ბლოგები

ინკლუზიური განათლება – სწავლის შესაძლებლობა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით

ავტორი: ია საბაძე, სპეციალური მასწავლებელი

დღეისათვის ტერმინი „ინკლუზია“ არავისთვის არაა უცხო. ამ ტერმინს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო სივრცეში. ინკლუზიური განათლება ნიშნავს თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს –  გარემოს,  ყველა მოსწავლისათვის, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

კანონი თანაბრად გვავალედებულებს განათლება მივცეთ ყველა მოსწავლეს მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით. 

სულ რაღაც 10-15 წლის წინ, ამ მხრივ საკმაოდ რთული მდგომარება იყო. მოსწავლეებს, რომლებსაც სჭირდებოდათ სპეციალური მიდგომები სწავლებაში, სჭირდებოდათ შესაბამისი ფიზიკური გარემო, რათა უბრალოდ ევლოთ სკოლაში, ამის პირობები არ არსებობდა. არაფერს ვამბობ საბჭოთა პერიოდის განათლების სისტემასა და ზოგადად საზოგადოების ცნობიერებაზე. იმ პერიოდში საერთოდ მალავდნენ მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვებს, რადგან „ყველა საბჭოთა მოქალაქე ჯანმრთელი იყო“. 

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ დღესაც ბევრი რამაა  გასაკეთებელი. ბევრი ისევ ფიქრობს, რომ მოსწავლე რომელიც არაა ტიპური განვითარების, არ უნდა სწავლობდეს საჯარო სკოლაში და მხოლოდ სპეციალური სკოლები უნდა იყოს მათვის განკუთვნილი. არსებობს სტიგმის პრობლემაც. სწორად მიწოდებული ინფორმაცია ამას გარკვეულწილად აგვარებს.

ახალ თაობას მიმღებლობა მეტი აქვს ამ მიმართულებით. ინკლუზიური განათლება თანაბრად სასარგებლოა როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებისათვის, ასევე ტიპური განვითარების მოსწავლეებისათვის. 

სსსმ მოსწავლეები საჯარო სკოლებში უკეთ ვითარდებიან, მეტად ადაპტირებულნი არიან თანატოლებთან და დადებითად მოქმედებს მათი სოციალური უნარების განვითარებაზე. ტიპური განვითარების მოსწავლეები კი სწავლობენ სხვაზე ზრუნვას, უვითარდებათ თანაგანცდის გრძნობა და აცნობიერებენ იმას, რომ ყველა ერთნაირი შესაძლებლობების ვერ იქნება.

დღეისათვის ყველა საჭირო სერვისს იღებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, შშმ პირები, მათი საჭიროებების შესაბამისად, როგორც საჯარო სკოლებში, ასევე სპეციალურ ცენტრებში.  პრობლემები თავს იჩენს, როდესაც ხდებიან სრულწლოვანები, მათი შემდგომი პროფესიაში შესვლისა და დასაქმების კუთხით, თუმცა ამ მხრივაც მიდის მუშაობა.

მიუხედავად იმ რთული გზისა რაც თითქმის ცხრა წელია გამოვიარე, სტიმულს მაძლევს ის შედეგები, რასაც ბავშვებისა და ჩემი შრომის შედეგად ვხედავ. ვხედავ მათ ამაღლებულ მოტივაციას, თურმე მათაც შეძლებიათ რაიმეს სწავლა, გაკეთება. ამას მოწმობს მათი გაბრწყინებულ და თავდაჯერებული თვალები.  

ასე, რომ ინკლუზიური განათლების ხარისხიან განხორციელებას გვავალდებულებს არა მარტო  კანონი და სახელმწიფოს მხრიდან აღებული ვალდებულებები საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, არამედ, ჩვენი პროფესია, მოქალაქეობა და ყველაზე მთავარი – მორალი და ადამიანობა.  

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.