სტატიები

“გორის მერიასა და ა(ა)იპ-ებში კონკურსები წინასწარ შერჩეული კადრებისთვის ცხადდება” 

გორის მერიას არავითარი მიზანი, რომ კადრების ოპტიმიზაცია მოხდეს და ფული დაიზოგოს ბიუჯეტში, არ გააჩნია, – ამბობს ალექსი მერებაშვილი, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი. 

მისი თქმით, ამ მიზანს არც მერიაში ჩატარებული რეორგანიზაცია და არც ა(ა)იპ-ებში განხორციელებული ოპტიმიზაცია არ ემსახურებოდა. 

“გამოშვებული ადამიანების ადგილას ახალ ადამიანებს იღებენ და სამწუხაროდ, საკრებულოც დამატებითი კითხვების გარეშე აძლევს მერიას ნებართვარს, რომ აიყვანოს ახალი თანამშრომლები”, – აღნიშნავს მერებაშვილი. 

როგორც მერებაშვილი ამბობს, გორის მერიაში ღია კონკურსებიც წინასწარ შერჩეული კადრებისთვის ცხადდება. 

“გორის მერიას ვალდებულება აქვს, რომ ვაკანსიის თაობაზე საჯარაოდ განათავსოს ინფორმაცია, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ობიექტურად ტარდება ეს კონკურსები. სამწუხაროდ, აპლიკანტებმაც და მოსახლეობამაც წინასწარ ვიცით ხოლმე, ვისთვის ცხადდება ეს კონკურსი და შესაბამისად სასურველი ადამიანი იმარჯვებს ხოლმე. იმის მიუხედავად, რომ საჯარო არის ეს ვაკანსიები, არ ნიშნავს ეს იმას რომ პროცესიც გამჭვირვალე და ობიექტურია”.

რაც შეეხება მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში თანამშრომლების აყვანას, ამ პროცესის ხარვეზებს, მერაბაშვილის თქმით, აუდიტის სამსახურიც აღიარებს. 

“ა(ა)იპებში საზოგადოებამ არ იცის ცხადდება თუ არა რაიმე ვაკანსია. შიდა აუდიტის დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ თვითნებურ გადაწყვეტილებებს იღებენ დირექტორები, მათი ან ზემდგომი თანამდგომი თანამდებობის პირების დავალებით ასაქმებენ ადამიანებს პოლიტიკური თუ მეგობრობის ნიშნით”,- აცხადებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი.

ლექსო მერებაშვილი ერთ-ერთი იმ ადვოკატებიდან, რომლებიც გორის მერიიდან და მუნიციპალური ა(ა)იპ-ებიდან რეორგანიზაციის და ოპტიმიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს იცავენ.  

“საქმის მასალებიდან აშკარა და ცხადი იყო, რომ კონკრეტული ადამიანები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლდნენ. მას შემდეგ, რაც ლადო ხინჩეგაშვილი გახდა გორის მერი, ათამდე ადამიანმა მოგვმართა დახმარების თხოვნით როგორც მერიიდან, ისევე მერიის აიპებიდან”, – ამბობს მერებაშვილი. 

მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი საკადრო გადაწყვეტილებების სისწორეს ვერ ასაბუთებს. 

ერთ-ერთი გათავისუფლებულის საქმეზე, რომელზეც ახლაც მიმდინარეობს სასამართლო დავა, შიდა აუდისტის დასკვნაში მითითებული იყო, რომ ეს ადამიანი ძალიან ბევრს აკეთებდა და მეტსაც, ვიდრე გეგმით იყო გათვალისწინებული. რეკომენდაცია იყო ხელი შეუწყეთო, ბიბლიოთეკებზეა საუბარი, მაგრამ ხელშეწყობის ნაცვლად, გადაწყვიტეს, გაეუქმებინათ საერთოდ ეს საბავშო ბიბლიოთეკა და გაეშვათ თანამშრომლები”, – ამბობს იურისტი. 

ლექსო მერებაშვილს ამჟამად გორის მერიის და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების წინააღმდეგ 5 მიმდინარე სასამართლო დავა აქვს. სასარჩელო მოთხოვნების მიხედვით, ყოფილი თანამშრომლები სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.