სტატიები

როდის დასრულდება “ახალბაღის” რეაბილიტაცია? 

“ახალბაღის” რეაბილიტაცია მეორე წელია გრძელდება და პროექტის დასრულების ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია. 

პირობა, რომ გორის მთავარი დასასვენებელი სივრცე, 2021 წლის 15 ივლისს ერთი წლით იკეტებოდა, რამდენჯერმე შეიცვალა – გახსნის თარიღმა ჯერ 2022 წლის ბოლომდე, შემდეგ კი გაურკვეველი ვადით გადაიწია. 

ეს საკითხი, უკვე რამდენიმე თვეა, გორის მერის მრჩეველთა საბჭოზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. 

როგორც ხელისუფლება სესიებზე ამბობს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზი მტკვრის მიმდებარედ დაწყებული ნაპირსამაგრი სამუშაოებია. 

“სტიქიური მოვლენების გამო, ლიახვის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო, სხვა შემთხვევაში ახალბაღის ტერიტორიას მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრება, ამის გამო პროექტის დასრულების ვადები რამდენიმე თვით გადაიწევს”, – ამბობს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

ვადებთან ერთად, შეიცვალა “ახალბაღის” რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტიც. 

“საწყის პროექტში საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების დამატება, შემსრულებელ კომპანიას მოუწია მერიის მხრიდან შეთავაზებული წინადადებების განხილვა და პროექტში ასახვა,რამაც გაახანგრძლივა პროცესი და შეცვალა პროექტის ბიუჯეტიც”, – განმარტავს ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის წარმომადგენელი გიგა ბერიძე.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ადგილობრივ ხელისუფლებას, მუნიციპალური ფონდის ჩართულობით, ამ საკითხზე საჯარო შეხვედრის მოწყობას და საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას ურჩევს. 

“შეხვედრა დაეხმარება ერთის მხრივ მუნიციპლიტეტს, რომ მოსახლეობას ანგარიშვალდებულად მიაწოდოს ინფორმაცია და მეორეს მხრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა გამჭვირვალედ მიადევნოს თვალი მიმდინარე პროცესებს, რაც მათში ნდობის ამაღლებას გამოწვევს”, – ასეთია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაცია გორის მერის მიმართ. 

ამ დრომდე, რეკომენდაცია განხილვის პროცესშია და უცნობია, როდის და რა ფორმით აპირებს გორის მერი მის გათვალისწინებას. 

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, გორის კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “Award” ახორციელებს და პროექტის საწყისი ღირებულება 8 950 000 ლარი იყო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.