სტატიები

“გორის მერია 4 თვეა სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულებელყოფს”

გორის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულებელყოფს – გვითხრა საიას გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთევან ბებიაშვილმა. 

ბებიაშვილი სასამართლოში იმ ორი ადამიანის ინტერესებს იცავს, რომლებიც გორის მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს. 

“მივმართეთ სასამართლოს გათავისუფლების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების ბრძანებები და სასამართლომ მუნიციპალიტეტს დაავალა შიდა მობილობის განხორციელება”, – ამბობს ბებიაშვილი. 

თუმცა როგორც იურისტი აცხადებს, გორის მერიას სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ აღუსრულებია. 

“უკვე გასულია 4 თვე და ამ პერიოდში მერიის მხრიდან არ მომხდარა გადაწყვეტილების აღსრულება. მით უფრო, რომ მერიამ ამ პერიოდში გამოაცხადა რამდენიმე კონკურსი, რომელიც ასევე შეესაბამება მობილობის წესით აღნიშნული თანამშრომლების გადაყვანას, თუმცა მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას დღემდე უგულებელყოფს”, – გვეუბნება ბებიაშვილი. 

ერთ-ერთი ადამიანი, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, გორის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნაილი მელანაშვილია. ის მერიაში 9 წელი მუშაობდა და საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის შესრულების განყოფილების მთავარი სპეციალისტი იყო. 

სასამართლომ მერიას მობილობის წესით, მელანაშვილის სამსახურში აღდგენა დაავალა.

“მერიამ მას შემდეგ, რაც სასამართლომ გათავისუფლებული თანამშრომლის, ნაილი მელანაშვილის მიმართ მობილობის წესის შესრულება დაავალა,  კონკურსი გამოაცხადა პოზიციაზე, რომელიც მერიაში ნაილი მელანაშვილის დაკავებული პოზიციის მსგავსი იყო და შესაბამისად, უწყება ვალდებული იყო აღნიშნულ პოზიციაზე მელანაშვილი დაესაქმებინა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მერიას აუკრძალა კონკურსის გაგრძელება ამ პოზიციაზე იქამდე, სანამ მელანაშვილის სამსახურში დაბრუნება არ მოხდება”, – განმარტავს ბებიაშვილი. 

საია გორის მერიას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისკენ მოუწოდებს. 

“მერიამ აუცილებლად უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.”


სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავებულად ესმით გორის მერიაში. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, სასამართლომ მელანაშვილის სამსახურში აღდგენა კი არა, საკითხის ხელმეორედ განხილვა დაავალა. 

“სასამართლომ ის კი არ დაგვავალა, რომ აღადგინეთო, არამედ გვითხრა, საკითხი ხელმეორედ განიხილეთო”,- აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

დატოვეთ კომენტარი