, რადგან გასტერილებულ ცხოველს უხანგრძლივდება სიცოცხლე, მცირდება სქესობრივად გადამდები დაავადებების რისკი, ცხოველი ხდება უფრო წყნარი და დინჯი ასევე ტერიტორიას იცავს უკეთესად და სხვა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, ვეტერინარია ძალიან საპასუხისმგებლო, რთული და ჩემთვის სიცოცხლის სადარაჯოზე მდგარი პროფესიაა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.